შეჰყურებს და ვერ იგებს, რატომ აცვიათ მუხლებსა და ბარძაყებზე გამოხეული ჯინსები - თითქოს არა შიათ, არა სწყურიათ, ამის გაჭირვება არა აქვთ
„სიკვდილამდე ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა“...
შოთა რუსთაველი
უკვე ას წელს ითვლიდა; კარგა ხანია, უმეტეს დროს საწოლში ატარებდა; ჯოხზე დაყრდნობილი, ოთახებშიღა ახერხებდა ფრატუნს, ისიც ცოტა ხნით - მალე იღლებოდა... ლოტკინის გორაზე, თავის აშენებულ სახლში ბევრნი ირეოდნენ, განსაკუთრებით მოზარდები - ღმერთმა ამრავლოთ!.. ზოგს ვერც კი სცნობდა, მაგრამ ამაზე აღარ დარდობდა... ოთხი შვილიდან შემორჩენილ ორ შვილს - ყველასგან გამოარჩევდა, ერთი სამოცდათვრამეტისა იყო, მეორე - სამოცდათერთმეტისა... დედასა ჰგავდნენ, რუსუდანს; მასავით საშუალოზე მაღლები, ღიმილიანდალოცვილები იყვნენ...
- ეჰ, ნეტა იმ დროს! რუსიკო რომ მოეწონა, ძილი რომ დაუფრთხა და დღე და ღამ, უბნის ინსპექტორივით, სულ იმათ სახლთან ტრიალებდა... - სიყვარული? იყო, ჰქონდათ, ოღონდ საკუთარი, მათებური... იმას, რასაც დიდი ტელევიზორის ეკრანზე ხედავს, თამაშად და უცხოდ ეჩვენება; სიყვარულისა აბა, რა სცხიათ?! ეგ არის, კარგად არიან გაწაფულები ხვევნასა და ლოშნაში... ახლა ჩასაცმელი? რასა ჰგვანან... საკუთარ ბადიშებს შეჰყურებს და ვერ იგებს, რატომ აცვიათ მუხლებსა და ბარძაყებზე გამოხეული ჯინსები - თითქოს არა შიათ, არა სწყურიათ, ამის გაჭირვება არა აქვთ.... ერთ-ერთმა რაღაც მიუკიბ-მოუკიბა, თავმომწონედ აუხსნა - მოდაშიაო და ამდენი და ამდენი ღირსო!..
იმ დღეს ერთი ჟურნალისტი მოვიდა - ინტერვიუს ჩასაწერად, იმასაც ასეთივე ფარღალალა შარვალი ეცვა?!. დაუჯდა წინ და კითხვებით გაასავათა; პასუხებს, როგორც შეეძლო, სცემდა, მაგრამ მაინც რაღაცნაირად მორიდებით - იმ დროში დაბადებულ-გაზრდილისათვის, სამშობლო თქვენთვის რა იყოო? - აბა, ეს კითხვაა?! სამშობლო რომ „ერთია ქვეყანაზედა“, ამას კითხვა უნდა?! ანდა, ჩვენი ტრადიციები რომ ჩვენია და მოფრთხილება სჭირდება, განა ეს საკითხავია?!. მამაპაპეული, ორნამენტებით დამშვენებული ვერცხლის ხანჯალი თავისკენ, - ლეიბის ქვეშა აქვს ამოდებული!.. უცნაურობად უთვლიან, თუმცა ვერავინ უბედავს იქიდან მის აღებას; იციან, ამას რა ამბავიც მოჰყვება; ასე უნდა და მორჩა! - რად უნდა? გარკვეული პასუხი არა აქვს... ვითომ, თავს იცავს? მაგრამ, ვისგან ან რისგან?! არაა! მასში სამშობლოს წარსულს, წინაპრებს, სიამაყესა და თავის კაცობას ხედავს...
შიგადაშიგ, როცა ფეხზეა, ბალიშებს გვერდზე გადააწყობს, ლეიბის თავს ასწევს, ხანჯალს სათუთად აიღებს, ხელში შეატრიალ-შემოატრიალებს, მოეფერება და ისევ თავის ადგილზე დაასვენებს...
