ეს მოთხრობა ოცდამეერთე საუკუნის ყველა ქალზეა
დილა. 09:05. ნიკას ბაღში ეჩქარება, მე - სამსახურში...
- ნიკა, შეეშვი გიგის თმას! გიგი, აიღე ფეხი ნიკას ხელიდან! ო, ღმერთო, გამაგიჟებთ თქვენ!..
- შეიძლება, ასეთი გნიასით იწყებოდეს ყოველი დილა? აბა, ახლა დაეხვეტეთ აქედან! მოუსვით ჩქარა! ნუ აყვირებთ დედას! გიგი, შენ ბებოსთან მიდი დროზე...
- ვაიმეეე, ნიკა, დროულად ჭამე, დაგვაგვიანდა! მანქანა მეორე ხელში დაიჭირე, თორემ მაგას ჩაკბიჩავ პურის მაგივრად... გიგი, ტელევიზორს შეეშვი, თორემ ბოლოს და ბოლოს გადმოაგდებ და დაიმხობ თავზე!.. ნიკა, ნუ გაშტერდი!
...
- ნიკა, პირიდან გამოიღე ხელი. როგორ შეიძლება, გამუდმებით ან პირში გაქვს ხელი, ან ცხვირში.
- ნიკა, დედას მოუსმინე, მონაცვლეობა არ შეიძლება, არჩევანი უნდა გააკეთო - ან სულ პირში, ან სულ ცხვირში.
- შენ კიდევ ოღონდ საოხუნჯო მოგცეს კაცმა. ჰა, ჰა, ჰა - ყველამ გავიცინეთ.
- რა ვქნა, კაცი ოდნავ მაინც მეტად ბედნიერი ვარ გუშინდელი საქველმოქმედო საღამოს... უკაცრავად, ღამის შემდეგ, რომლის მოძღვნაც ინებე აგერ უკვე სამკვირიანი შიმშილობის შემდეგ.
- გეგონება არ იცი, რომ ბავშვების დაბადების შემდეგ მშობლების პირადი ცხოვრება კარგა ხნით იწევს უკანა პლანზე.
- ამ ქართველ ქალებს ხომ ოღონდ თავი ამართლებინე და მიზეზი მოაგონებინე...
- ქართველი თუ რუსი, რა მნიშვნელობა აქვს, დედა რომ ხდება ქალი, მისთვის იცვლება უპირატესობები...
- ჰო, გათხოვებაზე ფიქრის ნაცვლად ახლა ბავშვებზე ფიქრობს...
- არ აგყვები, დრო არ მაქვს... ნიკა, მოდი, ქურთუკი შემოიცვი... სწრაფად გამოდი და კარი გამოიკეტე, გიგიმ არ დაგინახოს, თორემ მოაღებს ახლა პირს და მაგის ნერვები აღარ მაქვს...
...
- დე, ბაღში არ მინდა რა.
- მე შენ აგიხსენი, დედა, რომ სხვანაირად არ შეიძლება. ეს არის შენი სამსახური. შენ რომ შენს სამსახურში არ იარო, მე ჩემს სამსახურში ვერ ვივლი, მერე კიდევ მაგის გამო შენ არ გექნება საჭმელი, ლამაზი ტანსაცმელი, სათამაშოები...
- ხომ წამომიყვან?
- ნიკა, გეხვეწები, ყოვედღე შეიძლება ერთი და იგივე გაიმეორო? აბა, დედი, იმისთვის კი არ გამიჩენია ჩემი საყვარელი ბიჭი, რომ ვიღაცასთან დავტოვო? სულ რამდენიმე საათით მიხვალ, ცოტას შეჭამ, ცოტას ითამაშებ, ცოტას ისწავლი, ამასობაში მეც მოვალ და წამოგიყვან. ყოველთვის ყველაზე ადრე მოვდივარ, ხომ იცი, არა? და არ დამანახო ცრემლები? ვაჟკაცი ხომ ხარ?
- ჰოო.
- ჰოდა, აბა, ყოჩაღი სახე მიიღე ახლა.
- დე?
- რაო, დედი?
- ხომ წამომიყვან?
* * *
შუადღე, ოფისში...
- ადექი, ცოტა თვალს წყალი დაალევინე, თორემ მიეკარი ეკრანს.
- დღეს რაღაც გიჟური რეჟიმია... თუმცა თვითონაც იცი, რას გიხსნი... მგონი უკვე ხუთი საათია ერთი ადგილი მეორე ადგილიდან არ მომიცილებია. ბოლოს კი არ ავდგები, ნაწილ-ნაწილ ამაფცქვნიან ამ სავარძლიდან.
