გწერ იმ ქუჩიდან, სადაც ერთი მწვანე ფიჭვი და ერთიც ოქროსფერი ჭადარი დგას გამარჯობა, ბატონო ტერორისტო, ან ქალბატონო.
გწერ იმ ქუჩიდან, სადაც ერთი მწვანე ფიჭვი და ერთიც ოქროსფერი ჭადარი დგას.
დგას ერთნაირი სახლები. კუბიკები.
მეც ასეთ სახლში ვცხოვრობ.
როგორ გიკითხო, ბატონო თუ ქალბატონო ტერორისტო?
ტროტილი ხომ არ შემოგაკლდა?
ყავა ან ჩაი?
ბატონო თუ ქალბატონო ტერორისტო,
ამ საახალწლოდ რა გეგმები გაქვს?
ვის რა სჩუქნი ან ვინ რას გჩუქნის?
მე საჩუქრების სია უკვე ჩამოწერილი მაქვს. ჩემთვის არა, სხვებისთვის:
ჩემ გოგოს, რომელსაც თოვლის პაპის აღარ სჯერა, xbox უნდა. ალბათ lego-საც ვუყიდი.
კაცს შარშან ნაჩუქარი ჯემპრი იდაყვებზე გაეცრიცა და მგონი, ისევ ჯემპრს ვაჩუქებ, ფული თუ მეყო, სუნამოსაც…
რაიმე საინტერესო კერძის სწავლასაც ვაპირებ, იქნებ წელს მაინც გავაოცო სტუმრები.
სამსახურშიც ბლომად საქმე მაქვს.
სხვათაშორის შენც ჩემ საქმედ იქეცი.
ხან სიუჟეტს ვაკეთებ შენზე. ხან ამბებს ვთარგმნი. ხან სტატიას ვწერ.
ქალბატონო ტერორისტო,
აი, სულ მაინტერესებს, ეგ ქამარი, მძიმე არ არის?
და ის მართალია? თავის აფეთქებამდე შაჰიდი ქალები ღიღინებენო?
რა ვიცი, ათასი ჭორ-მართალი დადის თქვენზე და დავინტერესდი.
ბატონო ტერორისტო, შეყვარებული გყავს?
რა ფერის თვალები აქვს? თმა?
მე ქმარი მყავს და შვილიც.
თუმცა, ეს ხომ უკვე მოგწერე.
გოგო სკოლაში დადის, გრძელი თმა აქვს და ლამაზი თითები...
შენი მეშინია.
ჩემი ქმარი, ახლა სტამბოლის აეროპორტშია. წინ 9 საათის საფრენი გზა უდევს. შორეული აზიისკენ...
შენი მეშინია.
ორ შიშს ვაღიარებ ხმამაღლა:
ფრინველების შიშსა და შენს შიშს.
დანარჩენ შიშებს მოვუხერხებ რამეს.
ბატონო თუ ქალბატონო ტერორისტო, იმედია თავი არ მოგაბეზრეთ.
უბრალოდ, მინდოდა მეთქვა:
ამდენი იმიტომ ვწერე, რომ
შენი მეშინია.
თავს ნუ გაუფრთხილდები,
არც პატივს გცემ,
არც ნახვამდის,
მშვიდობის შენ რა გესმის.
გისურვებ, სიკვდილს.
ოღონდ მარტო სიკვდილს.
ჩვენ არ გამოგყვებით.
ნინო თარხნიშვილი