"...ოცდაოთხი წელიწადია ერთად ვცხოვრობთ და ნუთუ ჩემი საძაგელი ხასიათი ვერ იცანი ჯერაც..." - ილია ჭავჭავაძე ოლღა გურამიშვილს
"...ოცდაოთხი წელიწადია ერთად ვცხოვრობთ და ნუთუ ჩემი საძაგელი ხასიათი ვერ იცანი ჯერაც..." - ილია ჭავჭავაძე ოლღა გურამიშვილს
ილია ჭავჭავაძე ოლღა გურამიშვილს
"...ოცდაოთხი წელიწადია ერთად ვცხოვრობთ და ნუთუ ჩემი საძაგელი ხასიათი ვერ იცანი ჯერაც. განა არ იცი, რომ თუ მეწყინა რამე, გულში ჩავიხვევ ხოლმე და შუბლს აღარ გავხსნი არავის წინ, ვინემ გულიდამ ჯავრს არ გადავიყრი. ორმოცდაათის წლის კაცი ვარ და ხელახლად ხომ აღარ დავიბადები? განა მე კი არ ვიცი, რომ ამ ჩემი ხასიათით გაწუხებ, მაგრამ შენ იცი, რომ ეგ ხასიათია და უნდა შემინდო ხოლმე. ტყუილად დაგიბუდებია გულში რაღაც
ეჭვები, მე შენი ისეთივე გულით პატივისმცემელი ვარ და მოყვარული, როგორც ოდესმე ვყოფილვარ. მეუბნები, ისე აღარ მეალერსები, არაფერს არ მელაპარაკებიო. ნუთუ არა ჰხედავ, რა ვაი-ვაგლახში გავაბი ჩემი, ეხლა გეტყვი, უბედური თავი! განა არა ჰხედავ, რომ ერთი წუთი დღე და ღამ მოსვენება არა მაქვს და შენს, ჩემის გულითადის და საყვარელის მეგობარის სამდურავს როგორღა გავუძლო! განა საკმაო არ არის, რომ აქეთ-იქით მტრობას, ცილისწამებას, ათასნაირს მწუხარებას, ჭირსა და ვაგლახსა ძლივს ავდივარ, ძარღვები სულ მომეშალა, ღონიდამ დავიცალე, ჩემის საკუთარის ბედნიერებისათვის აღარ ვცოცხლვარ, - ნუთუ ეს ყოველი საკმაო არ არის, რომ შენი სამდურავებიც ზედ არ დაერთოს? შენ
უნდა ამისთანა შემთხვევაში ხელი მომაწოდო შველისა, შენ უნდა გამიტკბილო მწარე ცხოვრება, შენ უნდა გადამაყრევინო ჯავრი და მწუხარება და მის მაგიერ შენ ჩემს ავ-კაცობას დასტირი ხოლმე და ჩემთვის გულსაკლავ სამდურავს მითვლი. ვიცი ბევრს გაწუხებ ჩემის უგემურობით, მაგრამ შენც უნდა ცოტა შებრალება იქონიო.
ჩემო კუკლუშკი! შენ უნდა იცოდე, რომ განგებ და განზრახ მე შენს წყენას, შენს შეწუხებას, თავს მოვიკლავ, და არ მოვინდომებ კი, იმიტომ რომ ერთად-ერთი საგანი ჩემის ცხოვრებისა შენა ხარ. არ მიყვარს ამისთანების თქმა, მაგრამ რა ვქნა, რომ მათქმევინებ ხოლმე. ღმერთს ჩემთვის ალერსის ნიჭი და უნარი არ მოუცია და როცა მეტი გზა არ არის, რომ ალერსიანი სიტყვა უნდა ვუთხრა ვისმეს, მე თვითონ ვწითლდები. გაწითლებას კიდევ გავუძლებდი, სწორედ სულიერად ვიტანჯები ხოლმე. .."
6420
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?