საცოდავი იწვა თავის ლოგინში და ფიქრობდა. მთელი ცხოვრება ამ კაცს შეალია...
...მობეზრდა უკვე ასე უაზროდ დგომა, მაგრამ....
საშინლად ცხელა. მზე შუბისტარზეა და პირდაპირ თავის ტვინში ურტყამს მცხუნვარე სხივებს. ამ პაპანაქებაში ქარიც დაპარპაშებს და მთელ მტვერსა და ნაგავს სახეში აყრის საცოდავ ქალს, რომელიც ამ ჭუჭყის, ყოველდღიური "მზის აბაზანების" თუ კიდევ მრავალი რამის გამო, საშინლად გაშავებულა, თვალები ჩასწითლებია.
ძლივსღა დგას, ხან ერთ ფეხს დაეყრდნობა, ხან მეორეს. ასე გაჩერება შეუძლებელი ხდება. ფეხის ტერფებსა და ქუსლებში თითქოს ლურსმნებს ურტყამენ, ისე სტკივა. სუფთად და კოხტად აცვია აქ მდგომთა კვალობაზე, ეტყობა, რომ ახალგაზრდაც უნდა იყოს, ასე, 40 წლამდე, მაგრამ ცხოვრებისეული ტკივილები ზედ ატყვია - ჩანაოჭებული სახე, ამოცვენილი კბილები, უიმედო ღიმილი.
3-4 თვეა აქ დადის, მაგრამ ვერ შეეგუა. ყოველდღე მოადგება "ბარახლოვკას" სავსე ჩანთებით და მუდამ თან სდევს უხერხულობის, კარგა ხანია შელახული თავმოყვარეობის, სირცხვილის, შიშის გრძნობა. გვერდზე მდგომთა ცნობისმოყვარე, ეჭვნარევი მზერის თანხლებით ამოალაგებს "საქონელს" ორ-სამ გაშლილ გაზეთზე - ძველ ტაფებს, ქვაბებს, სათამაშოებს, ტანსაცმელს, წიგნებს... ყველაფერს, რაც სახლში შემორჩენია და რაშიც შეიძლება, რომ თუნდაც კაპიკები აიღოს. დადგება უიმედო სახით და ელის.
ხალხი ბევრი მოდის, სულ სხვადასხვანაირი და სულ ერთმანეთის მსგავსი. რა თქმა უნდა, რაც შეიძლება იაფად, გროშებში უნდათ ყველაფერი, თანაც იწუნებენ, ათას ხარვეზს გამონახავენ, ნახევარი საათი ატრიალებენ ხელში და იმდენს იზამენ, სანამ უკანასკნელ ფასად არ გამოსცინცლავენ საცოდავ ადამიანს თავადაც საცოდავები. ხან კი, გასუქებული, ფაშფაშა ქალი და თავისი გამხდარი ქმარი გამოივლიან, შეათვალიერებენ, მახვილ თვალს წამს მიაპყრობენ ამ ხარახურაში გამორეულ გაჭირვებული კაცის მიერ გამეტებულ უძვირფასეს ნივთებს. მაშინვე ეძგერებიან, მინიმალურ ფასს დაასახელებენ, ივაჭრებენ, ივაჭრებენ, გულს შეუღონებენ, დაემუქრებიან, რომ თავად ყველაზე დიდ ფასს იძლევიან და ამაზე მეტად არც არავინ იყიდის, თუ იყიდის ვინმე საერთოდ... მოკლედ, ბოლოს კაპიკებში გამოსძალავენ, კიდევ რამდენიმე ასეთ ნივთს დაიტაცებენ, მანქანაში ჩატენიან და ჰერი, ჰერი, მშრალი ხიდისკენ - იქ 10-20-მაგ ფასად ყიდიან "ანტიკვარიატს".
მას ამგვარი აღარაფერი დარჩენია. რაც კი ძვირფასი ჰქონდა, უკვე კაი ხანია გაყიდა. თითქმის ორი წელია გადააბიჯა იმ ზღვარს, თავმოყვარეობა და სიამაყე რომ ჰქვია, ქალური სინაზე და დაუცველობა... კარგა ხანია არ ახსენდება, სად გაიზარდა, რა განათლება მიიღო, რა ლამაზი იყო ახალგაზრდობაში... რაც უფრო მეტს იფიქრებს ამაზე, საერთოდ ვერ შეძლებს აქ დგომას, ე.ი. ეს ერთადერთი "გამოსავალიც" მოესპობა და... ახლა უკვე ის მოაქვს, რაც სახლში დარჩენია საერთოდ, რომ პურის ფული მაინც იშოვოს, დამშეულ შვილებთან ხელცარიელი არ დაბრუნდეს და თვალებში შეხედვის არ შერცხვეს, რათა დღედაღამ დივანზე მოკოტრიალე ქმარს უფრო რიხიანად გაუბრაზდეს, ვინ იცის, მერამდენედ, მოუწოდოს, დაემუქროს, გააფრთხილოს და ისევ უშედეგოდ.
