ომში წასული ბებია ცოცხლებშიც და მკვდრებშიც თავის ძმას დაეძებდა... ასე ჩავიდა ბერლინამდე
ბებიაჩემ ევას მეორე მსოფლიო ომში ჟენია შეარქვეს. სანამ ბებია წავიდოდა ომში, მანამდე მისი უმცროსი ძმა, ლევანი წასულა. წასულა და დაკარგულა. ჰოდა, ომში წასული ბებია ცოცხლებშიც და მკვდრებშიც თურმე სულ თავის ძმას დაეძებდა. მიიყვანდნენ ჰოსპიტალში დაფლეთილ-დაგლეჯილ მკვდრებს თუ ცოცხალ-მკვდრებს, ბებიაჩემი კი დადიოდა მიცვალებულებს შორის და ეძებდა თავის უმცროს ძმას. ასე ჩავიდა თითქმის ბერლინამდე.
ერთ დღესაც ოს მეგობარ ქალს უთქვამს ბებიაჩემისთვის, სადღაც ბერლინთან ახლოს, ქართველები ყოფილან დაჭრილები, იქნებ იქ იყოს შენი ძმაო. ჩამსხდარან მანქანაში, საჭესთან ის ოსი ქალი დამჯდარა, გვერდით ბებიაჩემი მისჯდომია. მეგობარს უთქვამს ბებიაჩემისთვის, აქ ყველგან ისვრიან და მე თუ მომკლეს, გზა შენ გააგრძელეო. სიტყვა არ ჰქონია დამთავრებული, მტრის ტყვიას რომ გაუხვრეტია შუბლი, ერთი ამოუკვნესია და ბებიაჩემის მხარზე მიუდია თავი. ბებიაჩემი საჭესთან გადამჯდარა და მკვდარ მეგობართან ერთად მისულა იქ, სადაც დაჭრილი ჯარისკაცები ეგულებოდა. რა თქმა უნდა, უმცროს ძმას ვერც მაშინ მიაკვლია და საერთოდ ვერც ვერასდროს.
მე ბებია ბაბუაწვერასნაირი თმით მახსოვს. სავარძელში რომ იჯდა ხოლმე და გაზეთს გამადიდებელი შუშით კითხულობდა. სულ არ ჰგავდა ის ომში, ნამდვილ ომში, დაკარგული ძმის საძებნელად წასულ დას, მეგობარი რომ მოუკლეს თვალწინ და გზა რომ მაინც გააგრძელა...
რა მშიშარა ვარ მე. რა მშიშარა. სიბნელის რომ მეშინია. ბუმბულის რომ მეშინია. სიკვდილის რომ მეშინია...
ნინო თარხნიშვილი