ისეთი უსუსური და საწყალი ხდები... ისეთი...
საათის ისარი უფრო ღმამაღლა წიკწიკებს...
სიჩუმეც ხმაურობს გულის გამაწვრილებლად
ყველა და ყველაფერი შენს ნებისყოფას ცდის...
ითმენ ცრემლებს...
უძლებ გულის საშინელ ხმაურს... რომ მძიმდება... დიდდება და ბოლოს ყელიდან ამოსვლას ლამობს... შენ კი ნერწყვს ყლაპავ და ისევ აწვები, რომ საგულეს დაუბრუნდეს... იქნებ გული სულაც არაა... იქნებ სულია ღმერთმანი... ვინ იცის...
ყველა ნივთი ჭკუიდან გშლის, რასაც ეხები და ხმაურობს...
არ გინდა გაიღვიძოს...
ხან თავთან ჩამოუჯდები, ხან ფეხებთან... კატასავით ხარ... უმწეო და სითბოს ეძებ...
დიდხანს უყურებ მის სახეს...
ითვლი, ითვლი წლებში დაკარგულ მოგონებებს... როცა შენ იწექი ასე... როცა შენ გქონდა სიცხე და შენ გადებდა შუბლზე ცივ საფენებს...
რა მოუხერხებელი ხარ... ვერასოდეს ვერ გააკეთებ ამას ისე, როგორც ის აკეთებდა... მაგრამ მაინც ცდილობ, საბანი გაუსწორო...
ფანჯრიდან შემოსული სინათლე გაარიდო...
არადა, რა ლამაზია მისი სახე ამ მშვიდ სინათლეზე...
ყველაფერი უხდება... ავად ყოფნაც კი...
გინდა ილოცო... პირჯვარი გადაისახო... უფალს სთხოვო მისი კარგად ყოფნა... მაგრამ ხვდები, რომ თავადაა სალოცავი... მერე ამ აზრის გამო, ვერც პირჯვარს იწერ, ვერც ლოცულობ... ზიხარ და უყურებ... ბეჭებდახრილი მხოლოდ უყურებ და თბები... მშვიდდები... განა ასეთი განცდა არ არის სალოცავშიც?
ისეთი უსუსური და საწყალი ხდები... ისეთი, რომ... ტირილისაც გრცხვენია... ნეტავ რას იზამ, ახლა რომ გაიღვიძოს და თვალებში შემოგხედოს... ალბათ ტირილით მოკვდები...
თვალებს არიდებ და ფანჯრისკენ გადაგაქვს მზერა...
ლარნაკში ყვითელგულა გვირილები აწყვია... მისი საყვარელი ყვავილები... ძალიან თუ დააკვირდებით გვირილას, ის აუცილებლად გაგიღიმებთ... ეს არც ერთ ყვავილს არ შეუძლია.. .მხოლოდ გვირლას... რადგან გული ყვითელი აქვს, ეს ნიშნავს, რომ მზეს ჰგავს... თბილია და პოეტური... ზუსტად ისეთი, როგორც დედა...
ხომ არ იღიმება ახლა...
ხომ დახუჭული აქვს თვალები, მაგრამ მაინც სავსეა სითბოთი...
მაინც მხედავს და მაძლიერებს...
საოცარია, რამდენი რამის მოცემა შეუძლია ავადმყოფ დედასაც კი...
ზიხარ და შენივე უმწეობა გახრჩობს... არ იცი, რა გააკეთო, ხელი რას მოკიდო ,კიდევ მერამდენედ უნდა შეუსწორო საბანი, გაასწორო მისი ქოშები... ადგილი შეუცვალო თერმომეტრს და მერე ისევ პირვანდელ ადგილზე დააბრუნო...
ძინავს...
შენ ითვლი მისი სუნთქვის ხმას...
სიჩუმის ხმაურს...
ამ ქვეყნად ყველაზე ხმხმაღალი ხმა საათის წიკწიკია...
და გძულს შენი თავი, რომ არაფერი შეგიძლია...
საკუთარი უმწეობისგან გული გერევა...
ამას საავადმყოფოს სუნიც ემატება...
მხოლოდ ერთი რამ გინდა, თვალი გაახილოს და გაიღიმოს...
და ეს მანამდე გააკეთოს, სანამ საკუთარი თითები შემოგემტვრევა... სანამ გულს მკერდში ძაღლივით აბამ...
როცა დედა ავადაა, გეჩვენება რომ ბუნებაც ავადაა... მზეც, ცა და გვირილებიც...
ყველაზე მეტად ახლა ის აზრი მიწამლავს გონებას, რომ შენ ბევრად უფრო ბედნიერი ხარ, შენს ადგილზე შენ რომ ხარ ახლა და არა მე...
ვზივარ... გიყურებ და არ ვიცი, სად წავიღო სხვაგან თვალები...
ღმერთო, რამდენი პატარა ღვთისმშობელია ამქვეყნად...
ანა ლაშხელი-ონიანი