შვილმკვდარი დედის წერილი ლალი მარგიანს ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს. მაღალმთიანი სვანეთის ერთ-ერთ სოფელში მასწავლებლად დაბრუნდა და იქაურ პატარებს სითბოსა და ყურადღებას არ აკლებს (იხილეთ სტატია). ხშირად გამოდის ინიციატივებით, რომლებიც მაღალმთიან რეგიონებში განათლების ხელშეწყობისკენ არის მიმართული. ბევრი იცნობს მას მხიარულ და ენთუზიასტ ადამიანად, თუმცა მისი პირადი ცხოვრება არც ისე ია-ვარდით იყო მოფენილი და ყველაზე მძიმე ტრაგედია, რაც მის ცხოვრებაში მოხდა, ერთადერთი შვილის გარდაცვალება გახლდათ... ეს ტკივილი რამდენიმე წლის წინ გადაიტანა და ცდილობს, ხშირად არ შეასხენოს სხვებს, თავად კი, რა თქმა უნდა, მუდამ გულსა და სულში აქვს. მისი ეს ემოციური პოსტიც ერთი ამოძახილია, შვილმკვდარი დედის ურყევი რწმენის გამომხატველი.
"არასოდეს შემპარვია ეჭვი უფალში!.. იმ დილითაც კი, როცა ჩემი პატარა მიიბარა, მადლობას ვწირავდი, რომ აშორა ამქვეყნიური ცოდვა-განსაცდელი...
ვცდილობ, ისე ვიარო, უკან მოხედვის არ შემრცხვეს, ამას ვევედრები უფალს!
....მჯერა, ჩემი სიმართლით და ჩემი ცხოვრებით ჩემს შვილს ბეჭებგამართულს შეეძლება სიარული!..
უფალს ვევედრები, დაიფაროს და აშოროს განსაცდელი, დაიცვას ყოველგვარი ბოროტებისგან, ავისგან! სხვისი ნაჭამი ტყემლის გამო მას არ მოკითხოს!..
...ჩვენ რთული გზა გამოვიარეთ, ღირსეულად გავუძელით ბევრ განსაცდელს, სულში ჩაფურთხებას, შიმშილს, სიცივეს, მაგრამ არ დავცემულვართ! უფალი და კარგი ადამიანები გვამხნევებდნენ, გვაძლიერებდნენ და დღემდე ვგრძნობთ ამას! უბრალოდ, მადლობის და კეთილი გულის მეტი არაფერი გაგვაჩნია, ამის გამოხატვასაც ვერ ვახერხებთ სათანადოდ....
მადლობა, უფალო, შენ!
მადლობა თქვენ, ვისაც იოტისოდენი სიტყვიერი ყურადღება და თანადგომა გამოგიხატავთ! ჩვენ მოგვიტევეთ, თუ რამ დაგვიშავებია, გვიწყენინებია ნებსით თუ უნებლიედ!..
უფალო, შემიწყალე მე ცოდვილი! უფალო, შეგვიწყალენ! უფალო შეგვიწყალენ!..
მაპატიეთ!.. გამიჭირდა და ისევ უფალთან და თქვენთან მოვვარდი!....."