გარშემო მყოფები თავს ევლებოდნენ, მაგრამ რა - აღარ იცოდა, უნდოდა თუ არა ეს გადაჭარბებული ყურადღება, ადამიანური მიეთმოეთი... ყოველ კვირა თუ არა, ორ კვირაში ერთხელ მაინც, ბანაობა გამოწერილი ჰქონდა; რა დიდი ომის გადახდა და რა ბანაობა?!.. დასძახებდა თუ არა არჩილა ომახიანად: - მამი, რა გუნებას ეკითხები? არ იცი, რომ საჭირო და აუცილებელია?! აბა, რამენაირად მოინდომე, ცოტა შეწუხდი და ჩვენც შეგვიწყე ხელი, ჩვენც ცოდონი ვართ; სად გაგონილა ამაზე „არ მინდას“ ძახილი?!. - დაა, საკითხიც დადებითად გადაწყდებოდა; დარეკავდნენ იმასთან, იმასთან - რა, სირანასთან, და ისიც ნახევარ საათში იმათ ჭიშკართან იდგა თავისი მოყვითალო ჩანთითა და დალოცვილ მკერდზე ქარვის მძივითა... იმის დანახვა და ხასიათის გაფუჭება ერთი იყო!.. - შვილები დიდის ამბით შეიყვანდნენ აბაზანაში; მერე სირანა მკლავებს დაიკაპიწებდა, ჯანიანად შეუდგებოდა ზურგისა და ტანის ხეხვას... თავზე ხო - ისე უსვამდა ხელებს, რომ ლამის კუნძული ყველასთვის ძირს აგდებინებდა... ისე სწრაფად ამშრალებდა, რომ ნეკნები სტკიოდა... ისევ დიდის ამბით გამოიყვანდნენ და საძინებელ ოთახში შეაბრძანებდნენ...
ჭამითაც... - ჭამდა, ხან ზედმეტი ხვეწნა-მუდარის გამო, ხანაც აუცილებლობა ააღებინებდა ხოლმე ხელში კოვზსა და ჩანგალს... ამას ხომ ჭამა არ ერქვა, იცმუცნებოდა რა „ბებრულად“! - პროთეზი? რა სათქმელია, გერმანული ჰქონდა! - შვილები თავს იწონებდნენ თავიანთი „მარიფათობით“...
გერონტი მიუხვდა გულის წადილს და რამდენიმე წლის წინ ერთი კარგი რადიო დაუდგა, სხვადასხვა არხს იჭერდა! ისე დაუმეგობრდა, რომ მის გარეშე ვეღარა ძლებდა; განსაკუთრებით მუსიკალური გადაცემები მოსწონდა... სიმღერა უყვარდა, სმენაცა ჰქონდა და სასიამოვნო მეორე ხმაც, მისი კერპი ჰამლეტ გონაშვილი იყო... „დაიგვიანეს, ჯერ არსად ჩანან“... - გამორჩეულად უყვარდა; პირველივე წუთიდანვე, ტანში ენით გამოუთქმელი ჟრუანტელი დაუვლიდა... სხვანაირი სიმღერებიც მოსწონდა, რაღაც სიტყვებიც ჰქონდა დამახსოვრებული და ხანდახან, როცა ხასიათზე იყო, წაიღიღინებდა ხოლმე...
თვალზე ცრემლმომდგარი ისმენდა: აკაკის, გალაკტიონის, გოგლას... უშანგის ვერიკოს, ეროსის... ხმას; ვანო სარაჯიშვილის, დათკა გამრეკელის, დავით ანდღულაძის შესრულებულ საოპერო არიებს...
