"ამ ვალის მთელი სიმძიმე, რომელიც 2030 წლამდე უნდა გავისტუმროთ, დააწვება ჩემს ქმარს და შესაბამისად ჩემს შვილსაც..."
2030 წელი. ასე ჩაიწერა საბანკო დოკუმენტებში თარიღი ჩვენი კრედიტის დაფარვისა. მას შემდეგ ვღელავ. მას შემდეგ გაცილებით მძაფრად აღვიქვამ ყოველ თავის ტკივილს. ყოველ გულის აჩქარებას. ყოველ დაცემინებას, იმიტომ, რომ მგონია, რომ ეს არის ბოლო და მე ვკვდები. და ამ ვალის მთელი სიმძიმე, რომელიც 2030 წლამდე უნდა გავისტუმროთ, დააწვება ჩემს ქმარს და შესაბამისად ჩემს შვილსაც. მას შემდეგ, რაც 15 წლით განისაზღვრა ჩვენი ვალის ხანგრძლივობა, გაცილებით მწვავედ აღვიქვამ ჩემი კაცის ფრენას სხვადასხვა მხარეს და როცა მის თვითმფრინავს ველოდები ხოლმე ღამღანობით საწოლში გაყურსული, ყურს ვუგდებ შორიდან, ძალიან შორიდან მოგუგუნე თვითმფრინავებს და თვალდაჭყეტილი ვცდილობ გამოვიცნო, იქნებ ქალაქის ბოლოში, აეროპორტში, სწორედ ის თვითმფრინავი ეშვება, რომელსაც ჩემი კაცი მოჰყავს სახლში. და მერე წამით მიკრთება ფიქრი, უცებ რომ გავიგო აფეთქების ხმა, თვითმფრინავის აფეთქების ხმა და დაფეთებული ბალიშს ვიფარებ თავზე.
იმ დღეს სიზმარი ვნახე, ვითომ მოკვდა ჩემი კაცი. და იმაზე კი არ ვდარდობდი, რომ ის მოკვდა, იმაზე ვდარდობდი, რომ ის ვალი, რომელიც 2030 წლამდე უნდა გვეხადა ერთად, მარტოს დამაწვა ბეჭებზე და ვბრაზობდი, რატომ გადაწყვიტა ამ ადამიანმა სიკვდილი მაინცდამაინც ახლა და რატომ დამტოვა კრედიტთან მარტო... და რომ გამეღვიძა ოფლად დაღვრილს, გავაცნობიერე, რომ ჩემსა და ჩემ კაცს შორის ჩადგა ვიღაც მესამე და ეს ვიღაც მესამე არის კრედიტი, ლურჯი პიჯაკით, ცისფერი ჰალსტუხითა და თეთრი პერანგით, რომელსაც სარკესავით გაპრიალებული შავი მოკასინები აცვია. სახეზე კი მომწვანო ფერი დაკრავს.
და მე მივხვდი, რომ კრედიტი იქცა სულიერ არსებად, რომელიც ოჯახში შემოგვისახლდა, და რომელსაც როგორც ჩვენ გვესაჭიროება მოვლა-პატრონობა, კვება და ამისათვის ყოველთვიურად გარკვეული თანხა, ისე სჭირდება მასაც.
და მას შემდეგ, რაც გავაცნობიერე, რომ აუცილებელია მომდევნო 15 წლის მანძილზე მე და ჩემ კაცს გვქონდეს სოლიდური შემოსავალი იმისათვის, რომ კრედიტი ვკვებოთ, სულ უფრო ხშირად ვფიქრობ სიკვდილზე და სულ უფრო ხშირად და მეტად მეშინია მისი. რომ არ დავტოვოთ მე და ჩემმა კაცმა ჩვენი შვილი და კრედიტი ერთმანეთის პირისპირ, სახლში მარტო და არ დაუფრთხოს ხოლმე მან ჩვენ შვილს ძილი. არ შეაშინოს, როგორც ღამის კოშმარმა. არ შეუღოს აივნის კარი ზამთრის ცივ ღამეს და არ გააციოს.
და ახლა უფრო ფრთხილად გადავდივარ ქუჩაზე, ახლა უფრო ფრთხილად ვჭრი პურს, ახლა უფრო ფრთხილად ვმოძრაობ აბაზანაში, რომ შემთხვევით, სველ იატაკზე ფეხი არ დამიცდეს და ტვინი არ მივასხა კრედიტით ნაყიდი სახლის კაფელზე...
მაპატიეთ, თუკი ამ პოსტმა თქვენც გაგიჩინათ უეცარი სიკვდილის შიში. იმიტომ, რომ ჩვენ ბევრნი ვართ...
ნინო თარხნიშვილი