სა-მკითხველ-ომწერლის ბლოგი
"ჩვენ არ ვიცნობთ ჩვენს შვილებს, რომლებიც გაიზარდნენ" - მოზარდთა დედების სატკივარი
"ჩვენ არ ვიცნობთ ჩვენს შვილებს, რომლებიც გაიზარდნენ" - მოზარდთა დედების სატკივარი
ჩვენ არ ვიცნობთ ჩვენს შვილებს. შვილებს, რომლებიც გაიზარდნენ. შეეცვალათ ხმა, გამოხედვა, მიყარეს სათამაშოები და გამოიკეტნენ თავიანთ ოთახებში. მხოლოდ გამოკეტვაც არ იკმარეს, გაირჭვეს ყურსასმენები და კარზე წააწერეს, "აქ ვცხოვრობ მე". იშვიათად გამოგძახებენ, ჩაის დამისხამ? და მერე ისევ ჩუმდებიან. ჩვენ არ ვიცნობთ ჩვენ შვილებს და არასდროს ვიცით, როგორ მოიქცევიან ისინი ახლა, როცა გაიზარდნენ. ჩვენ ვიცოდით, რა უყვარდათ 2 წლისებს, რა უნდოდათ 4 წლისებს, რაზე ფიქრობდნენ 6 წლისები, მაგრამ ახლა, როცა ისინი 12
წლისები არიან, ჩვენ მათ აღარ ვიცნობთ, იმიტომ, რომ ისინი ოთახებში გადავიდნენ საცხოვრებლად. ზუსტად ისე არ ვიცნობ მე ახლა მას, როგორც მამაჩემი არ მიცნობს ახლა მე, რომელიც ვერასდროს წარმოიდგენს, რომ ჩემს მოთხრობებში სექსზე ვწერ. მაგრამ, ხომ ვწერ? როცა დღეს, მელიქიშვილს ჩამოვუყევით ჭავჭავაძისკენ და გზად ნანგრევებად ქცეულ შენობას ჩავუარეთ, სადაც ვერასდროს გავბედავდი შესვლას, ასე მითხრა, რა მაგარი ადგილია, აქ ალბათ მოჩვენებები იქნებიან, მოდი, შევიდეთო. მერე მომიყვა, ზომბი აპოკალიფსის შესახებ, კიდევ ვოქინგ დედ-ის შესახებ, იმ ფილმების შესახებ, რომლებსაც უყურებს. მომიყვა იმ წიგნების შესახებ, რომლებსაც კითხულობს. ყვებოდა ზომბების ამბებს და მე ვერაფრით ვიჯერებდი, რომ ამ ამბებს მიყვებოდა გოგო, რომელიც ჯერ კიდევ ორი წლის წინ თოჯინებით თამაშობდა. მე
ვცდილობდი ავყოლოდი ლაპარაკში და თან ზომბებს ვანსახიერებდი, წინ გამოწეული ხელებით დავდიოდი შუა მელიქიშვილზე, ის კი დამცინოდა და მეუბნებოდა, რომ ამ მანერით ძველად დადიოდნენ ზომბები, ახლა სხვანაირად დადიანო... კიდევ მითხრა, ნეტა, ტვინში რამე დამემართოს, ჰარი პოტერი დამავიწყდებოდეს, რომ თავიდან წავიკითხოო…
ჩვენ არ ვიცნობთ ჩვენს შვილებს, რომლებიც გაიზარდნენ... ისინი ოთახებში გადაცხოვრდნენ და მოკეტეს კარი.
ან იქნებ თქვენ იცნობთ და პრობლემა ჩემშია.
ნინო თარხნიშვილი
ბეჭდვა