ერთხელ მწარედაც იხუმრა: მე რომ მოვკვდები, შენ ახალ ცოლს მოიყვანო... 18 მაისი ნანა თოიძის დაბადების დღე იყო - ბატონი გელა ჩარკვიანის მეუღლის და ირაკლი ჩარკვიანის დედის. გარდაცვლილი მეუღლის დაბადების დღეს ბატონმა გელამ ეს ემოციური პოსტი გაავრცელა თავის გვერდზე:
„ნამდვილი სიყვარული ქრონიკული დაავადებაა. ის მართლა არ იკურნება“.
„ბოდიში მაქვს მოსახდელი იმაზე, რომ ნანასთან ურთიერთობისას სიტყვით არასდროს გამოვხატავდი იმ ყოვლისმომცველ გრძნობას, რომელიც მასთან მაკავშირებდა; იმ სითბოს, მთელს სხეულში რომ დამივლიდა მისი სახელის ხსენებისას, ან მისი სახის გონებაში წარმოსახვისას სადმე, შორეული ქვეყნის სასტუმროს ნომერში.
ვიცი, ნანამ იცოდა, რომ ძალიან მიყვარდა, მაგრამ ბოლო წლებში, როცა არაერთმა სენმა შემოუტია და დაუხმარებლად მარტივი, ყოველდღიური ყოფითი ამოცანების გადაჭრასაც ძნელად ახერხებდა, ეჭვები გაუჩნდა. ერთხელ მწარედაც იხუმრა: მე რომ მოვკვდები, შენ ახალ ცოლს მოიყვანო. ყოველ ღამე, როცა ჩემგან განსხვავებით, ნანას მშვიდად ეძინა, ჩემს თავს ფიცს აღვუთქვამდი, რომ ხვალ, ჩვენი, უკვე ტრადიციად ქცეული ლანჩის შემდეგ, რომლისთვისაც კერძს მე ვამზადებდი და სუფრასაც მე ვაწყობდი, დავსვამდი ნანას მის ძველებურ სავარძელში და იმ იდიოტური მამაკაცური შეცბუნების გარეშე, გულწრფელად აღვუწერდი ჩემს ჭეშმარიტ გრძნობას. ძველებურად მოვეფერებოდი და გავუფანტავდი ყველა ეჭვს. ეს „ხვალ“ არასდროს დადგა...
ყველაზე დიდი ბოდიში ნანას იმისთვის უნდა მოვუხადო, რომ მოვესწარი მის სიკვდილს და დღესაც განვაგრძობ ცხოვრებას – იმავე დროს ვდგები, ვსაუზმობ, ვსადილობ, იმავე დროს ვიძინებ. თუმცა ვალიუმის აბს აღარ ვუყოფ, მთლიანად მე ვიღებ. მართალია, სიტყვით ჩვენ არასდროს შევპირებივართ ერთმანეთს, არ აგვიღია ვალდებულება, მოგვეკლა თავი მეორის სიკვდილის გამო, მაგრამ ჩვენი გრძნობის სიმძაფრე, ვფიქრობ, ამას თავისთავად გულისხმობდა... ეს აზრი მოსვენებას არ მაძლევს, განსაკუთრებით, როცა ღამდება და მარტო ვრჩები. ცოცხლად დარჩენილების მიმართ პასუხისმგებლობას ვიმიზეზებ და მომაკვდინებელი ორმოცი აბის ნაცვლად, ერთს ვიღებ, იმისათვის, რომ ჩამეძინოს და სადღაც გარიჟრაჟზე ნანა დამესიზმროს..."
„...ნანა სფინქსი იყო და, ალბათ, სულის რომელიმე ღრმა სამალავში ჰქონდა საიდუმლოება, რომელიც თან გაიყოლა. ეს აზრი არ მასვენებს და ისღა დამრჩენია, ვიოცნებო, რომ ოდესმე, უკვე იქ, უფრო მაღალი რიგის რეალობაში, კიდევ შევეხები მას, თუკი ჩვენ, მოკვდავებს იმ რეალობაზე ხელი მართლაც მიგვიწვდება. მაგრამ, თუ ჩვენი საყვარელი სიყრმისშვილის, ირაკლის არ იყოს, ვართ უბრალოდ „მიგდებულები დარვინის ანაბარა“, მაშინ ჩემს მბჟუტავ სასოებას უმოწყალოდ წაშლის და შეენაცვლება ადამიანური ლექსიკონის ყველაზე დაუნდობელი და შემზარავი სიტყვა – „არასდროს“.
(ჩანაწერების წიგნიდან – „ნაგერალა“)