"რა ძნელი ყოფილა დიდი შვილის დედობა..."
"რა ძნელი ყოფილა დიდი შვილის დედობა..."
პირველად, როცა ჩემს გარეშე დავტოვე, 5 თვის იყო. აი ასე, ავდექი და არც მეტი არც ნაკლები, ფეხით 10 წუთის სავალზე, მეტროსთან ჩავედი საქმეზე, სულ რაღაც ნახევარი საათით და ეს დრო საუკუნედ მომეჩვენა. მივაბიჯებდი, არა, მივრბოდი, რომ მალე დავბრუნებულიყავი სახლში და სულ თვალწინ მედგა მისი მოპრუწული ტუჩები, ტირილის დროს რომ აქვთ ხოლმე ბავშვებს... და ვფიქრობდი, იქნებ ტირის უჩემოდ, იქნებ ასე, იქნებ, ისე... მეგონა, რომ თუ იტირებდა, ჩემსავით ვერავინ ჩაიკრავდა გულში და
ანუგეშებდა... თუ ჩაისვრიდა, ჩემსავით სხვა ვერ ჩაბანდა და კანი დაეწვებოდა, ან თუნდაც ტალკს სხვა ვერ მოაფრქვევდა ტაკოზე დედასავით, თუ დორბლი ჩამოუვიდოდა, სხვა ჩემსავით ვერ მოწმენდდა ულამაზეს ტუჩებს...
მერე გავიდა რამდენიმე წელიწადი და სამსახურს დავუბრუდი. ახლა უკვე დიდი ხნით მიწევდა ჩემი თვალთხედვის არედან მოშორებით დატოვება. არ იყო ადვილი, არც ჩემთვის, არც მისთვის, მაგრამ...უნდა მემუშავა...
კიდევ რამდენიმე წლის შემდეგ, გავბედე და მთელი ხუთი დღით დავტოვე ჩემს გარეშე. და როცა დავბრუნდი, ვფიქრობდი, ნეტავ შეიძლებოდეს, აქ, პირდაპირ ტრაპთან გადავდგა ერთი ნაბიჯი და მეორე უკვე სახლში, რომ რაც შეიძლება მალე დავინახო და შევეხო-თქო. ...და აეროპორტიდან სახლამდე სავალი ერთსაათიანი გზაც საუკუნედ გაიწელა... და როცა ჩემი პრინცესა კიბეებზე ტირილით შემომეგება,
გადავწყვიტე, ასე აღარ მოვქცეოდი! არც ერთი უცხოური ვოიაჟი არ მიღირდა მის ცრემლებად!
...მას შემდეგ კიდევ ბევრი წელიწადი გავიდა ისე, რომ ყველა სემინარზე, ყველა ტრენინგზე უარს ვამბობდი. რა აზრი ჰქონდა, ფიქრებით სულ მასთან ვიყავი: ხომ არ შია, ხომ არ წყურია, ხომ არ სცივა, საბანი ხომ არ გადაეხადა, ან იქნებ ეშინია, იქნებ ვენატრები და ეს იქნებ არ მთავრდებოდა...
თუმცა, კიდევ გავიდა რამდენიმე წელიწადი, გავბედე და ისევ დავტოვე რამდენჯერმე, რამდენიმე დღით, ისიც აქვე, ახლოს, "რომ რამე მოხდეს, უცბად დავბრუნდების ამბავში". და ამასობაში თურმე რამხელა გაზრდილა...
რადგან მე სენტიმენტალური ფიქრებისა და სევდისთვის დრო არასოდეს მრჩებოდა, არც იმაზე მიფიქრია, რომ ერთ დღესაც მე ისევ არ დავტოვებ, მაგრამ თვითონ დამტოვებს, ზუსტად ისე, როგორც მე, წლების წინ აღარ მომინდა მშობლებთან ერთად ზაფხულის არდადეგების გატარება და დაქალთან ერთად წავედი ზღვაზე დასასვენებლად. მაშინ სულ არ ვფიქრობდი იმაზე, როგორ ნერვიულობდნენ მშობლები, ალბათ რა ფიქრები და დარდი უტრიალებდათ გულში, მით უმეტეს, რომ სახლში დასარეკად საფოსტო განყოფილებაში მისვლა იყო საჭირო. ნეტავ როგორ ცხოვრობდნენ ჩვენი მშობლები მობილური კავშირის გარეშე. ალბათ რამდენი სტრესი ჰქონდათ გადატანილი...
ხოდა როცა 2016 წლის ზაფხული დადგა, დედას დიდმა გოგომ გადაწყვიტა, ზაფხულის არდადეგები თავისი სურვილის მიხედვით დაგეგმოს და არა - ჩემი. ის ხომ სულ რამდენიმე დღეში სრულწლოვანი ხდება, ჰოდა ხომ აქვს უფლება, თავად დაგეგმოს რა გააკეთოს?! აქვს, რა თქმა უნდა, უბრალოდ მე შევხვდი ამ ფაქტს მოუმზადებელი და თურმე არ ყოფილა ადვილი... თუმცა, კიდევ კარგი, რომ მოუმზადებელი შევხვდი, 18 წელი ამ დღეზე რომ მეფიქრა... მე ხომ ფიქრისა და სენტიმენტებისთვის დრო არასოდეც მრჩებოდა... ახლა შვებულების პირველი დღე მაქვს და ფიქრისთვის ცოტა დრო გამოვნახე :-)
ამ ზაფხულს მე და ჩემი შვილი ქალაქიდან არ გავალთ, რადგან ჩემმა დიდმა გოგომ თბილისში დარჩენა გადაწყვიტა, მე კი ჯერ მზად არ ვარ იმისთვის, რომ მარტო დავტოვო და მეგობრებთან ერთად წავიდე დასასვენებლად. ან კი ვიქნები ოდესმე ამისთვის მზად?! მით უმეტეს, რომ ფიქრისა და სევდისთვის დრო არასოდეს მრჩება... სად მცალია სენტიმენტებისთვის, წავალ გარდერობს დავალაგებ მშვიდად, სამსახურში არ ვარ გასაქცევი.
თამუნა ნეფარიძე
8492
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
0
არაჩვეულებრივი დედა და უსაყვარლესი ხარ თამუნა.მიყვარხარ
13:39 / 23-07-2016
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?