ერთიმეორეზე აკოკოლავებულ ბალიშებზე მისვენებულს ერთადერთი საფიქრალი ჰქონდა: - სად და როგორ გაეპარა ცხოვრება?! ასე ადვილი იყო ამის დადგენა?!. მეხსიერებას ხშირად უწყობდა გამოცდას, ფიქრით ხან რას გადასწვდებოდა და ხან რას; ნათლად ახსოვდა მშობლები, და-ძმები... დედა - ლამაზი, გულკეთილი, კარგი მოქართულე, მეოჯახე - ისეთ გემრიელ საჭმელებსა და ნამცხვრებს ამზადებდა, ჭამით ვერ გაძღებოდი!.. ხშირად უჯდა ზინგერის ფირმის საკერავ მანქანას და ქმარ-შვილს სიყვარულით უკერავდა შარვლებს, ბლუზებს, კაბებს... შაბათ-კვირას მამის მეგობრები მოდიოდნენ; თამაშობდნენ ნარდს, საუბრობდნენ ნანახ სპექტაკლებზე, წაკითხულზე... რამდენიმე ჭიქა „რქაწითელსაც“ გადაჰკრავდნენ; გიტარაზე „დები იშხნელების“ უცვლელ რეპერტუარს დაამღერებდნენ... შეზარხოშებულები, შეღამებულზე დაიშლებოდნენ... თავადაც მამასავით იქცეოდა. მოიცლიდა თუ არა, რუსუდანი ბავშვებს გამოპრანჭავდა და - სულ სიცილ-კისკისით ჩაივლიდნენ ვარაზისხევს... აუყვებოდნენ ცირკის კიბეებს, შევიდოდნენ გაჩირაღდნებულ დარბაზში და გულისფანცქალით შეჰყურებდნენ ჰაერში მოქანავე მამაც აკრობატებს, ცხენებზე მოჯირითეებს... გაწვრთნილ ძაღლებსა და დათვებს...
ერთხელ ლომი და ვეფხვიც ნახეს... ახსოვს... შიმშილი, გაჭირვება, შიშიანობა - ჩურჩულით საუბრები... დამთავრებული ომით გამოწვეული სიხარული... სტამბის თანამშრომლებთან ერთად შვიდი ნოემბრისა და პირველი მაისის დემონსტრაციებზე გასვლა და სამთავრობო ტრიბუნისკენ გაღიმებული „ვაშას“! - შეძახილი... თბილისის 1500 წლისთავისადმი მიძღვნილი გრანდიოზული ზეიმი... გაგარინის კოსმოსში გაფრენა... სკოლის ეზო და ქართულის მასწავლებელი... პირველი შვილის დაბადებით გამოწვეული სიამაყე... მაშინ რუსიკოს მშობლებთან ცხოვრობდნენ; ახსოვს, ქუჩის ბოლოში - შინსახკომელებს დაედოთ ბინა: რუხაძეს, რაფავასა და სხვებს... მათი ეზოს ალაყაფს სპეციალური დაცვა იცავდა, შიგნით ვინ შეგიშვებდა?!. იქ შეღწევა მხოლოდ ერთხელ შეძლო, - ვარდის ბუჩქებისა და კვიპაროსების ბაღნარში მკვიდრად ნაგები, სვეტებით დამშვენებული სამსართულიანი საცხოვრებელი შენობა იდგა; თუ ხელმარჯვნივ წახვიდოდი, ლამაზ ნაძვნარში მოხვდებოდი, რომლის სიღრმეშიც თეთრად ანათებდა გადახურული ფანჩატური... იყო სიმყუდროვე და რაღაცნაირი იდუმალება; ტერიტორია აგურის მაღალი გალავნით იყო გარშემორტყმული... ჩინოსნები ფეხით არ დადიოდნენ - დილა-საღამოს მძღოლები, შეძლებისდაგვარად, უხმაუროდ მიასრიალებდნენ- იმდროისათვის გამორჩეულ „ზიმის“ მარკის მანქანებს... მათ ეზო-კარს ყველანი „რუხაძის ეზოს“ ეძახდნენ, ამას კრძალვითა და თან რაღაცნაირი მოგუდული ხმით ამბობდნენ...
