ზოგჯერ მინდა, ბოდიში მოვუხადო ამ ჩემი დამალული სიყვარულისთვის... ზუსტად 27 წლის წინ, 8 დეკემბერს, ერთი კაცი დაიბადა.
მისი დაბადება არ მახსოვს. მახსოვს ის, რომ ფანჯარასთან ვიდექი, გარეთ თოვდა, დედაჩემი კი არ ჩანდა.
ჰოდა არ მახსოვს, როგორ გავიცანით ერთმანეთი.
მერე ვიზრდებოდით. არაფრით ვგავდით ერთმანეთს, თვალის ფერის გარდა. მაგრამ ხან მგონია, ჩემგან ამოიზარდა, ფერდიდან გამომეზარდა, ჩემი მთავარი ძარღვიდან, ჩემზე უფრო ღონიერი, უფრო ნამდვილი, ძლიერი და სამუდამო.
ერთი საღამო მახსოვს, ბავშვები ვიყავით, ჯერაც ბავშვები, ზამთრის ღამე იდგა, დასაძინებლად ვემზადებოდით და უცებ მითხრა, იცი რა ლამაზი ხარო, ძალიან ლამაზი ხარო. არ ემახსოვრება თვითონ, მე მახსოვს.
არ ვეუბნებოდით ხოლმე ერთმანეთს ასეთ რაღაცებს. არის ასეთი სიყვარული, იმდენად დიდია, ვერაფერს მოუხერხებ. რა სიტყვაში უნდა ჩაეტიოს.
და ზოგჯერ მინდა, ბოდიში მოვუხადო ამ ჩემი დამალული სიყვარულისთვის, ჩუმი სიყვარულისთვის. იმისთვის, როგორ ვუთვალთვალებდი ხოლმე, როგორ ვუყურებდი, როცა ვერ მხედავდა და როგორ მიყვარდა. და როგორ ვერ ველაპარაკებოდი ამაზე. და როგორ ვერ ველაპარაკები საერთოდ. და როგორ ვბრაზდები ამ უსაშველო, ამ უსასრულო სიყვარულის გამო.
ორი წელი და სამი თვეა, არ მინახავს. გადასახლდა და ჩემი ცხოვრება ისე შეიცვალა, თითქოს გადმობრუნებული ტანსაცმელი ჩამეცვას.
ზუსტად 27 წლის წინ, ალბათ თოვლიან 8 დეკემბერს, ჩემი ძმა დაიბადა.
ლაშა, გილოცავ.
ოღონდ იყავი. ბედნიერი იყავი. მეტი არაფერი მინდა.
ლია ლიქოკელი