- ნეტა განახა, რას გიგავს სახე, მგონი ეკრანის ანარეკლი გაქვს ზედ.
- შენ იცინე და მართლა მასე ვგრძნობ თავს... სიცილის თავიც აღარ მაქვს... ცოტა ხანში ისიც დამავიწყდება, ვინ ვარ, რას ვაკეთებ აქ და რამდენი შვილი მყავს?.. ვაიმე, შვილები გამახსენდა...
...
- ალო, როგორ ხართ? გიგი როგორ იქცევა? რა ქნა? ვაიმე, სახეზე გადაისვა წითელი ფლომასტერი? ახლა მაგას რა მოაცილებს... ჰო, ვიცი, რომ ბედნიერი იქნება, მასეთი ძუნძგლიანი რაღაცები უყვარს... ნიკას რომ მოიყვანს მამამისი, მაგიდაზე წამალი დევს და ის დაალევინეთ... ვინ დარეკა? ო, რას ამბობთ, როგორ მეწყინა... კარგს ხომ ვერაფერს გაიგებ დღეს, მარტო გარდაცვალებები და ავადმყოფობები...
- რა ხდება, მშვიდობა გაქვთ სახლში?
- მორიგი საგიჟეთი, გიგი ფლომასტერიანი სახით დაიარება, ბებიამისი კიდევ - ვალერიანის წვეთებით...
- ერთი ცოტა ხნით გამატანე შენი ბავშვები ჩემს დედამთილთან, იქნებ იმის წნევაზეც იმოქმედონ...
- კაი რა, ნუ ხუმრობ ეგრე... ჩემს მეგობარს მამა გარდაცვლია...
- ვიზიარებ...
- ჰო... კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ასაკი მომემატა. ჩემ გარშემო ქორწილების რიცხვს მეგობრებისა და კლასელების მშობლების პანაშვიდების რიცხვმა გადააჭარბა.
- აი, მეგობრებისა და კლასელების პანაშვიდებზე სიარულს რომ მოუმატებ, მაშინ მართლა დაგერხევა...
- წავედი, მირზოს ვთხოვ, ცოტა ადრე გამიშვას, პანაშვიდზე თერთმეტ საათზე ხომ არ მივალ?!
- ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ რამდენიმე საათი სკამსა და ეკრანს შორის გაბმულ ქსელში უნდა გაატარო და ბოლოს თვალის გუგები ეკრანის გამოსხივების რკალში დატოვო...
- შენი მჭევრმეტყველება, როგორც ყოველთვის, ახლაც უადგილოა...
- აბა, ეჭვი გეპარება? ნახევარი საათით ადრე კი გაგიშვებს, მაგრამ იქამდე ადგილიდან არ გაგატოკებს და ბოლომდე გაგწურავს...
- რას იზამ, დღეს ისეთი დროა, როცა პროტესტის გამოთქმას აზრი არ აქვს, მაგრამ მაინც ღრმად გაქვს ჩაბეჭდილი გონებაში, რომ ადამიანის უფლებები უმთავრესია და ის ყველგან დაცულია, და შენი უფლებებისთვის უნდა იბრძოლო, და შენი პიროვნული თავისუფლება უპირველეს ყოვლისა... და... და... და...
* * *
საღამო...
- რა საშინლად უბერავს, გავითოშე.
- შენ ხომ ბავშვობიდან მცივანა ხარ.
- გოგო, რა მცივანა, იცი დღეს რამდენი გრადუსია გამოცხადებული?
- არ ვიცი და არც მაინტერესებს. საერთოდ აღარ ვუსმენ საინფორმაციო გამოშვებებს, ტვინი ამიდუღდა მაგათი დაბრეცილი სახეების ყურებით და ამაზრზენი ახალი ამბების მოსმენით. პირდაპირ დაგეშილები არიან, როგორმე პირველ ნიუსად საშინელი ამბავი მოიძიონ, დაგზაფრონ და გაგაოგნონ. თუ არ გაუმართლათ და პოლიტიკურად მათთვის მნიშვნელოვანი არ მოხდა რამე, მაშინ მიდის ძიება - კრიმინალური ამბები, ვინმემ თავი ხომ არ მოიკლა, მამამ - დედა, დედამ - შვილი, შვილმა - პაპა, პაპამ - ბებო და ა.შ. და ა.შ., ხომ არ მოკლა? არა? მაშინ, იქნებ გააუპატიურა? არც ეგ? ო, მაშინ ავარიებისკენ გადავინაცვლოთ, სადმე მაინც იქნებოდა რამე საშინელი ავარია, შემაძრწუნებელი სცენებით, ჰოდა, სასწრაფოდ, პირველ ნიუსად!!! როგორ, საერთოდ არაფერი მომხდარა, რა დაემართა ამ ხალხს? კარგი, სხვა რა დაგვრჩენია, მსოფლიო მოვლენებს გადავხედოთ, სადმე მაინც იქნებოდა რამე აფეთქება, ტერორისტული აქტი, შიმშილობა, სიკვდილიანობა. ბოლოს და ბოლოს, ახალი საშინელი ვირუსი, რომელიც მთელ კაცობრიობას განადგურებით ემუქრება. ეგეც არა და კოსმოსი არ არის ჩვენს თავზე? უცებ მოაკვარახჭინებენ რომელიმე მეტეორის გადმოვარდნას ან უცხოპლანეტელების შესაძლო შემოტევას, მთავარია, წამსვე მოინუსხო შიშისგან და აღარაფერი გინდოდეს ამქვეყნად, სხვა არაფერზე აღარ იფიქრო და იმითაც კმაყოფილი დარჩე, რომ ამ ნიუსის ერთ-ერთი მთავარი გმირი შენ არ აღმოჩნდი.
