როგორ იხსენებს ვაჟის მკვლელობის ამბავს და რას ამბობს ერთადერთ მუზაზე - ცოლზე... "ფშავში მიყვარს განმარტოება. ქედის იქით ძალიან კარგი პოეტი ცხოვრობს - ტარიელ ხარხელაური. ის მეუბნება: ფშავლებში ცხოვრობ, კარგი ქართულით ლაპარაკობენ, მწერალი ხარ და ძარცვე ეგ ხალხიო" - მითხრა ხუთი თვის წინ გურამ ქართველიშვილმა. მახსოვს, მაშინ გავიფიქრე, ჩავწერ ბატონ ტარიელს-მეთქი. ახლახან კი რედაქტორმა მითხრა, იცი, თეონა ქუმსიაშვილის სიმღერის - "შენ ჩემო დიდო ტკივილო" ლექსი ხარხელაურს ეკუთვნის, შვილი ჰყავს გარდაცვლილიო... ახლა წინ მისი ნაჩუქარი კრებული - "მინდვრის ფსალმუნები" მიდევს და წინასიტყვაობისგან გაოგნებული თავს ვერ ვუყრი სათქმელს. "ეს წიგნი დიდმა ტკივილმა წერა. ნუ შეგაკრთობთ ცრემლი, რომელიც კაცის თვალებიდან იღვრება. ეს ყველა მამის ცრემლია, რომელიც არა თუ არ ჩამოუვარდება დედის ცრემლს, შეიძლება კიდევაც გადაამეტოს ტკივილთა სიმძაფრეში. ღმერთმა დამიფაროს, რომ მარტო ჩემს ტკივილს ვჭირისუფლობდე, ყველას შვილს დავტირი, ყველას ტკივილი მტკივა..." აქ ჩემი ემოციები ყოვლად უადგილოა. მე უბრალოდ მინდა ამ გენიალური პოეტის სულის ვიწრო სარკმელში შეგახედოთ, რომელიც ამ ტკივილიანმა ხევსურმა ჩვენთვის შეაღო. ამ ხევსურს კი ვახუშტი კოტეტიშვილმა "კაი ყმა" უწოდა.
"არ გაიარო თავდახრილმა ჩემ გამო, შვილო"
"სურათის გადაღება კი არა, ჩემ თავს რომ ვხედავ, მეზარება" - გვითხრა ქალბატონმა მარინა ხარხელაურმა.
"არც მე მილხინდა, მაგრამ ურთიერთობების დროს უარს ვერ ეტყვი ფოტოს გადაღებაზე, ინტერვიუზე. მას ხომ სიამოვნებს შენთან ერთად, რა უფლება გაქვს ამ სიამოვნებაზე უარი უთხრა? რ უფლება მაქვს ჩემი ტკივილი თავს მოგახვიო? თუ ჩემი ტკივილი შენადაც იქცა, მაშინ ერთი სატკივარის ჭირისუფლობა შეიძლება.
ბექა რომ დაიბადა, იმის განცდა მქონდა, რომ ჩვენ წუთისოფლის ერთად გალევა გაგვიჭირდებოდა. პირიქით მეგონა, რომ ცოტა ადრე მე მომიწევდა ამ სოფლიდან გასვლა. ლექსი დავუწერე: "როგორც ეტყობა - გაზაფხულს ისევ უშენოდ გავილევ, ალბათ, სწორია, სამყარომ ერთად ვერ გვზიდა ორივე. მე ვერ შემბედა, საწუთრო ვერანაირად მიმოკლა, გარს მივლის, მეფოლორცება, ჩამოტეხილ მხარს მილოკავს..."
