"ვერც წყალმა გაუძლო სიკვდილის განცდას, ვერც ხეებმა, ვერც ქვებმა... და მერე..." "სიკვდილი რომ გამაიგონა ღმერთმა, იფიქრა, მოდი გამოვცდიო და ჯერ ქვას მიარგინა იმის განცდა. ქვებმა ისე განიცადეს, იმდენი იდარდეს, დარდისაგან სუ იფშვნებოდნენ, აღარ ივიწყებდნენ თანამოძმის სიკვდილს და ყველანი იფშვნებოდნენ. ღმერთმა იფიქრა, ამათთვის ეს განცდა არ შეიძლება, ამისათვის სუსტებიაო, აარიდა ქვებს სიკვდილი და ახლა ხეს მიარგინა, იმათაც ძალიან განიცადეს, მთელმა ტყეებმა ტოტები ჩამაილეწეს და აღარ ივიწყებდნენ. ხეებსაც აარიდა და ახლა წყალს მიარგინა. ვერც წყალმა გაუძლო, დაშრობა დაიწყო. ადგა ღმერთი და ადამიანებს მიარგინა სიკვდილი. ადამიანმა იტირა, იტირა... მერე დამარხა მკვდარი და ტირილით გადაიმგლოვა კიდეც. ჰოო, ამის მერე ღმერთმა ადამიანს მიაკუთვნა სიკვდილის განცდა.''
წიგნიდან "ადამიანთა სევდა''/გოდერძი ჩოხელი/