თბილისელი ქალი, რომელიც გაყინულ მგზავრებს უფასოდ დაატარებს მანქანით - ამბავი ჩვენი რეალობიდან
თბილისელი ქალი, რომელიც გაყინულ მგზავრებს უფასოდ დაატარებს მანქანით - ამბავი ჩვენი რეალობიდან
რა არ გადაგხდება შენს ქალაქში
ვდგავართ. ყინავს. მარშრუტკა არ ჩანს.
- ხომ არ მოდიხართ, წაგიყვანთ უ-ფა-სოდ, დინამო-წერეთელი-დიდუბე-დიღომი, - ხმამაღლა იძახის დედაჩემის ტოლი ქალი.
- მიდი, გოგო, ხომ მიდიხარ, - მეუბნება მეგობარი და მეც ვჯდები მძღოლის უკან.
- ერთი კვირაა კბილის ექიმთან დავდივარ, ასე მიმყავს ხალხი. დგანან ყინვისგან გაძუძგულები, მარა კი არ მისხდებიან. რატომ უნდა ვიმგზავრო მარტო დიღმამდე?! გაჩვენო ახლა როგორ ეშინიათ ადამიანის? დინამო-წერეთელი-დიდუბე უ-ფა-სოდ წაგიყვანთ, უ-ფა-სოდ! - გადაყო თავი ქალმა.
გასუსულები დგანან გაჩერებაზე.
- აა, ხომ გითხარი! ვგავარ საშიშს? - მეკითხება გაკვირვებული ქალი, თავზე ბერეტით.
"სად ჩავჯექი, რა მინდოდა, ვინაა?" - ვფიქრობ მე.
სადღაც მეხუთე გაჩერებასთან ქალი ჩაგვიჯდა.
- ნინო მქვია, ქალბატონო. რა კარგია, რომ არ შეგეშინდათ. დღეს უკვე ათი მადლობა მაქვს. მადლობა რა არის, მაგრამ კარგი აურით მავსებს. ეშინიათ ამ ქალაქში ადამიანის..
- ან უკვირთ... -ამატებს ასაკოვანი ქალი.
- მხოლოდ ამ გოგომ გაბედა,-ამბობს მძღოლი.
- მე გიცანით. მაღაზია მქონდა და ნაყინი მოგქონდა ჩემთან... ციური, აბა, გაიხსენე, ციური!
- ციურიი! მიცანი, ხო? - მომიბრუნდა, - მე ვარ პირველი დისტრიბუტორი ქალი, პირველი! დღეს მერამდენე ნაცნობს გადავეყარე....
ერთი-სამი გაჩერების შემდეგ ნაზიკო ჩაგვიჯდა. ნუნუ მასწავლებლის შვილი
ხარ, გიცანიო... მერე გურამ მასწავლებელი გაიხსენეს, მერე დირექტორი, რომელმაც გურამ მასწავლებელი გააგდო და კი ჩაძაღლდა ამის გამო.
- ახლა დასუფთავებაში ვმუშაობ. შემთხვევით გადავაწყდი მის საფლავს. როგორ უხაროდა, მძლეოსნობაზე რომ დავდიოდი.ეგ იყო მამა, ყველას მამა, - ამბობს ჩვენი მძღოლი. - მაგის სიყვარულით ახლა მის შვილს ვეფერები...
- გაჩვენოთ ახლა, როგორ ეშინიათ ადამიანის? ხომ ასე სცივათ, არავინ ჩაჯდება მანქანაში. - და დაიწყო, - დიდუბე-დიღომი, ერთი კაცი, უ-ფა-სოდ, უ-ფა-სოდ!... აი,ხომ გითხარი, ნაზიკო!
მე ჩამოვედი. იმათ გააგრძელეს გზა. მეთერთმეტე მადლობა ვიყავი.
ნინო ეტყოდა იმ ქალებს: მიკვირს, ამ გოგოს არ ეშინია ადამიანების.
მაიკო ქსოვრელი
15202
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
mano
0
კარგი ამბავია, სასიამოვნო, ცოტა უცნაურიც
17:48 / 05-01-2017
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?