მე ამისთვის არ დამჭირდება არც დედა, არც მამა, არც კაცი და საერთოდ არც არავინ ჩემი დამოუკიდებლობის აქტი (ალტერნატიული 26 მაისი)
ეძღვნება მშიშარა ქალებს
და დღეიდან გაჩერდეს ყველა მაღვიძარა, რომელიც ხელს უშლის ჩემს დამოუკიდებლად გაღვიძებას.
გაქრეს შიში, რომ ვერ გავიგებ მაღვიძარის ხმას და დამეძინება...
და მერე დამაგვიანდება სამსახურში, რომლის დაკარგვის შემთხვევაში, შიმშილით სული გამძვრება,
ვეღარ ვუყიდი გოგოს კაბას, კაცს შარვალს,
და საკუთარ თავს რა ვიცი, რამეს.
გაქრეს შიში, რომ დამოუკიდებლად ვერ ვიცოცხლებ,
რომ თუკი ერთ დღეს კაცი წავა, მარტოობისგან ისევ და ისევ სული გამძვრება.
და გაქრეს შიში, რომ დამოუკიდებლად ვერ ამოვზიდან კიბეებზე მაგალითად ხუთ კილო ატამს და მე ამისთვის კაცი მჭირდება.
და გაქრეს დარდი, რომ დამოუკიდებლად ვერ მოვამზადებ გემრიელ წვნიანს და მე ამისთვის აუცილებლად დედა მჭირდება,
იმიტომ, რომ ვერ გავარჩევ ერთმანეთისგან კამას და ქონდარს.
და გაქრეს სევდა, რომ დამოუკიდებლად ბნელ ოთახში ვერ მივაგნებ დაკარგულ წინდას და მე ამისთვის უსათუოდ ვინმე მჭირდება.
და გაქრეს შიში, დარდი და სევდა, რომ ჩემი კანი ნელ-ნელა ჭკნება
და ამის გამო მარტო დავრჩები
და თუკი მართლა მარტო დავრჩები,
მოვკვდები.
და თუ მოვკვდები,
პირობას ვდებ, ვფიცავ ყველაფერს, რაც გამაჩნია,
რომ მე შევძლებ მოვკვდე დამოუკიდებლად და მე ამისთვის არ დამჭირდება არც დედა, არც მამა, არც კაცი და საერთოდ არც არავინ.
და დღეიდან გაჩერდეს ყველა მაღვიძარა,
იმიტომ, რომ მე დამოუკიდებელი ქალი ვარ
და სულ არ მჭირდება მაღვიძარა,
იმისათვის, რომ დილით 8-ზე, ჩაიდანი ქურაზე შევდგა.
ნინო თარხნიშვილი