"ახლა რომ ისევ ჩემთან იყოს, საათობით ჩამოვუჯდებოდი სავარცხლით ხელში. დღეში 10-ჯერ ჩამოვუშლიდი და ავუწევდი "კოსას" ...ადამიანების სენია, რაც გვაქვს არ ვაფასებთ, ვკარგავთ და მერე მივტირით...
...თეთრი, გრძელი ჭაღარა თმა ჰქონდა. ყიველთვის "კოსას" იკეთებდა. როცა ცუდად იყო და ხელები აღარ ემორჩილებოდა, მე მთხოვდა, დამევარცხნა. მეზარებოდა და "წელის ტეხვით" ვუსრულებდი თხოვნას. დღეს ვნანობ... ახლა რომ ისევ ჩემთან იყოს, საათობით ჩამოვუჯდებოდი სავარცხლით ხელში. დღეში 10-ჯერ ჩამოვუშლიდი და ავუწევდი "კოსას", თან ჭაღარა თმაზე მოვეფერებოდი...
...ხელში წიგნს მომაჩეჩებდა, მაშინ, როცა გარეთ ბავშვების ჟრიამული ისმოდა. იმ დროს ჩემი მტერი მეგონა და ჩემთვის ჩვეული სიჯიუტით ვუხდიდი "სამაგიეროს"... ახლა რომ ისევ ჩემთან იყოს, კალთაში ჩავუდებდი თავს, ხელში წიგნს ავიღებდი, გარეთ რომ ქვეყანა დაქცეულიყო, მისი კალთიდან თავს არ ავიღებდი. რამე ცხოვრებისეულ, გემრიელ რომანს ერთი ამოსუნთქვით წავიკითხავდი...
...ახლა რომ ისევ ჩემთან იყოს... ახლა რომ ისევ ჩემთან იყოს... ახლა რომ ისევ.... ახლა რომ ისევ... უხ, რამდენ რამეს შევცვლიდი...
ბოლოს რომ ვემშვიდობებოდი (თბილისში ვბრუნდებოდი), ჩავეხუტე, თან ბოღმა და ცრემლი მახრჩობდა, ფერმკრთალი იყო, დაუძლურებული, ლოგინს მიჯაჭვული... ვგრძნობდი, ბოლო კოცნა იყო, ბოლო ჩახუტება... ამის მერე აღარ მინახავს ჩემი ბებო!
მერი ბლიაძე