"პირველად სტადიონზე რომ წამიყვანა გამაფრთხილა: გოგო ხარ და ბევრი არ იყვიროო..." ჯერ სტუდენტიც არ ვიყავი, ერთ-ერთ რედაქციაში მივედი სტაჟირების გასავლელად. გაზეთის რედაქტორმა, ქეთევან ნაკაშიძემ მითხრა იუმორისტულად დამეწერა ჩემი ბიოგრაფია და მეც ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე დავწერე ჩემი დაბადების შესახებ.
”დავბადებულვარ და ახალი წელიც გათენებულა, ჩემი ოჯახი ერთდროულად ზეიმობდა ჩემს დაბადებას და ახალი წლის მობრძნებას...” სახლში მისულმა სიამაყით და სიცილით მოვყევი ”ჩემი ახალ წელთან უპირატესობის ამბავი”. უცებ მამაჩემი მომიბრუნდა და მკითხა ”ის თუ მიაწერე, - ძმა მყავდა უფროსი, თორემ მტერი არ იყო იმის მეტი ვინმეს ჩემი დაბადება გახარებოდა ახალ წელსო” ...
მახსოვს პირველად როდის გავაბრაზე. მაშინ ვიგრძენი მისგან ყველაზე დიდი სასჯელი. საღამოს მის გულზე თავის დადება და დაძინება მიყვარდა. იმ დღეს ეს ”ამეკრძალა”.
მე მისი განებივრებული ”ნაკულა” ვარ (ასე მეძახის). საბავშვო ბაღში, თუ სკოლაში მამას თუ არ ეცალა, მის მეგობრებს მივყავდი და მოვყავდი. პირველ სამსახურშიც ასე იყო.
ერთად დავდიოდით სანადიროდ, სათევზაოდ, ფეხბურთის მატჩებზე, დღესაც მახსოვს, როგორ ჩამოახსნევინა დედაჩემს ”შუშაბანდიდან” ტილოს ფარდები და წითელი საღებავით დააწერა ”გურია ჩვენი სიხარულია”. დედა, რომელიც ”კაცების საქმეში გარევას და აქტიურობას” მიკრძალავდა, ამ ყველაფერში ოლიმპიური სიმშვიდით ეხმარებოდა მამას და მე გაოცებული ვუყურებდი ხან ერთს, ხან მეორეს. პირველად სტადიონზე რომ წამიყვანა გამაფრთხილა: გოგო ხარ და ბევრი არ იყვიროო... მაგრამ გაფრთხილება მასაც დაავიწყდა და თვითონვე მეუბნებოდა ”გურია” დაიძახეო. მეც ვუკრავდი ტაშს და ვყვიროდი ბოლო ხმაზე. მეამაყებოდა მის გვერდით ასეთ სიტუაციებში ყოფნა. მე ხომ მამიკოს განებივრებული გოგო ვიყავი და ეს შეუმჩნეველი არ რჩებოდა. ძმაკაცივით გადავხვევდი ხოლმე მამას ხელს.
ის ჩემი ფიქრია და მე მისი. ჩვენ თითქოს ერთი გული გვაქვს და ეს გულიც თანაბრად გვტკივა. სხვანაირად არც შეიძლება რომ იყოს. ზუსტად ვიცი, რომ დარწმუნებულია, ნებით არასდროს ვატკენ გულს. ბედისწერას კი ვერ ავცდებით.
ორი წლის წინ თბილისში მაცილებდა, საშინელი ამინდი იყო, მისი მანქანიდან თანამშრომლის მანქანაში უნდა გადმოვმჯდარიყავი. კარი გამიღო, ხელში ამიყვანა და მეორე მანქანაში ხელში აყვანილმა ჩამსვა.
ეს წუთიც საკმარისია იმის სათქმელად რომ ის ყველაფერია.
2010 წელს, ლანჩხუთიდან სახლში მამათის გავლით ფეხით მოვდიოდი, პირველად ვიმგზარე ამ სოფლის გზით. ერთ ეზოში მამაკაცი დავინახე და ვკითხე:
- უკაცრავად, აკეთში ამ გზით ხომ გადავალ?
- კი ბიძია, ვისთან მიდიხარ? - მიპასუხა კითხვით.
მომერიდა მეღიარებინა, ჩემი სოფლის გზა რომ არ ვიცოდი და მოკლედ ვუპასუხე,- ნუგზარი ჩხაიძისას.
- კარგი კაცის ოჯახში კი მიდიხარ ბიძია. ვისაც არ უნდა ჰკითხო, ყველა მიგასწავლის ნუგზარი ჩხაიძეს, ერთი შვილი სტომატოლოგი ყავს. (ჩემი ძმა) - გამომძახა ეზოდან.
ახლაც მახსოვს ის ემოცია და სიამაყის განცდა. დღემდე არ ვიცი ვინ იყო ის უცნობი კაცი, ვინც მამაჩემი და მისი ოჯახი შეაქო, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი რომ დღეს ამ ძალიან კარგი კაცის, მამაჩემის დაბადბის დღეა! დღეს მესამოცე ტკბილ ნოემბერს აღნიშნავს.
დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო მეგობარო, მინდა სულ მყავდე!
ნანა ჩხაიძე