- შენც არ მოკვდები, ბაბუ? - შენ თუ გიყვარვარ, არა... ყვითელი ტრანსპორტის ჩანაწერი
- იცი ბაბუ, აი, იქ, 51-ე სკოლის გვერდით, ჩემი მეგობარი ცხოვრობდა, - შუახნის კაცი, პატარა ბიჭს მარცხნივ უთითებს.
- ხშირად ავადმყოფობდა. მაშინ სტუდენტები ვიყავით. რომ გავიგებდი ცუდად გახდაო, გავრბოდი აფთიაქში, ქვევით, ზემელზე, წამლის საყიდლად. ისე მეშინოდა, რამე არ მოსვლოდა. სულ მეშინოდა...
კოსტავადან ახალ გზაზე შევდექით, გმირთა მოედნისკენ.
- აი აქ ბაბუ, მაუდის ქარხანა იყო, მილებიდან ბოლი ამოდიოდა და ამოდიოდა...
ხილიანის ასახვევს რომ გავუსწორდით, ისევ მიუბრუნდა პატარა ბიჭს:
- აი, მთელი ბავშვობა აქ გავატარე, ბაბუ... როგორ მენატრებიან ხოლმე ჩემი მეგობრები.
დიდი ხნის დუმილის შემდეგ ბიჭი მიუბრუნდა ბაბუას:
- ბაბუ, ის შენი მეგობარი, ავად რომ ხდებოდა ხოლმე, მოკვდა?
- არა ბაბუ, არ მოკვდა, გარდაიცვალა. ვინც გიყვარს, ის არ კვდება.
- ანუ, შენც არ მოკვდები ბაბუ?
- შენ თუ გიყვარვარ, არა...
ბაბუა და პატარა ბიჭი პეკინზე ჩავიდნენ. ყვითელ "მარშრუტკაში" ირაკლი ჩარკვიანი მღერის... "ისევ ისე გადის დროოო, არ მანებებს თააავს, გაუმაძღარ სიყვარულს ეს ცხოვრება ჰგააავს"...
იმ კაცის იაფფასიანი ოდეკოლონის სურნელი გამომყვა სახლში...
ნინო თარხნიშვილი