თვალი გადაავლო გარშემო მსხდომთ. ცრემლი მოერია. ახლა, როცა თვითონ სულ ცოტა მაინც გააკეთა, ყველა შეეცოდა. საცოდავი თამარა ბაბოც, გულის ამაჩუყებლად რომ ტიროდა, უკან დასაბრუნებელი გზის ფულიც არ მაქვსო, კოჭლი თინაც, გადახლეჩილი ფეხსაცმელები რომ გამოეტანა, არავინ რომ ზედ არ უყურებდა, მაწანწალა კაცი, ძაღლთან ერთად რომ იწვა და ამ საცოდავი ხალხისგან რომ ელოდა მოწყალებას... ცოტა მეტი რომ ჰქონოდა თვითონ და სახლში დამშეული შვილები არ ჰყოლოდა, სულ კაპიკ-კაპიკ დაარიგებდა ამ ფულს, თუმცა ვის ეყოფოდა...
აქ თითქოს ერთად შეკრებილა ყველა გაჭირვებული, ყველა ასაკის, განათლების, გვარის, ეროვნების...
ერთი დიდი ბაზრის ტერიტორიაზე, ზედ მიწაზე, უამრავ ხალხს გაფენილი აქვს თავისი "სიმდიდრე", უკანასკნელი იმედი, უკანასკნელი ლუკმა, ცხოვრება... სხედან უკვე აღარც სევდიანი, აღარც მოწყენილი, ან საცოდავი, უბრალოდ, უკვე არაფრისმთქმელი, გაბოროტებული სახეებით. ყველა გამვლელს მოწყალედ უყურებენ და შიშით ახსენდებათ, დღის ბოლო რომ ახლოვდება და სახლში რომ უნდა გაეშურონ, სახლში, რომელიც ამ ცნებაში გაერთიანებულ მნიშვნელობას მხოლოდ ოთხი კედლითა და ჭერითღა თუ პასუხობს. თორემ იქ ყველაფერი გაყიდულია, ყველაფერი მუცელში ჩასულა პურის, მარტოდენ ხმელი პურის სახით. სახლში, სადაც მშიერი შვილები, დედები, ქმრები, ცოლები, ნათესავები ელიან და სადაც ძალიან ხშირად დარცხვენილები და განადგურებულნი ბრუნდებიან, რომ იმ დღეს ერთი პურის ფულიც ვერ იშოვეს.
გამოუტანიათ ყველაფერი, ძველი, გადაგლეჯილი ფეხსაცმელები, მძივები, ღილები, ძაფები, ნაჭრები, სათამაშოები, გაფუჭებული საათები, ჩაქუჩები, ჩანთები... ყველაფერი, რაც დარჩათ. წარმოიდგინეთ, ასეთ "ჩაწოლილ" საქონელსაც ჰყავს თავისი მყიდველი - ისევ ერთი საცოდავი, ან იქვე მოვაჭრე, რომელმაც დღეს ცოტა მეტი ივაჭრა, პურის ფულიც გააკეთა, კიტრიც იყიდა და ერთი 50 თეთრიც დარჩა "სავაჭროდ"...
ქალი კი განერვიულებული, მოთენთილი, საცოდავი იწვა თავის ლოგინში და ფიქრობდა.
მთელი ცხოვრება ამ კაცს შეალია. როგორ უყვარდა, როგორ აღმერთებდა. მერე კი რა შერჩა - ღალატი, ქალები, ძმაკაცები, ლოთობა, ღამის საშინელი სცენები, ჩხუბი, ვალები, დამსხვრეული ცხოვრება, საცოდავი ბავშვები - ნუთუ შეეძლო ყოველივე ეს ეპატიებინა? არა, და ვერც ვერასდროს აპატიებდა.
მერე გაახსენდა ხვალინდელი დღე. ბორგავდა, ტრიალებდა, იგონებდა, რა შეიძლებოდა წაეღო, რა გაეყიდა. არ იქნებოდა ხვალ, ზეგ, რა მომავალი ელოდათ მის ბავშვებს, ცხოვრებაწართმეულ ბავშვებს...
ჩაეძინა.
ლელა ზურებიანი