დიდი პასუხისმგებლობა გვმართებს, რადგან ვისაც უფალი დიდ მადლს ანიჭებს, მას ბევრიც მოეკითხება ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ლოცვა მამულისათვის, რომ უფალმა გადმოგვხედოს, რომ უფალი წყალობდეს საქართველოს. სახარებაში ნათქვამია: "ითხოვდეთ და მოგეცეთ თქვენ, ეძიებდეთ და ჰპოვოთ?" ვითხოვოთ ღვთისგან ჩვენი სამშობლოსთვის მშვიდობა და გამთლიანება და აუცილებლად შეისმენს უფალი. ინებოს ღმერთმა საქართველოს მშვიდობა და მთლიანობა.
***
ჩვენ უფალმა მოგვცა ისეთი მამული, რომლის გამოც ყველას შურდა ჩვენი. ახლო მეზობელი იყო თუ შორეული, ყველა ცდილობდა, დაეპყრო ჩვენი ქვეყანა. ქართველი კაცი ყოველთვის იცავდა თავის ენას, მამულსა და სარწმუნოებას. ალბათ, ეს ჩვენი ხვედრია და ესეც ღვთის განგებითაა, რადგან არაფერი ხდება მისი უზენაესი ნების გარეშე. უფალმა მოგვცა ასეთი მშვენიერი მამული, ქართული ენა, მართლმადიდებელი სარწმუნოება, ასეთი კულტურა, გალობა, სიმღერა - ყველაფერი. რაც აოცებს მთელ მსოფლიოს და აი, ამას უნდა გავუფრთხილდეთ.
***
უფალმა მრავალი წყალობით დააჯილდოვა საქართველო. თუნდაც ის, რომ საქართველოში იყო ჩამოტანილი ხალენი (მოსასხამი) წმინდა ილია წინასწარმეტყველისა, კვართი უფლისა; საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა; საქართველოში ჩამოვიდნენ მოციქულები - ანდრია პირველწოდებული, სვიმონ კანანელი, ბართლომე, თადეოზი, მატათა - ნუთუ ეს არ გვეუბნება ჩვენ იმის შესახებ, რომ განსაკუთრებული მადლი მიანიჭა უფალმა საქართველოს? ნუთუ ეს არ მოგვიწოდებს ჩვენ არა სიამაყისკენ, არამედ პასუხისმგებლობისკენ?! ჩვენ დიდი პასუხისმგებლობა გვმართებს, რადგან ვისაც უფალი დიდ მადლს ანიჭებს, მას ბევრიც მოეკითხება.
***
ქართველი კაცი თავისი ცხოვრებით მუდამ ქმნიდა ჯვარს - ჩვენ მუდამ გვქონდა სწრაფვა ღვთისაკენ (ეს არის სულიერი ვერტიკალური ძელი) - და მეორე: ქართველი კაცი მუდამ ხედავდა სხვა ადამიანის გაჭირვებას (ეს არის სულიერი ჰორიზონტალური ძელი). ორივე ერთად კი (სწრაფვა ღვთისკენ და სწრაფვა ადამიანისკენ) ქმნის სულიერ ჯვარს. ამ ჯვარმა გადაარჩინა ქართველი ერი.
მრავალი ერი არსებობდა, მათ შორის ჩვენზე ბევრად ძლიერი და მრავალრიცხოვანი, მაგრამ დღეს ისინი აღგვილია პირისაგან მიწისა. საქართველო და ქართველი ერი კი იყო, არის და იქნება, რადგან ჩვენ ვადიდებთ ჭეშმარიტ ღმერთს.
***
ერთ-ერთ ქართულ ხალხურ ლექსში ნათქვამია: ”დღეს ღამე უთენებია, რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია”. ქართველი კაცი დღე და ღამეს ასწორებდა, რომ რაღაც სიკეთე მოეტანა სამშობლოსათვის. იგი არასდროს ელოდა სხვის დახმარებას და თავად სიყვარულით აკეთებდა ყველაფერს. ღმერთი არის სიყვარული, სიყვარულით დაგვაჯილდოვა უფალმა და ეს სიყვარული გადაარჩენს საქართველოს.
პირველ საუკუნეებში, როცა მაცხოვრის მიმდევარნი სასტიკად იდევნებოდნენ, ახალგაზრდები გამოდიოდნენ სახლებიდან და ყვიროდნენ: ”მე ქრისტიანი ვარ!” რადგან სურდათ სიკვდილი ქრისტესათვის. ზოგჯერ დედები უმალავდნენ ტანსაცმელს თავიანთ შვილებს, რათა ისინი ქუჩაში არ გასულიყვნენ. აი, ასეთი პირველი საუკუნეების რწმენა ჰქონდა მუდამ ქართველს. ჩვენ ვმადლობთ უფალს იმ დიდი სიყვარულისა და რწმენისათვის, რომელიც უხვად უბოძა საქართველოს.
***
საქართველო თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, მუდამ იყო სხვადასხვა პოლიტიკურ და რელიგიურ ძალთა შეტაკებების ასპარეზი, მაგრამ მიუხედავად მრავალი დიდი განსაცდელისა, ქართველი ერი და საქართველოს ეკლესია მუდამ ერთგული იყო მართლმადიდებლობისა. მან თავისი სარწმუნოება საუკუნეების ქარცეცხლში გამოატარა და წმიდად მოიტანა დღევანდელ დღემდე.
***
რა იქნებოდა საქართველო წმიდა ნინოს, ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლის, შოთა რუსთაველის, დავითისა და კონსტანტინეს, კათოლიკოს-პატრიარქის ანტონ I, ეფრემ ფილოსოფოსის, პეტრე იბერის, იოანე პეტრიწის და მრავალთა სხვათა ღვაწლის გარეშე, ვის ეცოდინებოდა დღეს საქართველოს შესახებ, რომ არ გვყოლოდა ბექა ოპიზარი, ბერი დამიანე; წარმოუდგენელია საქართველო მსოფლიოში ტიხრულ-მინანქრული ხატების, სვეტიცხოვლის, ჯვარის, ბოლნისის სიონის გარეშე.
გახსოვდეთ, რომ თქვენი წინაპრები განისვენებენ საქართველოს წმიდა მიწაში, ნუ დაივიწყებთ, ვინ ხართ, გახსოვდეთ ღვთისაგან დალოცვილი ქართული ენა და საუკუნეთა მანძილზე ნაკურთხი ქართული ტრადიციები.
***
ერთხელ მკითხეს, რას ნიშნავს თქვენთვის სამშობლო? და მე ვუპასუხე:
- მე არ ვიცი, მე ვარ სამშობლოში, თუ სამშობლოა ჩემში!
(წიგნიდან ”პატრიარქის ქადაგებები ბავშვებისათვის”)