ჩვეულებრივი ქართული კაბის ჩაცმა ჰერეთში მიღებული არ ყოფილა, მის მაგივრობას ლაბადა სწევდა - სვანი და ჰერი ქალების ძველებური ყოფა განვაგრძობთ სხვადასხვა კუთხის ქალების ძველებურ ყოფაზე საუბარს. ამჯერად სვან და ჰერ ქალებზე ვისაუბრებთ.
სვანი ქალები პერანგზე შალის კაბას იცვამდნენ; თავზე მოსახვევს იხვევდნენ. შეძლებული სვანის ქალები აბრეშუმის პერანგებს, ხავერდის ქათიბებს და გულზე ნაქარგ "ჩაფრასტს" ატარებდნენ. ფეხსაცმლად ქალამნებს ხმარობდნენ და მამაკაცებივით პაჭიჭებს იცვამდნენ. ყელზე კი მძივები ჰქონდათ, ხშირად ქარვისა ან გიშრისა; ხმარობდნენ საყურეებსაც. 20-იან წლებში სვანეთში მოგზაურობის შემდეგ ზ. შანშიევი, წიგნში "По Сванетии", სვანი ქალების შესახებ წერს: "ისინი მკერდსავსენი და კარგად აღნაგნი არიან, მძიმე ცხოვრებისა და პირობების მიუხედავად კი, ღრმა სიბერემდე ინარჩუნებენ ახალგაზრდულ ტანსა და იერს".
როგორც ჰერეთის მეისტორიე ზურაბ ედილი წერს წიგნში "საინგილო", ჰერ ქალთა ჩაცმა-დახურვა დიდად განსხვავდებოდა როგორც საქართველოს სხვა კუთხეების, ასევე ჰერეთში მცხოვრები სხვა ერების ჩაცმულობისგანაც. ჰერი ქალის დანახვისას, უპირველესად, თურმე, ყურადღებას იქცევდა ფართო შარვალი, რომლის მსგავსიც, წინათ წვრილ ვაჭრებს სცმიათ თბილისში. ეს შარვლები ჩითისაგან იკერებოდა და მისი განიერი ტოტები სხვადასხვა ფერით ნაქსოვ გრძელყელიან წინდებში ჰქონდათ ჩატანებული. ასეთ შარვლებში გამოწყობილი დიდ-პატარა კაკის რაიონში შეგხვდებოდათ თურმე მხოლოდ, ალიაბათში კი პირიქით - ქალებს ძალზე ვიწრო შარვლები სცმიათ, რომელთაც ტოტებზე ბრტყელი ყვითელი ბუზმენტი ეკერა.
ჩვეულებრივი ქართული კაბის ჩაცმა ჰერეთში მიღებული არ ყოფილა, მის მაგივრობას ლაბადა სწევდა. ლაბადა იგივე კაცის ახალუხია, იმ განსხვავებით, რომ უფრო გრძელი იყო, უკან ბევრი ნაოჭი და მოკლე, 3-4 გოჯის სიგრძე სახელოები ჰქონდა. პერანგი მთლიანად ფარავდა მკლავებს და სახელოების მაგივრობას ასრულებდა. გარდა ამისა, ლაბადას არ ჰქონია საყელო, წინიდან გული მთლიანად ღია, მარტო პერანგის ამარა იყო და ლაბადის ორივე ტოტი მხოლოდ წელთან იკვრებოდა დუგმებით ან ბაწრით. ლაბადა ჩვეულებრივ ჩითისა იკერებოდა, წინ ჩამოფარებული ჰქონდა მაიზარა, ანუ გულის საფარი. მაიზარა მთლიანად ფარავდა გულმკერდს და მუხლებამდე იყო ჩაგრძელებული, ისე რომ ლაბადაზე გრძელი გამოდიოდა. მაიზარაზე, გულთან ეკიდათ სახლისა და სკივრის გასაღებები, ასევე ჯიბის დანა.
