ადამიანები ხშირად ტყუიან... რას გაიგებ მაგათსას, უნდათ და ტყუიან, ამბავს იგონებენ *****
ობობამ ფანჯრის კუთხე იპოვნა, ერთხანს მზეს მიეფიცხა და მერე პირველი ძაფი გაჭიმა.
- სამი დღე?
- რა სამი დღე? - ჭრელმა, დიდმა, პეპელამ ფრთები შეისწორა და შვილს გახედა.
- სამი დღით ვართ?
- ვინ გითხრა ეგ სისულელე?! - დედა გამკაცრდა.
- გოგონა დამდევდა დღეს, ბადით დამდევდა და იმ ქალმა უთხრა, ნუ დაიჭერ, მაინც სამი დღის სიცოცხლე აქვთო.
- ტყუილია! ადამიანები ხშირად ტყუიან.
- რატომ?
- რას გაიგებ მაგათსას, უნდათ და ტყუიან, ამბავს იგონებენ.
- ამბავი რა არის? - პატარა პეპელას პატარა ფრთები ჰქონდა, დედასავით დიდი ფრთები სურდა.
- ამბავი არის დასაწყისი.
- ანუ პირველი დღე?
- მაინც შენსას გაიძახი?!
- არ გაბრაზდე, მეორე დღეს რა ჰქვია?
- მეორე დღეს სწავლა ჰქვია.
ობობამ ფარდაგი მოქსოვა და დასვენება გადაწყვიტა.
- და რა ჰქვია მესამე დღეს?
- მესამე დღეს სიყვარული ჰქვია.
- ეგეც ადამიანებმა მოიგონეს?
- არა, სიყვარულმა მოიგონა ადამიანი.
- კარგი ყოფილა მესამე დღე.
- ჰო, კარგია, - ასე თქვა დიდმა პეპელამ და მერე ჩუმად დააყოლა, - ცუდია, მესამე დღით რომ მთავრდება ყველაფერი.
ობობას ბევრი არ უფიქრია, ადვილად გააკეთა ყველაფერი. პეპელა შორდანვე შენიშნა...
- ლამაზად ვქსოვ, - ასე, ჩაილაპარაკა ობობამ, - კიდევ ბევრი მოფარფატდება.
დაობლებულმა პეპელამ კი იმ დღეს შიში ისწავლა. მეორე დღე იყო.
ლექსო პაიკიძე