როგორ სცადა 18 წლის ქართველმა გოგონამ ლოთების ოჯახის "გამოსწორება" და რა გამოვიდა აქედან
როგორ სცადა 18 წლის ქართველმა გოგონამ ლოთების ოჯახის "გამოსწორება" და რა გამოვიდა აქედან
პატარა სახლს მივადექი სავსე ხონჩით. მეკვლე ვარ. კარებს ნიკაპით ვაწვები, მხრებს ვაშველებ. მარინა მიწოლია პატარას და ძინავს. ჩვილს დედის ძუძუ უდევს პირში და ეთამაშება. ცელქი, ცისფერი თვალები შემომანათა და ისევ შეუტია დედას. გააღვიძოს უნდა. იქვე ლიოშას ძინავს, პატარა შუაში უწევთ და "წმინდა ოჯახი ''გეგონებათ.
რუსეთიდან ჩამოვიდნენ. გვარად ბოგოლუბები არიან. სოფლის ფერმაში იშოვეს სამუშაო.იქ გავიცანი წყვილი. მხიარული ახალგაზრდები არიან. შრომობენ მთელი დღე. მარია მოიკიდებს ჩვილს ზურგზე. გადაიკრავს ღვედებს, რომ არ გამოვარდეს.
ჩაუჯდება ძროხებს – წველის, აჭმევს, ბანს. ვარცხნის. იციან საქმე. მესიმპათიურებიან. სრულყოფილები არიან, –ჯანსაღები, მხიარულები, გამდამდები სიცილით, გულწრფელები. სამწუხაროდ, სვამენ. იმუშავებენ, დაიღლებიან. მიუსხდებიან სუფრას – სალა,შავი პური და ჭაჭა. დალევენ და გაილეშებიან, დაკარგავენ სახეს. სადღაა ის ლამაზი, მოყვარული წყვილი. დასცხებენ ერთმანეთს...
ჰოდა, ჰა ბურთი და ჰა მოედანი. გაშალა ფრთები ჩემმა ქველმა გრძნობებმა. ავიყვანე ჩემი "ოპეკუნობის" ქვეშ ბოგოლუბების პატარა ოჯახი. დავიწყე ბავშვით, გადავედი მარინაზე, ბოლოს ლიოშასაც გამოეცალა ძალა – დავსვი მშრალ კანონზე. სკოლა იმ წელს დავამთავრე, მაგრამ პათოსით ვაჯობე ბოგოლუბებს. მივადექი და ვხეხე და ვწმინდე საახალწლოდ მათი ორი ოთახი. მარინა ჩემზე მარჯვე იყო. გულს ეამებოდა, ისეთი გახდა მათი პატარა ბუდე. მერე სახლში გავქანდი, ფარდები, ფარდაგები,
გადასაფრებლები ავიხვეტე და ჩემს რუსებს მივადექი. გაიხარეს. გავალამაზეთ კიდევ უფრო სახლი. ხვალ ახალი წელია. მეკვლედაც მე ვიქნები. ახლა საცივით, ხაჭაპურებით და ტკბილეულით დავაჯარიმე დედაჩემი (მხოლოდ დასალევი არ მიმაქვს. პირობა აქვთ მოცემული, არასოდეს დალევენ, წვეთს!!). მარინამ ჩაი დამახვედრა, ის ჩაი ცხოვრებაში დაუვიწყარი დამრჩება. ჭურჭლის დარეცხვა არ მომისწრია და ნათალი ჭიქით (გახსოვთ?) მომართვა ჩაი, სადაც, დაფიცება შემიძლია, სალის თხელი ნაჭერიც დაცურავდა. არ შეიძლება შემამჩნიონ, რომ შემეზიზღა... ვსვამ და უფრო ხმამაღლა ვიცინი მარინას ანეკდოტებზე...
გამოვემშვიდობე. დილით ადრე უნდა მოვიდე, მათი მეკვლე ვარ.
1976 შემობრძანდა. გავათენეთ ტელევიზორთან "აგანიოკის''ცქერაში. დილით თოფების ხმა ისევ გაისმა. ჩვენ შევძახეთ ,,მიჯობნია" (ახლაც არ ვიცი, ეს გურიაში რამე ტრადიციული რიტუალი იყო, თუ დედაჩემის შექმნილი წესი). ამ ,,მიჯობნიას'' ტკბილს ვაყოლებდით.
გათენებას არ ვაცალე, ხონჩით ხელში მივადექი სოფლის განაპირასახლს. ნიკაპი მოვიშველე, ცხვირიც, მხარიც. კარი შევაღე.
ეძინათ. პატარა შუაში ეწვინათ და "წმინდა ოჯახი" გეგონებოდათ. ოთახი კი თავზარდამცემ ამბავს მიამბობდა – ისევ დალიეს და დასხცეს ერთმანეთს. საწყალ ალიოშას დაუჭერია ხელში ხის ფეხი და გაუნადგურებია ყველაფერი ირგვლივ. მარინაც არ ჩამორჩენია და რისი დახევაც შეიძლებოდა, უქცევია ნაკუწებად...
ჩემი იმედგაცრუების ეპოპეა აქედან იღებს სათავეს.
მადონა თედორაძე
12157
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?