მესი, გეგი და ნინო მესი ფეხბურთელია. თამაშობს კლუბში "ბარსელონა". მგონი, ოქროს ბუცის მფლობელოცაა. მეტი მის შესახებ არაფერი ვიცი. ხო, ვიცი, რომ ბევრი ფანი ყავს.
გეგი 13 წლისაა. ცხოვრობს მაღლა მთაში. ჰყავს ერთი კლასელი. ერთი დედა და ერთი მამა. უყვარს ფეხბურთი. უფრო ზუსტად კი "ბარსელონა". მესიც, ცხადია. უყურებს კლუბის ყველა მატჩს თავის პატარა ვერცხლისფერ ტელევიზორში, სატელიტური თეფშის დახმარებით. გარეთ რომ მგელი ყმუის და ბუ კივის, გეგი ფეხბურთს უყურებს. გეგი ჩემი დეიდაშვილია.
ნინო 47 წლისაა. ყავს ერთი შვილი გეგი და ქმარი გიგა. ნინო ჭორფლიანია. უვლის თევზებს, ფუტკრებს, გოჭებს. ცხობრობს მთაში. ქმარს ეხმარება ფიჩხის შეგროვებასა და ხის თლაში. ქმარი ხეზე მჭრელია. ნინოს არ უყვარს ფეხბურთი. არც "ბარსელონა". მაგრამ გეგისთან ერთად, ღამის ორ საათამდე, ნახევრად ჩაძინებული, მესის და. ნეიმარის გატანილ გოლებს ითვლის… მაღლა მთაში. მერე რა რომ დილაადრიან უნდა ადგეს და მზისგან გადახრუკულ ლობიოს რამე უშველოს.
გეგი, ნინო და გიგა ივლისის შუა რიცხვებში აი იმ გრძეეეელ რიგში ჩამოვიდნენ მთიდან, ბილეთები რომ ეყიდათ. იდგნენ, იდგნენ და მერე ისევ მთაში წავიდნენ, უბილეთოდ.
გეგი, რომელიც უცხოებთან არასდროს ლაპარაკობს და მისი ხმა აგერ ცამეტი წელია არ გამიგია და მარტო დედას, მამას და პაპა-ბებიას ეჩურჩულება, ისევ თავისი პატარა ვერცხლისფერი ტელევიზორის იმედად დარჩა.
ამბავი ასე არ სრულდება:
მე მყავს კაცი, რომელიც დღევანდელ მატჩზე, სტადიონზე, დიქტორი უნდა იყოს. იმას ბილეთი ერგო. იმ ერთი ფარატინა ბილეთით ჩემმა კაცმა 13 წლის, უტყვი გეგის ოცნება აასრულა.
ასე უნდა ხდებოდეს ოცნებები. ყველა ბავშვის. დიდის. პატარის. მდიდრის. ღარიბის.
13 წლის თავზე, გეგის ხმა პირველად გავიგე:
- გაგიხარდა მეთქი?
- კიო, დაიჩურჩულა და აწითლებული ლოყები შეაზანზარა.
გეგი ჩემი დეიდაშვილია. მთიდან.
ნინო თარხნიშვილი