"სასწრაფოს ჩემი საგიჟეთში წაყვანა დაეზარა..." ეზოში სამნი ვცხოვრობთ, მე, ვაჟა და ნუგზარი. ის ორნი ჩემს ხარჯზე ცხოვრობენ. მუქთახორები. ნუგზარას კიდე არა უშავს, მშვიდი ხასიათი აქვს და საათობით ჩუმადაა, შეიძლება ითქვას, რომ სულ ჩუმადაა. დაჯდება მზეზე და ეფიცხება მთელი დღე. ხანდახან შეიძლება იფიქრო მოკვდაო, მხოლოდ ჭამის დროს იღებს ხმას-პირს აწკლაპუნებს და სრულებითაც არ განიცდის ამ უხამსობას. დღისით კია ჩუმი, მაგრამ ძილი იცის უცნაური, სულ ბორგავს და კაცი იფიქრებს სიზმარში ვიღაცას მისდევს და საცაა დაეწევაო. ალბათ ვერ დაეწია, თორემ ყოველ ღამე ერთი და იგივე არ განმეორდებოდა. კიდევ რას აკეთებს ნუგზარა? არც არაფერს, წერა კი არ მეზარება, მაგრამ სათქმელად რომ ღირდეს, ისეთს არაფერს. ხანდახან ეზოდან გადის,ადგება და უთქმელად წაწანწალდება სადღაც. ასეთ დროს გვიან მოდის და საეჭვო სუნი ასდის ხოლმე. მე და ვაჟა არაფერს არ ვეკითხებით, აზრი არ აქვს, მაინც ჩუმადაა. ნუგზარას გასართობი მზე და ბუზებია. მზეს ეფიცხება და თუ რომელიმე თავხედმა და წინდაუხედავმა ბუზმა ამ დროს ჩაუქროლა ნუგზარა სიცოცხლეს გამოასალმებს. განა ხელს მოუქნევს, ან ფეხით მოკლავს, არა, ერთს დაუწკლაპუნებს პირს და საწყალი ბუზი საყლაპავში ქრება. არ მიკითხავს, ალბათ გემრიელიცაა. ხო, ნუგზარა ძაღლია, ჩვეულებრივი ქუჩის ძაღლი, მაგრამ მას რომ უთხრა ჩვულებრივი ხარო ძალიან ეწყინება და ამიტომ მე და ვაჟა ამ თემას დელიკატურად ვუვლით გვერდს. ნუგზარა შავია და იმხელა ბეწვი აქვს შორიდან შეიძლება შეგეშინდეს კიდეც, არადა ისეთი კეთილია, რომ რამდენჯერმე სათნოების სახლში მინდოდა მომეწყო მომვლელად, ცოცხალი თავით არ აიყვანეს - ძაღლიაო. ელაპარაკე ახლა ამათ! ნუგზარას არ სწყენია, წამოდიო მანიშნა. არადა რა კარგად იმუშავებდა. ერთხელ მოხუც ქალს ქუჩაში გასავლისას მიეხმარა. იდგა ეს ქალი და ვერაფრით ვერ გაებედა მერე მხარეს გადასვლა, ხელშიც ის უშველებელი ჩანთა ეჭირა. უყურა ნუგზარამ, უყურა და ქალისკენ დაიძრა. მივალ, მივეხმარებიო- ასე ფიქრობდა. ქალმა ის უზარმაზარი, ბანჯგვლიანი არსება რომ დაინახა ისევ მანქანის ქვეშ სიკვდილი არჩია და სულ ძუნძულ-ძუნძულით გადაირბინა ის ქუჩა. იმ დღეს ნუგზარა ფრიად კმაყოფილი იყო. მეორედ რომ მივედით მე ვაჟა და ნუგზარა სათნოების სახლში პოლიცია და სასწრაფოს ბრიგადა გამოიძახეს, აქაოდა ეს ვიღაცაა გიჟია და მიხედეთო. ოხ ოხ ოხ ვაჟამ ისინი დღეში ჩააგდოო. ჯერ იყო და პატრულს თვალებში ჩახედა. ამის ნახვა ერთ რამედა ღირს. გვერდულად იყურება ხოლმე ვაჟა, რაღაცნაერად, გეგონება ორივე თვალით არ შეუძლიაო, ცალი მხრიდან გიყურებს და შენ შიში გიპყრობს, იმიტომ რომ მეორე თვალს ვერ ხედავ და ვერც იმას გამორიცხავ, რომ ის მეორე თვალი ამ დროს რაღაც ცუდ განზრახვას ამზადებდეს. ვაჟა ასეთია, ადვილად ფეთქდება და მერე ასე ნახევარი საათი უნდება დამშიდებას, გადის და გამოდის, გადის და გამოდის და თან რაღაცეებს ძალიან გაუგებრად ბურტყუნებს. მოკლედ, იმას ვამბობდი, ჩახედა პატრულს თვალებში, ( თვალებში ერთი თვალით) ხოდა ეუბნება - ეს ძაღლი, ნუგზარა შთამომავლობითი მომვლელიაო, ამის დიდი ბაბუის დეიდა თვით დიდ კნეინას უვლიდა კოჯორშიო - ამას რომ ამბობდა ნუგზარამ შესანჩნევად დაიმორცხვა, დიდი ბაბუის დეიდა ოჯახის სიამაყეა და ნუგზარა ყოველთვის მოწიწებით იხსენებს იმ ქალს. ვაჟა კი არ ჩერდება - არც ხელფასი გვინდა და არც არაფერიო, კაცს ჰალალი გულით უნდა დახმარებაო (ხელფასთან დაკავშირებით მე ვაჟას არ ვეთანხმები, გვჭირდება და მერე როგორ, მაგრამ ამ უცხო ხალხში სიტვა არ გავაწყვეტინე) ღამ-ღამობით თვალცრემლიან ეღვიძებაო -ნუგზარაზე ამბობს- ხოდა ძლივს ვამშვიდებთ ისე უნდა მოხუცების მოვლა და მათთან, საღამოობით ძველი დროის გახსენება და დურაკას თამაშიო. განა აზარტულია და რამეო, არა, უბრალოდ დურაკა და ძველი ამბების მოყოლა ძალიან უხდება ერთმანეთსო. ვაჟა ამეებს ლაპარაკობს და ნუგზარა წითლდება. მე მშვიდად ვდგევარ და სასწრაფოს ექიმს ვუმტკიცებ, რომ თუთიყუში ჩემი არაა, რომ ის თავისუფალი ფრინველია და არც მაღაზიაში მიყიდია და არც ვინმეს უჩუქნია. სასწრაფოს ექიმი ქუთუთოზე მქაჩავს, მერე პირში მიყურებს და მუხლის რეფლექსს მიმოწმებს, აშკარაა, მას არ სჯერა, რომ ვაჟა ერთ მშვენიერ დღეს თავისით მოფრინდა, ფანჯრის რაფაზე დაჯდა და წყალი დამალევინე თუ ძმახარო მითხრა. იმ დროს მე და ნუგზარა უკვე დიდი ხნის მეგობრები ვიყავით და დიდად არ გვეპიტნავა ეს გაფხორილი, მწვანე ფრინველი, მაგრამ აბა კაცსს წყალს როგორ დავამადლიდით? ჰოდა ის დღე იყო და ვაჟა ჩვენთან დარჩა. თავიდან ბევრს არ ლაპარაკობდა, მაგრამ ცოტა რომ გაშინაურდა ატლიკინდა, მაგრამ რას ატლიკინდა. ნუგზარამ რამდენჯრემე მითხრა - ამან ლაპარაკს თუ არ მოუკლო ბუზების გზას გავუყუენებო.ძლივს გადავაფიქრებინე. ერთხელ ვკითხე, საიდან ხარ წარმოშობითთქო და ისე ამოუხვნეშა თავი დავანებე. ფანჯრიდან გაიხედა და დიდი წყლები რომაა იმას გადმოვუფრინეო მითხრა. ოკეანესთქო, ვკითხე,არაო, ოკეანეზე დიდი წყლები რომააო. ნუგზარამ დასცინა, ეტყობა ლისის ტბის ზევით რომ სოფელია იქიდანაა ჩამოსულიო. არც ამაზე არ გვილაპარაკია, მაგრამ ჩვენს სამს შორის ვაჟა ყველაზე უფროსია, მგონი ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი უნდა იყოს, მაგრამ ასაკს არ იტყობს, ერთი ეგაა, გაზაფხულობით წნევები აწუხებს და სახსრებში ტეხს ხოლმე.
გამიგრძელდა ლაპარაკი. მოკლედ, სასწრაფოს ჩემი საგიჟეთში წაყვანა დაეზარა, იმ სათნოების სახლის დირექტორმა კიდევ, სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა ნუგზარას სვ მოსთხოვა! წარმოგიდგენიათ?! დიდი ბაბუის დეიდის ისტორიამაც კი არ გაჭრა, რომელიც ვაჟამ მეტად ხატოვნად მოყვა, გინდა თუ არა სვ - დაიჯინა დირექტორმა. რა უნდა გვექნა, წამოვედით უკან. ნუგზარას არ სწყენია, უბრალოდ გული ეტკინა და ერთი კვირის განმავლობაში ბუზი ცხვირზეც რომ დასჯდომოდა ზედაც არ უყურებდა. არც საწანწალოდ წასულა და მოკლედ მაგრად გვანერვიულა მაშინ. ვაჟამ ისე განიცადა, რომ იღლიის ქვეშ რაც ბუმბულები ჰქონდა, სულ მაშინ გასცვივდა.