- ეს კაცი სადღაა ამდენ ხანს, ნეტავ მაცოდინა, სად დადის გამუდმებით?
- სად უნდა იაროს? კაცია და ყოველთვის გაიმართლებს თავს.
- იცი როგორ მომყირჭდა ეგ ყველაფერი? განუწყვეტლივ ვიხდით ვალებს და რისას, დღემდე ვერ გამაგებინა. შეიძლება, შვილებს ლუკმა პირიდან გამოაცალო და ბანკს ჩაუთვალო მთელი ხელფასი რაღაც ამოუცნობი ვალისთვის?
- ალბათ შენ არ გეუბნება, თორემ თვითონ კი ეცოდინება, რის ვალი დაედო...
- თვის ბოლო რომ მოდის, უკვე მაკანკალებს...
- მარტო შენ კი არა, ამ ბანკების ტყვეობაში მგონი მთელი ქვეყანა მოექცა. კაცი არ დარჩა, ბანკის ვალი არ ჰქონდეს და რაიმე კრედიტით არ იყოს წელში მოკაკვული. პაწაწინა ბავშვებმაც კი იციან, ვინ არის ბუა კრედიტ-ოფიცერი და სკოლის მოწაფეებს უკვე ბანკის თანამშროლობა უნდათ, რადგან ძალაუფლებას იქ ხედავენ.
- ჩემს შვილს პატრული უნდა, რომ გამოვიდეს.
- ჰო, ეგეც ძალაუფლებაა. მანდატურობა ჯერ არ მოუნდომებია?
- ღმერთმა დამიფაროს...
- კარგი ერთი, მასეც ნუ შეიცხადებ, ეს თაობა მაინც იმას გააკეთებს, რასაც მიზნად დაისახავს, მიზნები კი მკაფიოდ აქვს ჩამოყალიბებული - ფული და ძალაუფლება. ჩვენნაირი ბოთეები კი არ არიან. ეგენი გზას მართლა გაიკაფავენ.
- გავიყინე... მოვიდეს ერთი, სულ ძმრად ვადენ ყველაფერს...
- გეხვეწები, აქ, ამდენი ხალხის თვალწინ ნუ მოაწყობ სცენას, სახლში დაელაპარაკე მშვიდად...
- შემრჩა კი მაგის ნერვები? როგორ გგონია? უკვე ყელში მაქვს ამდენი პრობლემა და მაგის უპასუხისმგებლო ნაბიჯები...
- არ იტირო ახლა რა, გთხოვ...
- არა უშავს, პანაშვიდზე მივდივართ...
* * *
ღამე...
- რა იყო, მეგონა გაყევი მკვდარს...
- მაგაზე მაინც ნუ ხუმრობ... ძლივს გამოვაღწიეთ იქიდან, თან ისეთი ქარიშხალია გარეთ, მეგონა წამიღებდა.
- ჰოდა, ჩემს მადლსაც მოისხამდა.
- რას იზამ, ჯერ მთლად მასე არ მოვფამფალებულვარ, რომ ქარმა წამიღოს და გაგახარო მაგით.
- კარგი, გეხუმრები, სულელო, ნუ გაიბრუნჩები ხოლმე...
- მართლა მაგრად დავიღალე. იცი, რით ვხვდები, ხუმრობის თავიც აღარ მაქვს ხანდახან, ეს კი უკვე კატასტროფაა. ერთი ეგ მაძლიერებდა, რომ იუმორის გრძნობა მქონდა და ოპტიმიზმით ვუყურებდი ყველაფერს, ბოლო დროს ეგეც მღალატობს...