მას ჩემზე უკეთ შეეძლო მამულისთვის ემსახურა. სიყვარულის მატარებელი, რაინდული სულის პატრონი იყო, ჩემგან საოცრად განსხვავებული. ხევსურული სისხლის პატრონი ჩხუბს არასდროს მოვრიდებივარ. ის ერიდებოდა. ერთადერთი, რასაც ვერ იტანდა და მდგომარეობიდან გამოიყვანდა, დედის შეგინება იყო. იმ დონეზე უყვარდა დედა, ამას არც მე მაპატიებდა. და ამას შეეწირა კიდეც. თიანეთში, ჩვენს სოფელ სიმონიანთხევში იყო. საღამოს ახალგაზრდები შეიკრიბნენ. ერთმა მათგანმა ჩვენ სოფლელ ბიჭს შეურაცხყოფა მიაყენა. ბექას უთქვამს, ნასვამი ხარ, გეყოფა, ჩემ სოფელში, უნდა გაიცინებს, უნდა - არა, შენ ვინ გეკითხებაო. იმან შეაგინა... ბექა ფიზიკურად ძლიერი იყო და ის ბიჭი სცემა. მერე უთხრა, ხვალ შევხვდეთ, შენც გამოფხიზლდები და თუ დამნაშავე აღმოვჩნდები, ბოდიშს მოგიხდიო. მეორე დღეს ჩვენი სახლის უკან გადმოვიდა და პირდაპირ იარაღი ესროლა. 23 წლის ბიჭი მომიკლა... მე თბილისში ვიყავი.
ჩემთვის ძალიან მძიმეა. სხვანაირად განვიცდი. ყველა მისი მოძრაობა გონებაში მაქვს შენახული. როგორ ადიოდა კიბეზე, როგორ ჩამოდიოდა, როგორ იცინოდა, როგორ აღვიძებდა მეზობლებს სიმღერით, როგორ შეუვარდებოდა დილით... სოფელში რომ ავდივარ და მის საწოლს გადავხედავ, მგონია, რომ იქ წევს. "ბარგს შევკრავ, ვიცი, გრიგალი მალულად გაიქილიკებს, ერთხელღა ამოვიბღავლებ, მერე შენს ნავალ ბილიკებს მოვძებნი, გულში ჩავიხვევ - ნისლივით დავეწურები, ქარი ჩემს საფლავს წააყრის მტვერს შენი ნაფეხურების."
ამ ტრაგედიის შემდეგ ვაპირებდი საერთოდ გამენადგურებინა რაც კი რამ მქონდა დაწერილი. რომ არა ბიზნესმენ ომარ ქუცნაშვილის მოთხოვნა და იძულებით გადადგმული ნაბიჯი (სტამბაში წინასწარ გადახდილი ფული) გაგრძელებას არ ვაპირებდი. ლექსებს ვწერდი და ვხევდი. არ მეგონა, მკითხველისთვის თუ კიდევ ვიქნებოდი საინტერესო. ის პირველი კრებული 2004 წელს გამოვიდა. მესამე კრებულის გამოცემა უკვე თქვენმა თაობამ მოითხოვა და მარტში იგეგმება.
მე როცა ვთქვი ლექსი - "სამშობლოვ ჩემო, პოეტი შენ ხარ, მე შენი ენით მოლაპარაკე" - მას შემდეგ უფლება არ მქონია ჩვეულებრივი მოკვდავივით მეცხოვრა, ვინც ყოველდღიურ მოთხოვნილებაზე აგებს თავის ყოფას. არჩევანის წინაშე დავდექი. ცხოვრება უნდა შემეცვალა. ხომ არ მაქვს უფლება, რომ ბედნიერი ვიყო, მაგრამ გარკვეულწილად ვარ ბედნიერი. ჩემს გვერდით ხომ ჩემი შვილების თაობა მოაბიჯებს. ცოტა ხანს მაინც ვიყოთ ბედნიერი ამ წუთისოფელში.
მყავს ორი ქალიშვილი - გვანცა და სოფო, და შვილიშვილები. ამბობენ, შვილიშვილი შვილზე მეტად საყვარელიაო, მაგრამ ჩემში, ამ ტრაგედიამ, ეს გრძნობა იმდენად მოკლა, რომ ხანდახან ჩემი თავიც კი მძულს, რომ შვილიშვილი ჩემ შვილზე მეტად არ მიყვარს. ის ყველაზე მეტად მიყვარს.
დიდ ბოდიშს გიხდი, შვილო, ასე რომ დაგამძიმე..."
"შენ ჩემო დიდო ტკივილო"
თეონა ქუმსიაშვილის ტრაგედია ყველას გვახსოვს და ჯერ ისევ მოუშუშებელი იარაა. მისი ბოლო სიმღერა დაუვიწყარია. არადა, ასე ტკივილით სავსედ ნამღერი სიმღერის ლექსი თავის დროზე შეყვარებულ პოეტს თავისი მომავალი მეუღლისთვის მიუძღვნია. განაგრძეთ კითხვა