ვინ იხსნა სასოწარკვეთილი სიყვარული? დიდი ხნის წინათ დედამიწაზე იყო ერთი კუნძული, რომელზეც თურმე ყველა სულიერი ფასეულობა ცხოვრობდა. მაგრამ ერთხელაც შეამჩნიეს, რომ კუნძულმა დაიწია და წყალში დაიწყო ჩაძირვა. ყველა ფასეულობა თავ-თავის გემში მოთავსდა და გაცურა. კუნძულზე მხოლოდ სიყვარული დარჩა. ის უკანასკნელ წუთამდე ელოდა... მაგრამ როცა ლოდინსაც აღარ დაეკარგა აზრი, მასაც მოუნდა კუნძულის დატოვება.
უხმო სიმდიდრეს და სთხოვა, შენს გემზე ამიყვანეო, მაგრამ სიმდიდრემ უპასუხა:
- ჩემს გემზე ბევრი ძვირფასეულობა და ოქროა, შენი ადგილი არ არის.
როცა ნაღველის გემმა ჩაიარა, სიყვარულმა ახლა მას სთხოვა შველა. ნაღველმა მიუგო:
- მაპატიე, სიყვარულო, მე იმდენად ნაღვლიანი ვარ, რომ ყოველთვის მარტო უნდა ვიყო.
სიყვარულმა ახლა სიამაყის გემი დაინახა და მას სთხოვა დახმარება, მაგრამ სიამაყემ მიუგო, რომ სიყვარული მას ჰარმონიას დაურღვევდა გემზე.
სიხარულმაც გაინავარდა გვერდით, მაგრამ ისე იყო დაკავებული თავისი მხიარულებით, ვერც კი გაიგონა სიყვარულის ხმა.
სიყვარულს მთლად სასო წარეკვეთა... მაგრამ უცებ უკნიდან შემოესმა:
- წამოდი, სიყვარულო, მე წაგიყვან.
სიყვარულმა მოიხედა და უხუცესი დაინახა. მოხუცმა ხმელეთზე გაიყვანა და თავად კვლავ გაცურა.
სიყვარული უცებ მოეგო გონს - მას ხომ სახელიც არ უკითხავს მხსნელისთვის. შემეცნებას მიმართა:
- მითხარი, შემეცნებავ, ვინ მიხსნა? ვინ იყო ეს მოხუცი?
შემეცნებამ სიყვარულს შეხედა:
- ეს დრო იყო.
- დრო? - შეუბრუნა შეკითხვა სიყვარულმა, - კი მაგრამ, მან რატომ გადამარჩინა?
შემეცნებამ ისევ მიაპყრო თვალები სიყვარულს, მერე კი იქით გაიხედა, საითაც მოხუცმა გაცურა, და თქვა:
- იმიტომ, რომ მხოლოდ დრომ იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ცხოვრებაში სიყვარული.
ასევე იხილეთ: