დედა ამ დროს ტელეფონითაა გართული და უდიდესი ენთუზიაზმით ლანძღავს მეზობლის ქალ ლეილას, რომელიც გაუწურავ სარეცხს ფენს
დედა და შვილი "გარაჟის" წინ დგანან. "გარაჟში" რამდენიმე თვის სეტერი დაკუნტრუშობს. ბავშვი აღფრთოვანებულია, დედა ისერა. დღეა მზიანი და ხალისიანი, სეტერი კუნტრუშს აგრძელებს, ბავშვი - აღფრთოვანებას, დედა - ისერად ყოფნას. მე ისინი მოსახვევიდან შევნიშნე. ამ ძაღლს კარგად ვიცნობ და რაც მე მას ვიცნობ, ის სულ იმ "გარაჟშია" და გამვლელს არ ტოვებს მოუკითხავს. მივუახლოვდი და შვილის ხმა მომესმა.
- დედა, შეიძლება ხელი მივადო?
ძაღლს ვერ მიადებდა, გარაჟის კარი იგულისხმა. დედა ამ დროს ტელეფონითაა გართული და უდიდესი ენთუზიაზმით ლანძღავს მეზობლის ქალ ლეილას, რომელიც გაუწურავ სარეცხს ფენს და ისედაც არაა მთლად კარგი ადამიანი. ხოლო ამ ყველაფერს, როგორც მე ვიგუმანე, მეორე მეზობელს უყვება, რომელიც თავის მხრივ მერე ყველაფერს ლეილას ჩაუჭიკჭიკებს.
ტელეფონით გართული დედა ასწრებს, ახერხებს და ლეილასადმი მიძღვნილი შავბნელი სიტყვების ქარაშოტში შვილს ეუბნება.
- ხელით არა!
სიმართლე გითხრათ ვერ მივხვდი, რატომ დაუშალა ხელით შეხება, გარაჟის რიკულები კი იყო ჭუჭყიანი, მაგრამ ვერც ამ ბავშვის ხელები დაიკვეხნიდა დიდი ბზინვარებით.
- ფეხით?
ბავშვმა იკითხა და მეც მათ მივუახლოვდი.
- წარმოგიდგენია, იმ დღესაც ის თავისი ლურჯი ზეწარი, ათია წელია აქვს მგონი, გაფინა და მოდის წყარი წურწურით, ფეხით კი, შვილო, ოღონდ ფრთხილად, ვიცი მე შენი ფეხის ამბავი, მოდის და ჩამომირეცხა მთლიანად ბავშვის სარეცხი, ფრთხილად-თქო, შვილო...
ხოლო, სწორედ ამ შვილმა, ვისი ფეხის ამბავიც დედამ კარგად იცოდა, გარაჟის კარს წიხლი მიკრა და თვით ჩემთვისაც კი მოულოდნელად კარი გაიღო. და თქვენ იცით რა ხდება როდესაც იღება იმ გარაჟის კარი სადაც რამდენიმე თვის სეტერი კუნტრუშობს? ნამდვილად!
გამოკუნტრუშდა ეს შენი ძაღლი და გაიქცა, ვინ იყო იმის დამწევი.
დედამ ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო, იქიდან ჯერ კიდევ ისმოდა მეზობლის ქალის აღშფოთებული შეძახილები, შვილს ხელი წაავლო და ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიშველა ღმერთმა, უკვე კარგად ვიყავი მოცილებული იქაურობას, თორემ არც მოწმეს დატოვებდნენ ალბათ.
ასეა, რასაც ვერ აკეთებ ხელით, აუცილებლად გამოგივა ფეხით.
სეტერის რა გითხრათ, დაიკარგა ალბათ, იმან რა იცის ჭკუა, ოთხივე ფეხი აქვს.
ლექსო პაიკიძე