- ახლა უბრალოდ ძალიან დაღლილი ხარ, გამოიძინებ და...
- ?
- ჰო, ბოდიში, დამავიწყდა, რომ გამოუძინებელიც ხარ და ერთი-ორი წელი ძილიც არ გიწერია, სანამ შენი უმცროსი შვილი უფროსის ასაკის მაინც არ გახდება.
- მაგის იმედიც კი აღარ მაქვს. პატარას რომ ძინავს და მგონია, ამაღამ მაინც მოვხუჭავ-თქო თვალს, ნიკა დააჭყიტავს ხოლმე თვალებს. დედაა, ხვალ ბაღში არ წამიყვანო, რა! დედაა, ყური მტკივა! დედაა, ზღაპარი მომიყევი რაა...
- რას იზამ, ეს არის შვილები...
- არა, კი არ ვწუწუნებ, მართლა არ ვწუწუნებ. პირიქით, ღმერთს მადლობა, რომ ამდენ უბედურებაში, რაც გარშემო ხდება, ჯანმრთელი შვილები გვაჩუქა და შიმშილით სული არ გვძვრება! მაგრამ მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ხანდახან ცოტა მეტი რაღაცაც მინდა, ხანდახან ელემენტარული დასვენება მინდა, შენთან უბრალოდ ჩახუტება, სულ რამდენიმე წუთით, კინოში ან თეატრში წასვლა, ღამით გასეირნება, როგორც ადრე, შეყვარებულობის დროს, სასაცილო ამბების მოსმენა, ბავშვებთან მხიარულად თამაში ან მათთვის ზღაპრების მოყოლა... მაგის დროც კი არ მაქვს, რომ ბავშვებს ნორმალურად ვეთამაშო. საშინელ ქაოსში ვარ ჩათრეული, გამუდმებით რაღაცას ვაკეთებ, ვმუშაობ, დავრბივარ, ვკითხულობ, ვამზადებ, თან კატასტროფულად განვიცდი დროის უკმარისობას და საბოლოოდ რეალური, ნამდვილი, ხალასი და ბედნიერი ცხოვრება გვერდზე მრჩება...
- დამშვიდდი. აი, სულ ცოტაც, ცოტა დროც გავა და...
- მთელი ცხოვრება მასე ველოდები რაღაცას. აი, გავთხოვდები და ბედნიერი ვიქნები. გავთხოვდი, უბედნიერესად მაქცია დედობამ, მაგრამ მას თან მოჰყვა საშინელი სასოწარკვეთილებისა და შიშის განცდები, როცა პატარას სიცხე აქვს ან რამე სტკივა. ასეთ დროს მგონია, რომ მიწა გამისკდება. მთელი ღამეები გიჟივით ვუმოწმებ ბავშვებს შუბლს, სიცხე ხომ არ აქვთ? ნიკა რომ ცხვირში გაჭედილია, მის სუნთქვას ვყვები და ბოლოს ისე მეღლება გული, ლამისაა დავიხრჩო. ახლა ცოტა წამოიზრდებიან და დაიწყება სკოლის პრობლემები, ვინმემ რამე არ დაუშავოს, ვინმე არ გადაეყაროს გზაზე, ვინმემ სადღაც დანა არ გაუყაროს, ან თვითონ არ გამოსჭრან ვინმეს ყელი... მერე იმის შიში, ვის მოიყვანენ ცოლებად, ამ თავხედ და აღვირახსნილ გოგოებს რომ ვუყურებ, გული მისკდება... კიდევ, გამუდმებით იმის მეშინია, უცებ სამსახური არ დავკარგოთ და მშივრები არ დაგვრჩნენ შვილები... შენ აცნობიერებ, რომ გამუდმებულ შიშში ვცხოვრობთ? ეს საშინელებაა... რამე არ მოგივიდეს შენ, შენს ქმარს, შენს შვილებს, შენს ახლობლებს...
- მორჩი ახლა, სამყაროს ხომ ვერ გადააკეთებ, ასეთია ეს ცხოვრება და უნდა შეეგუო.
- ჰო, სწორედ ეგ არის, რომ უნდა შეეგუო და მორჩა... არა, მაპატიე, ახლა უბრალოდ დავიცალე, ბოღმა მომაწვა ყელში, ორიოდე წუთში გონს მოვალ, მოვყოჩაღდები... სხვა გზა არ არის.
- მოდი, მომადე თავი, რამდენიმე წუთით ასე გავყუჩდეთ, როგორც შეყვარებულობის დროს, ჩემო პატარა სულელო...
- დედააააააა!!!!
ლელა ზურებიანი