მედეა ჯაფარიძის ცნობილი შვილიშვილის საოცარი მოგონება მწერალმა რეზო თაბუკაშვილმა, დიდი რეზო თაბუკაშვილისა და მედეა ჯაფარიძის შვილიშვილმა "ფეისბუქზე" დალიდას ცნობილი სიმღერა გააზიარა და გაიხსენა ერთი ემოციური ამბავი, რომელიც მშვენიერ ბებიასთან ერთად შეემთხვა:
"ბებიაჩემმა, მედეა ჯაფარიძემ, ერთხელ ფუნიკულიორზე წამიყვანა... შვიდი-რვა წლის ვიქნებოდი. ტრამვაით ავედით. ეს სიმღერა ისმოდა და ისმოდა ყველა მეგაფონიდან. დიდი ზეიმის მოლოდინში ვიყავი, სადღესასწაულოდ მომზადებული.
ფუნიკულიორის პარკში ციგნის ბავშვები დაქროდნენ, ტურისტებს "ჟვაჩკებს" ემათხოვრებოდნენ. ვიღაც საქონელმა ძაღლმა, ფორმიანმა მილიციელმა, საბჭოთა "ღირსება" დაიცვა და საზარლად გალახა ბოშა ბაღანა...
გადაიდო ჩემი ზეიმი. მილიციის განყოფილებაში აღმოვჩნდით.
მე გემოზე მოვთქვამდი, სულ სხვა ამბებს და ატრაქციონებს ველოდი, აქ კი, ბებიაჩემს მთელი განყოფილება სმირნაზე ჰყავდა დაყენებული უფროსის თამადობით და საშინლად უბრაზდებოდა. ცალი ხელით მე ვეჭირე (მკაცრად მომთხოვა რამდენიმეჯერ გაჩუმება), ცალით - გაყურსული ციგნის გოგო. ცხელი დღე აყარა... იდგნენ თავჩაქინდრულები.
ის, მთავარი, ბავშვის გამლახველი, ზურგებს უკან იმალებოდა. გარეთ გამოსულები, მე და ის გოგო კი დაგვსვა ბებიაჩემმა ჯაჭვიან საქანელაზე, მაგრამ მაშინ ჩავთვალე, რომ ზეიმი დაკარგული იყო, ვერ შედგა. შევშფოთდი დიდი მედეას გაბრაზების გამო..."