თუ შუქი არ იყო, მაშინ ელემენტების ჭყლეტვა გვიწევდა, რომ სასწაულებრივად ნაშოვნი ელემენტებიანი მაგნიტოფონი აგვეხმიანებინა
იყო ასეთი დრო, ოთხმოცდაათიანები. მე და ჩემი მეგობრები და კიდევ ჩემი ტოლები, ცოტა დიდები და ცოტა პატარები, ამ ოთხმოცდაათიანებში თინეიჯერები ვიყავით. ჩვენ ყველას გვქონდა სახლის ბარაბნიანი, ფერადი ტელეფონები. და ყველა ტელეფონს, იმ ოთხმოცდაათიანებში, ერთნაირი ხმა ჰქონდა: წკრრრრრრ.
და გაისმებოდა ხოლმე წელიწადში რამდენჯერმე ეს ხმა, რომელიც სასიხარულო ამბავს გვამცნობდა: "ხვალ 3 საათზე დაბადების დღეზე გეპატიჟები".
და აუუუუ, იქ იწყებოდა მზადება: მინიმუმ ერთი ზომით დიდ ფეხსაცმლის წვერებში ახალი ბამბის ჩატენვა. შუქის წასვლა-მოსვლის გრაფიკის გადახედვა, "ნარიადის" დასაუთოებლად. საჩუქრის შერჩევა - წიგნის თაროების ქექვა; ახალი ცხვირსახოცების ძებნა.
ოთხმოცდაათიანელ თინეიჯერებს სხვანაირი დაბადების დღეები გვქონდა: თუ შუქი იყო, მუსიკაც გვქონდა. თუ შუქი არ იყო, მაშინ ელემენტების ჭყლეტვა გვიწევდა, რომ სასწაულებრივად ნაშოვნი ელემენტებიანი მაგნიტოფონი აგვეხმიანებინა. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, ელემენტებს ვზოგავდით და კასეტებს ფანქრით ან პასტით ვახვევდით.
"ზალაში" გაშლილ 8-კაციან მაგიდაზე, 17-ნი ვსხდებოდით. საჩუქრები მიგვქონდა გაზეთებში ან საუკეთესო შემთხვევაში, "კალკაში" გახვეული. ნაჩუქარ ცხვირსახოცს იუბილარს 10-კაპიკიანში ვუცვლიდით. ვჭამდით ვინეგრეტს, ბაჟეს, შემწვარ ქათამს, ხაჭაპურს, ნაღდ ტორტს და მერე ჭაღის ქვეშ გაშლილ მაგიდას კედელთან მივდგამდით.
და იწყებოდა ნელი რწევა. ცეკვა, რომელსაც მხოლოდ ოთხმოცდაათიანელი თინეიჯერები ცეკვავდნენ. წელზე მორიდებით შემოხვეული ხელები. დისტანცია მინიმუმ 30 სანტიმეტრი. ბოიზთუმენი, ბექსთრითბოიზი, ისთ 17, თეიქ ზეთი... კიდევ უფრო მორიდებული თინეიჯერები ჭრელი გობელენის ტახტზე სხდებოდნენ და იუბილარის საოჯახო ფოტო-ალბომს ათვალიერებდნენ.
მერე ან მაგნიტოფონის ელემენტები დაჯდებოდა, ან კასეტა ჩაიხვევდა და ახლა საკუთარი მუსიკალური შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება გვეძლეოდა. ფორტეპიანო მაშინ ყველა ოჯახში იდგა. და ჩვენც ვუკრავდით ახლად გარჩეულ ბახს, შოპენს, მოცარტს... რომელიმე თვითნასწავლი "ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტების" ან მორიკონეს "პროფესიონალს" დააგუგუნებდა და იღვენთებოდა პარაფინის სანთლებიც...
და მერე იწყებოდა ბარაბნიანი ტელეფონის წკრიალი: "ნინო წამოვიდეს რა", "მამა ჩამოაკითხავს", "მარტო არ გამოვიდეს"... და აქედან იწყებოდა ხვეწნა: "აუ, ყველა აქ არის", "ბიჭები გამომაცილებენ"... და ყველა დაბადების დღიდან ნინო მოდიოდა პირველი... იყო ასეთი დრო, ოთხმოცდაათიანები და ჩვენ ამ დროში თინეიჯერები ვიყავით.
ნინო თარხნიშვილი