16 წლამდე ნინას დედამთილის ოთახში ეძინა...
დაკარგული გოგონები
13 წლის იყო ჩემი დიდი ბებია, ნინა, რომ გაათხოვეს. შეუკერეს თეთრი კაბა, რომელსაც მისი თხოვნით, კაბის შიგნით, პატარა ჯიბე მიაკერეს. იმ ჯიბით ნინამ ქმრის სახლში კოჭები წაიღო… სათამაშოდ. ჯიბეს თუ არ მიმიკერებთ, არ გავთხოვდებიო, უტირია ნინას. ნინას ქმარი ნინია 30 წლის იყო. 16 წლამდე ნინას დედამთილის ოთახში ეძინა. მერე გადაწყვიტეს, რომ ნინა გაიზარდა და ქმრის ოთახში გადაიყვანეს. იმის მერე ნინამ 12 შვილი გააჩინა. ამ ამბავს ნინა ხშირად იხსენებდა ხოლმე. ისე ხშირად, რომ ნინა რომ მოკვდა, ექვსი წლის ვიყავი, მაგრამ კადრებად მახსოვს, შავებში გახვეული, მოკუნტული ნინა, რომელიც ვერაფრით წარმომედგინა, როგორ შეიძლებოდა ოდესმე ყოფილიყო 13 წლის გოგო, თეთრი კაბით, რომელსაც კოჭებით თამაში უყვარდა. ნინა ძალადობის მსხვერპლი იყო! დაკარგული ბავშვების ისტორიები. ამბავი დღესაც გრძელდება. არაფერი შეცვლილა.
ნინო თარხნიშვილი