ახლა ვფიქრობ, რა ძნელია იების კრეფა ტყეში... გულში გაზაფხული სჭირდება მაგას... გაზაფხული ბავშვობაში მაშინ დგებოდა, მამა რომ ჩაგვსხამდა მე და ჩემს დას მანქანაში და არმაზის ტყეში იების საკრეფად წაგვიყვანდა... არ მახსოვს, რა თვე იყო, რა რიცხვი... მაგრამ გაზაფხული ასე იწყებოდა ჩვენთან... ხმელი ფოთლების, აქა-იქ გაყინული თოვლის ქვეშ, ხის ძირში, ფესვებთან, ვპოულობდით ყოჩივარდებს, იებს, ენძელებს... გვეკაწრებოდა ხელები, გვეყინებოდა თითები, მამა კი გაღმებული გვიყურებდა...
მივდიოდით სახლში ტალახით მოთხუპნილები და გვხვდებოდა გაღიმებული დედა... ვკრავდით ერთად რამდენიმე თაიგულს, არჩევანი ჩვენზე იყო, ვინც ძალიან გვიყვარდა,ი მას ვაჩუქებდით... გვჯეროდა, რომ ჩვენს დაკრეფილს მეტი სურნელი ჰქონდა, ვიდრე ნაყიდს...
ახლა ვფიქრობ, რა ძნელია იების კრეფა ტყეში... გულში გაზაფხული სჭირდება მაგას... გულში გაზაფხულს გისურვებთ!
მაიკო ქსოვრელი