იყო გაზაფხული, იყო იები და იყო მამა... ჩემს (ცნობიერ) ცხოვრებაში არ ყოფილა არც ერთი პირველი მარტი იების გარეშე.
მაშინაც კი, თუ თბილისში არ ვიყავი, ჩემს მაგიდაზე პატარა თაიგული მეგულებოდა, მძაფრი და ცოცხალი სურნელით, როგორც გაზაფხულის შემოსვლის სიმბოლო და მამას განსაკუთრებული დამოკიდებულება ამ დღის, თვის, მოვლენის და საერთოდ ჩემ მიმართ.
მე 16 მარტს დავიბადე, თუმცა მამას დღესასწაული პირველიდან იწყებოდა. მიყვებოდა, რომ ჩემი დაბადება პატარა ტანის მოღუშულმა ექთანმა ამცნო - მახარობელმა, რომელიც უექოსკოპიო ეპოქაში უკვე დაბადებული ბავშვის მდედრობითი სქესის გამხელისას მიჩვეული იყო მამების იმედგაცრუებულ რეაქციებს... და აი, ასე დანანებით შეატყობინა, რომ გაჩნდა გოგო... მამას სიხარულისგან ეს ქალი ხელში აუტაცებია... და მას მერე, მთელი 33 წელი ზუსტად ასეთი ეიფორიული, გაუკონტროლებელი, მოუზომელი ემოციით ახერხებდა მარტის და ჩემი დაბადების განსაკუთრებულ დღესასწაულად ქცევას...
მაშინ ამას მიჩვეული ვიყავი და დიდად არც ვაქცევდი ყურადღებას. იყო გაზაფხული, იყო იები, არეული და გადარეული მარტის წყალობით ზოგჯერ დათოვლილი იები და იყო მამა... ვიყავი მე - შვილი, ზოგჯერ მარტივით არეული, ხშირად უდარდელი, ჭირვეული, ხანდახან უსამართლო, უნებისყოფო... რადგან იყო მამა და მე მქონდა ამ ყველაფრის უთქმელი, საიდანღაც დაკანონებული უფლება. ვიყავი გაზაფხულზე იებით, გამუდმებული ყურადღებით, შენიშვნებით, შეკითხვებით, ჭკუის სწავლებით, გაბეზრებული მოფერებით, ულევი სიყვარულით...
ვიყავი შვილი, ვიყავი უკვე დედა და მაინც შვილი, რომელსაც ამ გამოუთქმელად დიდი საყრდენის და ძლიერი ზურგის წყალობით არასდროს ეჩქარებოდა გაზრდა...
ეკა ტოგონიძე