ძველ თბილისში ამ ორ ცნობილ ადამიანს შორის გაჩაღებულ ფარულ რომანზე ჩურჩული მაშინ დაიწყეს იმხანად საქართველოში მის საქმესა და პროფესიას ხალხის დიდ ნაწილში არცთუ კარგი გამოხმაურება ჰქონდა. ბევრი მიიჩნევდა, რომ ქალი სცენაზე ასვლით პატიოსნებას ''კარგავდა'' და ეს ნაბიჯი არ უნდა გადაედგა. ''სწორი გზიდან გადახვეულებს''
არათუ ოჯახი, ზოგჯერ ნათესავები და მეგობრებ-ახლობლებიც უნაწყენდებოდნენ.
მიუხედავად ამისა, ნატო გაბუნია იყო ერთ-ერთი მსახიობთაგანი, რომელიც ხალხის აზრს
არ შეუშინდა. მან მოღვაწეობა XIX საუკუნის მეორე ნახევარში გორის სახალხო თეატრში დაიწყო. სწორედ იქ იხილა დავით ერისთავმა და 1879 წელს თბილისის ქართულ პროფესიულ თეატრში სამუშაოდ მიიწვია...
მანამდე კი... ნატო ლექსებს წერდა და სურდა სადმე დაბეჭდილიყო. რამდენიმე მათგანი თბილისში ანტონ ფურცელაძეს გამოუგზავნა. მწერალი იმხანად რამდენიმე პერიოდულ გამოცემასთან თანამშრომლობდა, რამდენიმე წელი მისი თაოსნობით გამოდიოდა ჟურნალი ''მნათობი''. ალბათ სწორედ აქ ან რომელიმე სხვა გამოცემაში სურდა ნატოს თავისი ლექსები ეხილა, მაგრამ ფურცელაძემ მისი ''შემოქმედება'' დაიწუნა და ლექსები ავტორს სხვაზე გადაბრალებით უკან დაუბრუნა - ცენზორმა არ გაუშვაო.
16 წლის იყო ნატო, როცა ანტონ ფურცელაძემ ის ერთ-ერთ პირველ საქველმოქმედო წარმოდგენაში იხილა. რამდენიმე დღეში იქვე, გორში შეხვდნენ ერთმანეთს
და ფურცელაძემ ნატოს ურჩია - პოეტობას თავი დაანებე, სწორედ სასცენო ქალი ხარო.
ნატოს რჩევა ჭკუაში დაუჯდა და მამას თავისი სურვილი გაანდო. ოჯახის უფროსი შვილის განზრახვას აღფრთოვანებული არ შეხვედრია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ნატოს უკან არ დაუხევია, გორიდან თბილისში გაიპარა და მშობელი გაანაწყენა. რამდენიმე წელი მამა არ ურიგდებოდა ქალიშვილს, მხოლოდ მაშინ ''აპატია'', როცა ნატო დაოჯახდა და ჯვარი დაიწერა. ნატო 23 წლის იყო, როცა თავისზე 2 წლით უფროს დრამატურგ ავქსენტი ცაგარელს გაჰყვა ცოლად. მათ ბევრი რამ ჰქონდათ საერთო, მათ შორის უპირველესი თეატრი იყო...
***
ნატო საშუალო სიმაღლის, შავგვრემანი, მრგვალი პირისახის ქალი იყო, ხშირი წარბებითა და დახრილი თვალებით, ჰქონდა ოდნავ კეხიანი ცხვირი და სქელი ტუჩები. პერიფერიიდან დედაქალაქში გამომგზავრებული, ერთი შეხედვით გარეგნულად არაფრით გამორჩეული ქალი მალე მოექცა საზოგადოების ყურადღების ქვეშ. უკრავდა, მღეროდა და მაყურებელთა
მოთხოვნით არაერთხელ წარმდგარა ბისზე. მაშინდელი არისტოკრატების სამოსს უკვე ეტყობოდა ევროპული გავლენა, ნატო კი მუდმივად ქართული სამოსითა და ჩიხტიკოპით დადიოდა. განაგრძეთ კითხვა