"ახლანდელი ქალი ან ქმარს ღალატობს, ან ნელ-ნელა უმოკლებს ცხოვრებას" - წერილი, რომელიც ბევრს დააფიქრებს... ვამბობთ, რომ დრო ადამიანურ ურთიერთობებსაც ცვლის, მათ შორის ცოლ-ქმრულ ურთიერთობებს. ეს წერილი თითქმის 100 წლის წინ გამოქვეყნდა გაზეთ "ივერიაში". გადახედეთ და თავად გამოიტანეთ დასკვნა, რა შეიცვალა ამ დროის განმავლობაში?
"ფიგაროში" დაბეჭდილია ვრცელი ფელეტონი იმის შესახებ, რომ ეხლანდელი, ჩვენის დროის ახალგაზდები ისეთის სიამოვნებით აღარ ირთავენ ცოლს, როგორც უწინ იყოვო, ცოლ-ქმრობის გემოვნება აღარა აქვთ, ოჯახის ხალისი დაჰკარგვიათ. რა უშლით ხელს, რა აბრკოლებთ? თავისი თავის სიყვარული, თავმოყვარეობა, ეგოიზმი. როცა უცოლო შეხვდება ხოლმე ყმაწვილს ქალს, გაუთხოვარს, პირველადვე ამას დაეკითხება ხოლმე თავის თავს: "ვითომ გამაბედნიერებს-კიო?" და რადგან თავის ბედნიერება ძვირად უღირს, ყოველთვის პასუხად იმასვე უგებს ხოლმე, რომ ვერა, ვერ გამაბედნიერებსო. საკვირველია, რატომ ერთხელ იმას არ იკითხავს, "ვითომ მე-კი შევიძლებ ამ ქალის გაბედნიერებასაო"? ცხოვრება იმდენად რთული შეიქმნა და გასხვა-და-სხვაფერდა, რომ ძნელად შეჰხვდება ყმაწვილი კაცი თავის გემოვნების ქალს. წავიდა უწინდელი დრო! კაცობრიობა რაც უფრო გაუნათლებელია, უფრო სადაა, დიდი მოთხოვნილება არა აქვს და ერთმანეთსაც უფრო თანამგრძნობელნი არიან. რაღა თქმა უნდა, ლუარსაბ თათქარიძეს არაფრად გაუძნელდებოდა და თავსატეხად არ ექნებოდა დარეჯანის პოვნა და შერთვა. ეს დარეჯანი არ იქნებოდა, იმისი ბიძაშვილი გამოჩნდებოდა, თეკლე, ან მართა, იმისთანავე ზნისა და ხასიათის ადამიანი, იმასებრ ბუზების საუცხოვოდ მთველი და მოანგარიშე. თათქარიძეებიც ბევრნი იყვნენ, რადგან მაშინ ყველა ერთმანეთსა ჰგავდა, ყველა იგივე ლუარსაბი, იგივე თათქარიძე იყო, თუმცა-კი სხვა სახელით მონათლული. ეხლანდელი ყმწვილი კაცი-კი ცოლს ვერ ირთავს, ძნელად ჰბედავს ამ ნაბიჯის გადადგმას, გარეშემო ცხოვრების ტრიალიც თითქოს კვერს უკრავს და ცალუღელად სიარულს უწონებს. ბედნიერი ცოლ-ქმარი იშვიათად მოიძებნება." კარგს ცოლს სანთლითაც ვერსად მიაგნებთ! ეხლანდელი ქალი ან ქმარსა ჰღალატობს, ან ნელ-ნელა უმოკლებს სიცოცხლეს. "რიგის უწყებაში", მაგალითებრ, დღესა სწერია, რომ აქაურს ათას დანაკარგთაგან რიგაში ახლა ქმრების დაკარგვაც მოდად შემოვიდა, პატივცემულნი მამანი ოჯახისანი კალთებს იკრეფავენ და გარბიან სადრაც, ცოლს თავს აღწევენ. სექტემბრის ათს დღეში თოთხმეტმა დედაკაცმა გამოაცხადა აქაურს პოლიციაში, რომ ქმრები დაგვეკარგა და, თქვენს ღმერთს, გვიპოვნეთ, მოგვიძებნეთ როგორმეო! ათს დღეში თოთხმეტი ქმარი, საოცარია!"
მოამზადა თეა ცაგურიშვილმა