ზღაპარი ჩემს შვილებს, რომლებსაც არასოდეს უნახავთ ციცინათელები ზღაპარი ჩემს შვილებს, რომლებსაც არასოდეს უნახავთ ციცინათელები
პატარა სოფლის ბოლოში ერთი ციცქნა ნაძვების ტყე იყო. ამ ნაძვების ქვეშ უფრო პატარა სახლები იდგა. ღამე სახლები სულ ანათებდნენ, ანათებდნენ და ანათებდნენ. დღისით კი თითქოს სადღაც ქრებიდნენ. არსად ჩანდა მათი კვალიც კი. ამის გამო სოფლის მოსახლეობამ ამ უცნაურ ადგილს ციცინათელების ქუჩა დაარქვა. მთელი სიამოვნება იყო სოფლის ეზოებში სეირნობა, როცა ციცინათელები გამოფარფატდებოდნენ. ყველა ეზოდან ბავშვების მხიარული კისკისი ისმოდა. ბავშვობაც თამაშობდა ბავშვებთან და ციცინათელებთან ერთად.
ერთი ყველაზე გამორჩეული სახლი იდგა ამ ქუჩაზე.სახლში ციცინათელების პრინცესა ციკო ცხოვრობდა. პატარა და ფერადი ღიმილებით, კისკისით და ხასიათით. დედ-მამა ძალიან უფრთხილდებოდა მათ ერთადერთ შვილს და ღამე მარტო სეირნობას უკრძალავდნენ. პრინცესა ციკოს კი მთელი სამყარო მისნაირი ეგონა და ამიტომ ვერც კი წარმოიდგენდა, ცუდი რამეებიც თუ ხდებოდა ქვეყანაზე.
ერთ ღამეს ძალიან შორს გაყვა ხეებს და ქუჩებს. უცებ იგრძნო, რომ ვიღაცამ ხელისგულებში მოიქცია... ტკაც... დაიძახა და ფრთები მიესრისა ადამიანის კანზე... ძლივს მოვიდა აზრზე, რომ ბალახის ბუჩქთან იპოვა საკუთარი თავი დაგდებული... ბევრი იძახა, მაგრამ არავინ გააგონა.
ადგა და გზის გაგრძელება ფრთების გარეშე სცადა... ძლივს მილასლასებდა... უცებ მეზობლის ციცინათელამ შეამჩნია და მთელი ციცინათელების ჯარი მოასხა. აიყვანეს პრინცესა და გულმოკლულ დედას მიუყვანეს.
მხოლოდ დაღამებამდე იცოცხლა პრინცესამ. მთელი ღამე დასტიროდნენ და ფერადი ცრემლებით პრინცესა ციკოს, მისი ქუჩის ციცინათელები. დილას კი წიფელის ფოთოლზე დაასვენეს და მდინარეში ჩაუშვეს. მას მერე ციცინათელებმა გადაწყვიტეს ადამიანებისთვის სამაგიეროს გადახდა... ბევრი იფიქრეს და მათ ყველაზე ძვირფასი, ბავშვობა წაართვეს. აღარ მიდიოდნენ ღამით ციცინათელები მინდორში. აღარ ანათებდნენ ეზოებს და სახლებს. აღარ ხალისობდნენ ადამიანები... ბავშვებს სევდა შემოაწვათ. ისხდნენ და ვერაფრით ერთობოდნენ. ციცინათელები ისე გაქრნენ, თითქოს არც არასოდეს ყოფილიყვნენ სოფლის მიდამოებში. იბადებოდნენ ბავშვები, მაგრამ მათ არც კი ენახათ ციცინათელები... ბავშვები ციცინათელების გარეშე იზდებოდნენ და არ ჰქონდათ ფერადი ბავშვობა. დედები ზღაპრებს უკითხავდნენ და ისინი მხოლოდ ხატავდნენ ციცინათელებს ფერადი ფანქრებით. ამიტომ ადამიანები ორჯერ უფრო სწრაფად იზრდებოდნენ... იზრდებოდნენ და ბერდებოდნენ.
ციცინათელები კი იმ ბავშვობაში დარჩნენ, ადამიანებმა რომ დაკარგეს პრინცესა ციკოსთან ერთად...
ანა ლაშხელი-ონიანი