ქალების გიშრის თმა ორ უმთავრეს ნაწნავად ანუ როგორც ჰერები ამბობდნენ, წიწილებად იყოფოდა, თითოეული ქვემოთ ორ-ორად ნაწილდებოდა. თავზე მოხვეული ჰქონდათ თხელი, დოლბანდის მსგავსი რამ, რომელსაც ჩიქილს ეძახდნენ. ჰერი ქალები ფეხზე იცვამდნენ ქოშებს, უფრო ხშირად კი ჩუსტებს, მაგრამ რამდენადაც ალაზანს უახლოვდებოდით, აქ ქალები ხშირად ფეხშიშველები დადიოდნენ, განსაკუთრებით ზაფხულში, რაც იმით აიხსნებოდა, რომ წინდებსა და ჩუსტებში ფეხები უცხელდებოდათ და უოფლიანდებოდათ.
ასეთი იყო ჰერი ქალის მუდმივი საშინაო სამოსი, მაგრამ დღეობასა და წვეულებაში ის სულ სხვაგვარად ირთვებოდა და ათასნაირად იმოსებოდა. სადღესასწაულო ტანისამოსს საერთო სახელს - იმარათს ეძახდნენ. იმარათი ვერცხლის მორთულობა იყო, რომელსაც გულ-მკერდისა და თავის დასამშვენებლად ხმარობდნენ. აი, ეს მორთულობაც: ვისტორი რამდენიმე რიგი წვრილი ძეწკვისაგან შემდგარი თავის სამკაული იყო, რომელსაც წინ შუბლთან რამდენიმე პირად ჩამოკიდებული ჰქონდა ვერცხლის ჟინჟღილები და ორშაურიანები. ილგაგი - გულზე ჩამოსაკიდებელი, ერთმანეთზე გადაბმული ვერცხლის ფულები, მათი რიცხვი ზოგჯერ სამოცსაც აღწევდა. ილგაგისთვის ხმარობდნენ ვერცხლის აბაზიანებს, რომელთა შორისაც ხშირად შეხვდებოდით ქართულ აბაზიანებსაც, მათ აქ ჩუთის ეძახდნენ ძველად. ილგაგი ფართო და განიერი კეთდებოდა, ისე, რომ მთელ გულ-მკერდს ფარავდა სიგრძე-სიგანეზე. სადღესასწაულო მაიზერი აბრეშუმისა ან ხავერდისა იყო, გვერდებზე ჩამწკრივებული ჰქონდა პატარა ვერცხლის სურები, რომელთაც ჰერები ღილებს ეძახდნენ. სადღესასწაულო პერანგს წინ ყოშები ჰქონდა, ისინი ხელების ზედაპირს ფარავდა და ირგვლივ შემოვლებული ჰქონდა პატარა ვერცხლის ჟინჟღილები. იმარათის კუთვნილება იყო მეტად მძიმე ვერცხლის ქამარიც, რომელზეც რამდენიმე რიგად ვერცხლის აბაზიანები იყო დამაგრებული. ეს ქამარი, ერთი შეხედვით, თბილისის წვრილ ვაჭართა ქამრებს მოგაგონებდათ. ასეთ ტანისამოსში გამოწყობილი ქალის მოძრაობაზე ნელი ჟღარუნი გაისმოდა.
ალიაბათის ნაწილში ამ ტანისამოსის ზემოდან იცვამდნენ ქათიბს ანუ ქულაჯას. ქათიბის ზედაპირი აბრეშუმისა ან ხავერდისა იყო, კალთებზე, სახელოებსა და საყელოზე შემოვლებული ჰქონდა გოჯნახევრის სიგანე ბატკნის ან ტურამელის მოთელილი ტყავი. ალიაბათისვე ნაწილში, მხოლოდ ზოგიერთ სოფელში ხმარობდნენ ე.წ. ლექლარს, იგივე ახალუხს, რომლის გრძელი სახელოები უკან იყო გადაგდებული და კალთებიც უკანვე ირიბად ჰქონდათ შეკეცილი. ზოგიერთ სოფელში ვისტორის მაგივრად ხმარობდნენ ჩიხტის მაგვარ შუბლსაკრავს, მაგრამ ეს იგივე რამდენიმე პირად შეკეცილი აბრეშუმის გრძელი თამალი იყო. ბეჭდებს ქალები გათხოვების შემდეგ ერთ-ორ წელიწადს თუ ატარებდნენ. სამაჯურიც და ბეჭდებიც მხოლოდ ვერცლისა იყო, ოქროს სამკაულს აქაურ ხალხში ვერ შეხვდებოდით.
საუბარს კვლავ განვაგრძობთ.
მოამზადა სოფიო ჯაფარიძემ