"მის გარდერობში ახლა ჩემი გამონაცვალი, მობეზრებული კაბები კიდია..." ჰო, ლამაზი იყო დედაჩემიც. სიტყვაზე მენდეთ. ჰქონდა წვრილი წელი. გრძელი ფეხები. აბრეშუმის თმა. სარკის წინ რომ ჩამოჯდებოდა ხოლმე, ერთად მოგროვილ თმას მხარზე გადმოიყრიდა და სქელი სავარცხლით ივარცხნიდა. ლამაზი თითებიც ჰქონდა, ნუნებამოჭრილი. კაბებიც ეკიდა გარდერობში, ყველაზე მოდური. ფეხსაცმელები აუარება. და სუნამოები ფიჯი და ჟოზე. კლიმა და ანაის-ანაის. ოქროს რგოლიც ეკეთა არათითზე...
დღეს დედაჩემი აღარ არის ლამაზი. მოდით, ჩავხედოთ სიმართლეს თვალებში. გრძელი თმა იაფფასიანმა საღებავმა გაუუხეშა. მისი ხელები შრომამ დახეთქილ მიწას დაამსგავსა. ფეხები ვენებმა დაუსერა. წვრილ წელზე წლები ქამრად შემოერტყა. მის გარდერობში ახლა ჩემი გამონაცვალი, მობეზრებული კაბები კიდია. სუნამოს, როგორც უკვდავების წყალს, ისე იზოგავს. არათითის ოქროს ბეჭედი კი წლების წინ ერთად გავყიდეთ, თავისუფლების მოედნის მიწისქვეშაში.
დიახ, მეგობრებო, დღეს დედაჩემი აღარ არის ლამაზი, არ მოგატყუებთ.
არც მისი ახალგაზრდობის ფოტოს გამოვფენ, რა საჭიროა… სიტყვაზე მენდეთ.
ნინო თარხნიშვილი