რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პატარების ცხოვრებაში? იმ ავად სახსენებელ წელს ძალიან გვიჭირდა. შობა ახლოვდებოდა, ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდით, კაპიკებს ვითვლიდით...
- წელს ძალიან მოკრძალებული ზეიმი გვექნება, - ხვნეშით ვამცნე შვილებს.
- რა თქმა უნდა, დედა, გვესმის... ისე, როგორც შარშან, - ნაღვლიანად დამიქნიეს თავები ბავშვებმა.
ცოტა ხნის წინ განქორწინების პროცესი დავამთავრე, რომელმაც უსახსროდ დამტოვა და სახლკარიც აღარ შემარჩინა. გული მეწურებოდა, რომ ბავშვებს ნორმალურ ზეიმს ვერ მოვუწყობდი. სამი ბინა გამოვიცვალეთ, უკვე ისე ვიყავი, არაფრის იმედი აღარ მქონდა. მაგრამ ძალიან მინდოდა, მიუხედავად ყველაფრისა, ეს შობა მათ მაინც თბილ და კეთილ მოგონებად დარჩენოდათ.
ყველაზე მეტად ლიზა განიცდიდა ჩვენი არამყუდრო ბინის გამო. ყოფილ ქმარს შევუთანხმდი, რომ ლიზასთვის საწოლის ახალი გადასაფარებელი ეყიდა, მე ზეწრები ვიყიდე. ბაზრობაზე ფერადი ქაღალდები და საღებავები შევიძინე, ასევე ლამაზი კონვერტები. ოთხივე შვილს დავურიგე კონვერტები, თითოს – სამი ცალი და ვთხოვე, რომ ყველას სათითაოდ დაეწერა თემაზე "რა მიყვარს ჩემს დაში ან ძმაში". სამივე დედ-მამიშვილზე უნდა დაეწერათ და ცალკე კონვერტში ჩაედოთ. ხომ ყველას ჰქონდა ერთი კარგი თვისება მაინც, რისთვისაც ღირსნი იყვნენ სიყვარულის.
კონვერტები დავაწებეთ, გავალამაზეთ და დასაძინებლად წავედით. ლიზა ჩემთან დავიწვინე და დავპირდი, რომ დილამდე ფეხს არ გავადგამდი ჩემი ოთახიდან. თუმცა მთელი ღამე არ მძინებია – ფერადი ფარდები შევკერე, კედლებზე ქაღალდები მივაწებე – ცისარტყელები და ღრუბლები, გავაფერადე, მოვხატე და გავალამაზე. დილის 5 საათზე დავამთავრე და მძინარე ლიზა თავის საძინებელში გადავაწვინე.
დილით ჩურჩულმა გამაღვიძა:
- დედიკო, რა ლამაზია!
მოგვიანებით, უკვე ნაძვის ხესთან მისულებს, სათითაოდ დავურიგე საჩუქრები და მათთვის განკუთვნილი კონვერტები. როცა და-ძმების აღიარებებს კითხულობდნენ, ისე აღელდნენ, ცრემლებით აევსოთ თვალები. ყველაზე მეტად ერიკი იყო გაოგნებული, პატარა ონავარი, რომელიც ხშირად იღებდა მუჯლუგუნებს და-ძმისგან ცუდი საქციელის გამო.
კრისმა დაუწერა: "ერიკი იმიტომ მიყვარს, რომ ძალიან მამაცია".
მიამ დაწერა, რომ ერიკი ყველაზე კომუნიკაბელურია ოჯახში, ლიზამ კი იმისთვის შეაქო, რომ მოხერხებულად დაცოცავდა ხეებზე.
- დედიკო, - თქვა გაოგნებულმა ერიკმა, - არც კი ვიცოდი, რომ თურმე ასე ვუყვარდი ყველას!
ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ამქვეყნად ერთმანეთის დაფასებაა, უნარი, გაახარო გვერდით მყოფი ადამიანი და პატარ-პატარა სიურპრიზები აჩუქო.
ახლა მყარად ვდგავარ ფეხზე და ოჯახსაც ვუზრუნველყოფ. არაერთი გრანდიოზული და ლამაზი დღესასწაული გვქონია ცხოვრებაში, მაგრამ თუ ჰკითხავთ ბავშვებს, რომელი შობა დაამახსოვრდათ ყველაზე უკეთ, გიპასუხებენ:
- როცა კონვერტები მივიღეთ!
შერილ ნიკოლსონი (წიგნიდან "წამალი ქალის სულისთვის")