დილაობით, საუზმეზე, გაშავებული ფრჩხილებით ჭამს პურს და ყველს, აყოლებს ჩაის, ხანდახან კვერცხს...
ჩემი ქმარი ოქროს მომპოვებელ საბადოში მუშაობს. აქვს ორი ჯინსი, ორი ჯემპრი და ერთი ქურთუკი.
დილაობით, საუზმეზე, გაშავებული ფრჩხილებით ჭამს პურს და ყველს, აყოლებს ჩაის, ხანდახან კვერცხს.
ჭამს ჩუმად.
მერე ჩამოიბერტყავს შარვალს, წამოავლებს ხელს კართან ჩამოკიდებულ ყვითელ ჩაფხუტს და მიდის.
მიდის ოქროს მომპოვებელ საბადოში, ზუსტად ისე, როგორც ფიფქიას ჯუჯა, ბავშვობაში რომ მინახავს ტელევიზორში.
მე ვრჩები სახლში, ვაღვიძებ გოგონას, რომლის მამაც ოქროს მომპოვებელ საბადოში მუშაობს და რომელიც ბაღში "ძონძებში" ნაყიდი კაბებით იწონებს თავს.
ახლა სადილია მოსამზადებელი. წვნიანი. დღეს ხორციანი წვნიანი ალბათ ვერ გვექნება:
გუშინ წიგნი ვუყიდე გოგოს და შოკოლადიც მივაყოლე ჩემთვის.
და როცა ყველამ დაიძინა, ჩუმად შევჭამე.
ალბათ მაპატიებს ღმერთი ამ ღორობას, წინა კვირას ხომ გოგოს ვუყიდე შოკოლადი და მე შორიდან ვუყურებდი, ჩუმად, როგორ ჭამდა რძიან შოკოლადს, როგორ ილოკავდა მოთხუპნულ ტუჩებს.
მე ოქროს მომპოვებელი კაცის ცოლი ვარ.
და მჯერა, რომ ერთ დღესაც, როცა ჩემი ქმარი ჩვეულებისამებრ გაიხურავს სახლის კარს, შეძვრება საბადოში და წერაქვს მოუქნევს კლდეს, გაიხსნება ეს კლდე და გადმოცვივდება იქიდან ოქრო, ნამდვილი ოქრო, ბრჭყვიალა...
და მხოლოდ ერთ პატარა ოქროს ნატეხს წამოავლებს ხელს ჩემი კაცი, წაიღებს ოქრომჭედელთან და გამიკეთებს ბეჭედს არათითისთვის, რომელიც წლების წინ, მაშინ გავყიდეთ, როცა გოგო უნდა გაჩენილიყო...
მალე მოვა ჩემი კაცი საბადოდან. თან მოიყოლებს ოფლის სუნს, მიწიან ფრჩხილებს და სოფლის ჯიხურში ნაყიდ ჩუპა-ჩუპსს გოგოსთვის.
ჩემი ქმარი ოქროს მომპოვებელ საბადოში მუშაობს და ყოველ საღამოს, როცა თამაშით გართულ გოგოს უყურებს, თვალებში ოქრო უელავს...
ნინო თარხნიშვილი