ყველა ოჯახში რომ ბედნიერი ბავშვები იზრდებოდნენ, სამყარო სრულყოფილი იქნებოდა ყველა ოჯახში რომ ბედნიერი ბავშვები იზრდებოდნენ, სამყარო სრულყოფილი იქნებოდა. დღეს ბევრი მოზრდილი იტანჯება დეპრესიით, მარტოობით, არარეალიზებულობით... მათაც მშობლები ზრდიდნენ და ბედნიერებას უსურვებდნენ, მაგრამ ყოველმა მეორე მოზრდილმა ადამიანმა არ იცის - ბედნიერია თუ არა დღეს.
ბედნიერების შეგრძნება, რა თქმა უნდა, საჭიროა. მნიშვნელოვანია ყველაფერი: სად, როგორ და ვისთან ერთად ვცხოვრობთ. ცხოვრებისეული გამოცდილება, განათლება და შინაგანი კულტურა, მნიშვნელოვანია ასევე სულიერი სიჯანსაღის დონე. პრინციპული როლი მიუძღვის ფიზიკურ ჯანმრთელობას.
რაც მეტია მნიშვნელოვანი ფაქტორი, მით მეტია ალბათობა იმისა, რომ შეიგრძნო ნამდვილი ბედნიერება. ნახეთ, როგორ სამყაროში ვცხოვრობთ დღეს: არანორმალური სიჩქარე, მძაფრი კონკურენცია, ომი, კატასტროფა და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი უარყოფითი ფაქტორი. ადვილია თუ არა ასეთ სამყაროში უბრალოდ იყო ბედნიერი?
ფსიქოლოგთან კონსულტაციებზე ბევრი ადამიანი დადის. ბიჭები და გოგონები, ქალები და კაცები, ბავშვები და მშობლები. ისინი გაერთიანებული არიან ერთი სურვილით - ეძებენ ბადნიერებას. ყველა თავისებურად აკეთებს ამას: ვიღაც ტირის - რადგან ვერ შეიგრძნო ის, ვიღაცამ შეიგრძნო, მაგრამ ვერ შეინარჩუნა. არიან ისეთებიც, ვინც ცდილობს მის დავიწყებას.
არსებობენ მშობლები, რომლებმაც იციან, როგორი უნდა იყოს მათი შვილების ბედნიერება. ძნელია ამოიცნო ბედნიერების ფურმულა, რადგან ის თითოეული ადამიანისთვის უნიკალურია. იყო მშობელი - უპირველეს ყოვლისა ეს საკუთარი სიმწიფის გამოცდაა. ბედნიერებას ყველა საკუთარი საზომით ზომავს. იგი არ იყიდება, მას ვერ ითხოვ და ვერავის წაართმევ. თქვენი ბავშვების ბედნიერება მათ ნიჭსა და შესაძლებლობებზე, მათ რეალიზებაზეა დამოკიდებული.
მშობლის ამოცანაა ყურადღება მიაქციოს შვილის სურვილებსა და ოცნებებს, მის მისწრაფებას, ნიჭსა და მონდომებას. მასთან ერთად ითამაშოს, აუხსნას, უჩვენოს, ერთად მოუსმინონ მუსიკას, ერთად იცინონ და იტირონ, არ უარყოს და არ გააუფერულოს მისი ინტერესები. მიეცით უფლება, შემოქმედებითად გაიზარდოს იმ სფეროში, რაც ყველაზე მეტად აინტერესებს და სადაც მისი ნიჭი დევს. სწორედ იქ არის მისი ბედნიერება.
ძვირფასო მშობლებო და პატივცემულო უფროსებო! ეს ყველაფერი არ არის. შექმნა ის, რაც შეგიძლია - ცოტაა. საჭიროა ეს გაუზიარო სხვასაც. გასცე ის, რაც შექმენი. რასაც შექმნი - ძალიან უნდა გიყვარდეს. ის კი, ვისზეც გასცემ - უფრო მეტად უნდა შეიყვარო.
როგორ გვიყვარდეს და რისთვის, როგორ ვისწავლოთ და შემდგომ როგორ ვასწავლოთ ჩვენს შვილებს - ეს უკვე სხვა გამოცდა და სხვა ისტორიაა. სხვათა შორის, არც ისე უიმედო ისტორია...