"ადამიანის წარმატებით ისე არავინ გაიხარებს, როგორც დედა..." - პეტრე კოლხი დედაზე ყველაზე მეტად დედის გამოგზავნილი წერილები მახარებდა. რა უნდა ჩამოეტანათ სოფლიდან, ბარათებზე მეტად ღირებული და საჭირო ყოფილიყო. ყველას ერთი სათაური ჰქონდა - "პაატა დედი".
წაკითხვისთანავე ვიშლებოდი, მოსაბრუნებლად დრო მჭირდებოდა, შინაარსი რომ გამეგო... ხშირად სათაურით ვიწყებდი და ვამთავრებდი, დროგამოშვებით კი ორ გვერდიან ნაწერს კვირიდან კვირამდე ვკითხულობდი, წმინდა წერილივით ყოველდღიური საკითხავი რომ ყოფილიყო...
მეც ვუგზავნიდი პასუხებს, ოღონდ უსათაუროდ... როგორც წესი შვილის ბარათს სათაური არ სჭირდება. დასათაურება უცხოს აახლოებს, ახლობელს კი აუცხოვებს... პერიოდულად ცარიელ ფურცლებს ვუშვებდი... ქაღალდის ბოლოს მივაწერდი-სითეთრეში შენ რაც გაგახარებს ის ამოიკითხე თქო... წყინდა, ვინ იცის როგორ იტირებდა-ჩემს შვილს ორი სიტყვის მოწერაც დაეზარაო-იფიქრებდა კიდეც... წერა-კითხვა კი არასდროს მეზარებოდა, მაგრამ ყველა სიტყვა მებანალურებოდა იმასთან, რისი თქმაც მსურდა... დღემდე უსიტყვოდ ვწერ... ცხადია, მას არც ერთი ბარათი არ მისდის, მაგრამ რასაც ვაკეთებ, ან მომავალში გავაკეთებ, უსათაურო წერილი იქნება, რომელიც მხოლოდ დედამ უნდა წაიკითხოს, რადგან მას სხვა ვერავინ გაიგებს... ამ შემთხვევაში კი მთელი სამყარო ,,სხვაა"... ადამიანის წარმატებით ისე არავინ გაიხარებს, როგორც დედა...
პეტრე კოლხი (მამა პეტრე)