დედამიწაზე ვერასდროს ვერაფერი ვერ დაგაშორებთ ერთმანეთს - გაუზიარეთ ეს იგავი ყველა დედას!
ახალგაზრდა დედას ხელში თავისი პირმშო უჭირავს, უღიმის და ფიქრობს: „ნეტავ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ბედნიერება?“
ანგელოზმა უთხრა: “დედობის გზა გრძელი და რთულია. შენ დაბერდები, სანამ ამ გზის ბოლოში გახვალ. მაგრამ გახსოვდეს: ბოლო უკეთესი იქნება, ვიდრე დასაწყისი“.
ახალგაზრდა დედა ძალიან ბედნიერი იყო და ვერ წარმოედგინა, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამ წლებზე უკეთესი.
იგი ეთამაშებოდა თავის შვილებს, გზად უკრეფდა ყვავილებს, აბანავებდა კრიალა წყაროს წყალში, მზე მხურვალედ ანათებდა ზევიდან.
ახალგაზრდა დედამ თქვა: “არაფერი შეიძლება იყოს უკეთესი, ვიდრე ეს ბედნიერი დრო!“
როდესაც დაღამდა, ქარიშხალი ამოვარდა. ბავშვები შიშისაგან კანკალებდნენ და დედას ეხუტებოდნენ. დედამ ორივე გულში ჩაიკრა და თავისი საბანი დაახურა... ბავშვებმა უთხრეს: “დედა, ჩვენ არაფრის არ გვეშინია, რადგან შენ ჩვენ გვერდით ხარ - არაფერი ცუდი არ მოხდება.“
როდესაც გათენდა, მათ დაინახეს მთა. ბავშვებმა დაიწყეს მთაზე ასვლა და დაიღალნენ. დედაც დაიღალა, მაგრამ სულ ეუბნებოდა ბავშვებს: “მოითმინეთ, ცოტაც და ავალთ“. როდესაც მთის წვერში ავიდნენ, ბავშვებმა უთხრეს დედას: “-დედა, ჩვენ ვერ გავაკეთებდით ამას უშენოდ!“
როდესაც დედა დაწვა დასაძინებლად, ვარსკვლავებს შეხედა და თქვა: “დღევანდელი დღე გუშინდელზე უკეთესი იყო. ჩემი ბავშვები პირისპირ შეხვდნენ სიძნელეს. გუშინ მე მივეცი მათ გამბედაობა, დღეს კი - ძალა.“
შემდეგ დღეს ცაზე უცნაური ღრუბლები გამოჩნდა, დედამიწა დაფარა. ეს იყო ომის, სიბოროტის და სიძულვილის ღრუბლები. ბავშვები ეძებდნენ დედას და როცა იპოვეს, დედამ უთხრა მათ: “აიხედეთ ზევით, სინათლისკენ“. ბავშვებმა აიხედეს და შავი ღუბლების ზევით მარადიული სამყაროს შემომქმედი დაინახეს, რომელმაც ისინი სიბნელიდან გამოიყვანა. იმ ღამით დედამ თქვა: “დღევანდელი დღე იყო განსაკუთრებული, რადგან მე მათ ვაჩვენე ღმერთი“.
გადიოდა დღეები, კვირები, თვეები, წლები. დედა დაბერდა და წელში მოიხარა... მისი შვილები მაღლები და ძლიერები იყვნენ და გაბედულად მიაბიჯებდნენ ცხოვრების გზაზე. გზა გრძელდებოდა და რთულდებოდა. ბიჭებმა ხელში აიყვანეს დედა და ისე განაგრძეს სვლა. ის ბუმბულივით მსუბუქი იყო... მთაზე ავიდნენ. ნათელი გზა დაინახეს და ფართოდ გაღებული ოქროს ჭიშკარი.
დედამ თქვა: “მე მივაღწიე ჩემი გზის დასასრულს. ახლა ვიცი, რომ ბოლო უკეთესია, ვიდრე დასაწყისი, რადგან ჩემმა შვილებმა ისწავლეს დამოუკიდებლად სიარული, მათი შვილები კი მათ გაჰყვებიან".
შვილებმა უთხრეს: “დედა, შენ მუდამ ჩვენთან იქნები. მაშინაც კი, როცა ამ ჭიშკარში შეხვალ“.
ისინი იდგნენ და უყურებდნენ, როგორ შევიდა დედა დიდ ჭიშკარში და როგორ დაიხურა მძიმე კარები. მაშინ მათ თქვეს: “ჩვენ ვეღარ ვხედავთ დედას, მაგრამ ის ყოველთვის ჩვენთან ერთად იქნება. ის მუდამ მეტი იქნება, ვიდრე ხსოვნა...“
დედა მუდამ თქვენ გვერდით იქნება... ის ფოთლების შრიალშია - როდესაც ქუჩაში მიდიხართ; ის გრილი ხელია თქვენს შუბლზე მოდებული - როდესაც ცუდად ხართ. თქვენი დედა ცოცხლობს თქვენს სიცილში... ის რუკაა, რომლის მეშვეობითაც ყოველდღე დადიხართ. ის თქვენი პირველი სიყვარული და პირველი სევდაა. დედამიწაზე ვერასდროს ვერაფერი ვერ დაგაშორებთ ერთმანეთს, სიკვდილიც კი!