- ეჰ, წავიდა, ყველაფერი სადღაც წავიდა, რძისფერ ბურუსს შეერია და წავიდა... რამდენიმე თვეში ერთხელ „ბილობილს“ ასმევდნენ, ალბათ ისიც, რაც ახსოვდა, ამის ბრალი თუ იყო?!.. - რად გინდა ხმის გამცემი, დამლაპარაკებელი, თავისი ტოლი და სწორი აღარა ჰყავდა; ყველანი, რახანია, უკვე იქით, გაღმა გასულიყვნენ მარილზე... რამდენჯერ უსურვებიათ დღეგრძელობა და დიდხანს სიცოცხლე... წლები გავიდა, დღეგრძელად ითვლება, მაგრამ რასა და ვის მოახმაროს?!... მისმა რიგმა ვერა 28 და ვერ მოაღწია... სულ ახსოვდა - სიკვდილი ვალია, უნდა მოიხადო... უნდოდა, მართლა უნდოდა, ამ ვალის მოხდა... კარგად იცოდა, რომ ვალის შერჩენა, რისიც გინდა, არაკაცობაა!
ბოლოს, შვიდი წლის წინ იყო, შინაურები ძალიან რომ შეაშინა... შვილიშვილმა, დემნამ, სასულიერო აკადემიაში რომ ასწავლიდა, მოუყვანა მამა იოსები; იმან აზიარა, დალოცა და ჯანის სიმრთელე უსურვა, მას მერე ავადობის მხრიდან, პატარ-პატარა „გამოხტომები“ იყო; მალევე დაასევდნენ ექიმებს და ყველაფერი ისევ თავის კალაპოტში დგებოდა... რახანია მობეზრდა ცხოვრებისეული ფაციფუცი... პირი იქითა აქვს, გაუგებრობაშია ჩავარდნილი, სიკვდილ-სიცოცხლის გაუგებრობაში...
„სიბერე სიკვდილით გარშემორტყმული კუნძულიაო“... - შეიძლება ამაზე კარგადაც უთქვამს ვინმეს, მაგრამ წლებია ესა აქვს აკვიატებული!.. რამდენჯერ უცდია ეს კუნძული წარმოედგინა, თუმცა უშედეგოდ; სხვადასხვა წარმოსახვა მუდმივად ერთმანეთში ერეოდა და აქეთ-იქით ფეტვის მარცვლებივით ეფანტებოდა... ახლაც, ბინაში ჩამოვარდნილი სიწყნარით ისარგებლა და თვალები მილულა, გონება დაძაბა... თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ, ჟანგისფერი სივრცის ცენტრში ამობურცულმა კუნძულმა ნელ-ნელა ამოტივტივება დაიწყო... კარგად რომ დააკვირდა, ექსტაზის ფერხულში ჩაბმული დეფორმირებული მაჯლაჯუნები დაინახა - კიბო, ტუბერკულოზი, ინფარქტი, დიაბეტი, ლეიკემია...
სხვები და სხვები; მათი კლოუნადა ამაზრზენი და გულისამრევი იყო; ამ უგულოებთან თხოვნა, მუდარა არასოდეს ჭრიდა... ჯერჯერობით ვერცერთი ვერ მორეოდა... რა უნდოდა ამ სიბილწეში „პარასკევას“ ტყუილა ეძებდა?!.. წიგნის ფურცლებს შეფარებული, ახალი მკითხველის მოლოდინში ნებიერად გადაწოლილიყო რობინზონ კრუზოს მოწნული ლიანების ჰამაკში... ყვითელი სივრცე წითელ-ყავისფერი მასის შენარევით დამძიმებულიყო... სადღაც, მარცხენა მხრის ჩაღრმავებიდან ორთქლის ხვეულები სანახაობას აბუნტებდნენ; მოულოდნელად ამტყდარი ქარი თეთრი ქულების ცხელ ფანტელებს აქეთ-იქით მიერეკებოდა... მოხუცი ოდნავ შეირხა, შეეცადა, ისე დაეჭირა სხეული, რომ კუნძულისთვის ზემოდან დაეხედა - მოახერხა!.. - სიბერემ, მისი სახით, ქვემოდან ამოხედა; თითქოს შველას სთხოვდაო, ისე უმზერდა ნახევრად მოჭუტული თვალებით; სახე ღრმა ნაოჭებით დაღარვოდა, კანი ლაქებით, მეჭეჭებითა და მოწითალო ფერის ხალებით ავსებოდა... თმა სადღა ჰქონდა?! თავი ძველი, თეთრი ხილაბანდით წაეკრა; კისერი ბლის ყუნწივით წაწვრილებოდა... ხელებსა და ფეხებზე ცისფერი, მსხვილად ამომჯდარი ვენები რელსებივით სერავდნენ სიმწრით მოპოვებულ ფართობს... კარგა ხანია, საკუთარ „მეგობარს“ ვეღარა ხედავდა, ლეთარგიულ ძილს მისცემოდა, აღარაფერსა გრძნობდა, აღარაფერი ეყურებოდა... მხოლოდ წვერი, ბალანი და ფრჩხილები განაგრძობდნენ ზრდასა და ყელყელაობას; ვის რა ჭირად უნდოდა მათი თავმოწონება?!. თვლემაში მიხვდა - სამოცდაათი წლიდან ამ დრომდე, როგორ თანდათან ვიწროვდებოდა კუნძულის რკალი, სიბერეს თავის არტახებში აქცევდა... ჯერ კი სიბერე ზეიმობდა, თუმცა რა ზეიმია თანამეინახეების გარეშე?!.. იქაურობა მიათვალიერ-მოათვალიერა, გამალებით დაუწყო ძებნა! არა, ისინი აქ არ იყვნენ; მიხვდა, უკლებლივ ყველა, მხოლოდ სიზმრებშიღა ახსენებდა თავს: იქ უხაროდათ, იქ წუხდნენ, ხვდებოდნენ უცნაურსა და ამოუცნობ ადგილებში... ფეხის ხმაზე გამოფხიზლდა; ერთ-ერთმა რძალმა ლიმნიანი ჩაი შემოუტანა და პატარა მაგიდაზე დაუდგა, სამზარეულოდან გამოპარულმა ხარჩოს მადის აღმძვრელმა სუნმა ცხვირის ნესტოებს საამოდ შეუღიტინა; - შიოდა?! - ისევ გუნებას ეკითხებოდა... სარკმლიდან სიოს შემოყოლილი ფუტკარი ზუზუნით იკლებდა ოთახში მომყუდროებულ სიწყნარეს; ცოტა ხნით გაერთო მისი გზააბნეული ფრენით... ფუტკარმა იფრინა და ბოლოს, მაინც თავისუფლებას მისცა თავი - რომელიღაცა ღრიჭოდან უკანმოუხედავად გაუჩინარდა... რამდენჯერმე ყლუპებად მოსვა ჩაი; მერე ჭერს თვალები მიაბჯინა და უნდოდა თუ არა, კვლავ ფიქრებსა და მოგონებებში ჩაიძირა; ერთადერთი ეს იყო, რაც არ ეზარებოდა. ისევ იმ კუნძულს დაუწყო ძებნა; უნდოდა კარგად დაკვირვებოდა, იქნებ წინდაწინ ამოეცნო რამე... იქნებ?!.. ამ ბოლო დროს, მოხუცით ერთი ახალგაზრდა ფოტოხელოვანი დაინტერესდა - ფოტოსესიისთვის ტიპაჟს ეძებდა, კითხვა-კითხვით მიაგნო და მას მერე რამდენჯერმე მოვიდა; ფოტოაპარატს აჩხაკუნებდა, ყველა მხრიდან იღებდა მის დაღლილსა და ნაოჭებით დაღარულ სახეს... წლების შემდეგ, ფოტოებსღა შემორჩება მისი მრავლისმეტყველი გამოხედვა - საკუთარ თავში ჩარჩენილი უმისამართო ლოდინით!.. სადღაც, სულის ლაბირინთებში, მაინც ზეიმობდა მზის სხივით დამუხტული სიცოცხლის მწვანე კუნძული.
ოქტომბერს შემოდგომის ფერები მოერგო; ჰაერი სითბოსა და სიყვარულში გარინდულიყო!..
ლეილა ქიტოშვილი-სახლთხუციშვილი