ერთი დილაა და ვაჟა მეუბნება, თან ცალი თვალით, გვერდულად მიყურებს - სამსახური ვიშოვეო. გამიკვირდა. გამიკვირდებოდა, აბა რა იქნებოდა, ვაჟა და სამსახური ისეთივე რამეა, როგორც ვთქვათ საქართველოს ჰოკეისტთა ეროვნული ნაკრები გუნდი, ანუ თეორიულად ორივე შესაძლებელია, მაგრამ პრაქტიკულად არა. მაინც ვკითხე, რა სამსახური-თქო და ასე მითხრა, მტრედების ფოსტა უნდა გავხსნაო, წამში დამიხატა მთელი ბიზნეს გეგმა და ისიც დააყოლა, ამასწინათ გასული რომ ვიყავი წინა სახლის სახურავზე ერთი მტრედი გავიცანი (აქ რატომღაც დაიმორცხვა) და ის შემპირდა კადრების მოწოდებასო. ახლაო, ვაჟა ამბობს, ბანკში მისვალა და კრედიტის აღებაღა გვინდაო. მე, ნუგზარას სამსახურის ამბავის მერე დიდი ეჭვით ვუყურებდი ჩვენი და სხვა ადამიანების ნორმალურ ურთიერთობას, მაგრამ ვაჟას არაფრის გაგონება არ სურდა. ის კი არა, ისე უნდოდა ამ საქმის გაკეთება, რომ გამომიცხდა - ოღონდ ბანკში წამყევი და პირობას გაძლევ მე ხმას არ ამოვიღებო! - ეს სასწაულს უდრიდა და დამითანხმა. ნუგზარა ამ დროს სახლში არ იყო, საღამოს მოვიდა კმაყოფილი სახით და კუთხეში გაიშხვართა. მოვუყევით ყველაფერი, გაკლიათ თქვენი გვითხრა და დაიძინა.
ბანკში დილაადრიან მივედით. ნუგზარა გარეთ დარჩა, კონფლიქტს თავი აარიდა, ერთხელ არ შეუშვეს ბანკში და ამან პროტესტის ნიშნად კარებზე მიუფსა.
შევედით მე და ვაჟა. თუთიყუშიანი კაცი რომ დაინახეს ყველას გაეღიმა, ალბათ ჩემი იასამნისფერი პიჯაკი მოხვდათ თვალში, თორემ სხვაფრივ არაფერი გვიჭირდა. კრედიტ ოფიცერმა კარგა ხანს გვისმინა და მერე თვალები ჭერს მიაპყრო. მე და ვაჟამ ერთმანეთს გადავხედეთ.
- ანუ, - კრედიტ ოფიცერი ამეტყველდა, - თქვენ ამბობთ, რომ მტრედების ფოსტა სასიყვარულო წერილების გასაგზავნად იქნება საჭირო და შეყვარებული წყვილების დიდ ინტერესს გამოიწვევს?
- დიახ, წარმოიდგინეთ რა მაგარი იქნება! - თქვენ გგონიათ პასუხი მე გავეცი? არა ჩემო კეთილებო, ეს ვაჟა ამეტყველდა. კრედიტ ოფიცერმა, რომელსაც ნიკა ერქვა პირი დააღო.
- ეს ლაპარაკობს კაცო?
- დიახ, ლაპარაკობს და იდეაც მისია, - ვაჟას იდეას ვერ მოვპარავდი, ჰალალად გამოვტყდი ყველაფერში!
- რა ეღირება ერთი წერილის გაგზავნა? - ოფიცერი დაინტერესდა
- მანძილს გააჩნია.
- ახა, გასაგებია.
- ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ბიზნესი იმუშავებს, წარმოიდგინეთ როგორი ორიგინალურია, რომ სმს-ის და ინტერნეტის ეპოქში შეყვარებულს მტრედს უგზავნი და ისე სთხოვ ხელს!
- ბიჭოო, - ოფიცერს თვალები გაუბრწყინდა, - მართლა მაგარია, ხო იცი შენ!
ბანკიდან რომ გამოვედით ნუგარა ვიღაც პუდელს თავის საუკეთესო ილეთს უტარებდა, ანუ იჯდა და ზედაც არ უყრებდა, სიმპატიური კაცია ნუგზარა, ქალებს თვალსა სჭრის.
- რაო, რა გითხრეს? - ნუგზარამ გვკითხა და დაამთქნარა, იმ პუდელს კუდი სძვრებოდა ქიცინით.
- რაო და, - ვაჟამ ფრთები შეიბერტყა - ზეგ მოდით და დამტკიცებული სესხი გაიტანეთო.
- ხომ გეუბნებით, - ნუგზარამ უკმაყოფილოდ ამოგვხედა, - აკლიათ ამ ადამიანებს, ამათი საშველი არ იქნება.
- რატომ კაცო, - ადამიანებში მეც გავდიოდი და მეწყინასავით.
- რაღა რატომ, თუთიყუშს ბანკში სესხს აძლევენ და ძაღლმა რომ სათნოების სახლში იმუშაოს არ შეიძლება, ესაა სამართალი?
მართალი იყო ჩემი ნუგზარა, ვერაფერს ეტყოდი, ამიტომ მე და ვაჟა გავჩუმდით და სახლისკენ ფეხით წავედით.
მშვენიერი დღე იყო, მზიანი. ქუჩაში მიმავალი, აიასამნისფერპიჯაკიანი კაცი, რომელსაც მხარზე თუთიყუში ეჯდა და გვერდით დიდი, ბანჯგვლიანი, ძაღლი მიჰყვებოდა შესანიშნავ ხასიათზე გახლდათ.
ალექსანდრე პაიკიძე