"მაშინ გამოჩნდა, რა მეზობლობა, მეგობრობა, ნათესაობა შეგვეძლო... უხორცო კატლეტები, უკვერცხო ნამცხვრები, უფულოდ სუფრები..." წახდა საქმე და ცხოვრებამ ნირი იცვალა. მაშინვე ვერ ავუღე ალღო. იქნებ ვერც მივხვდი კარგად, რა ხდებოდა. ვისხედით, ვსაუბრობდით ახლობლები და მოულოდნელად ახალი სიტყვები გამოჩნდა – დოლარი, თურქეთი, ვალი, ვახში. გავიტან, გავყიდი...
რა ხდება? – ვფიქრობ. აღარ არიან საინტერესოები. რაზე ლაპარაკობენ. მე სანამ ამაში გავერკვიე – თურმე გავღატაკებულვართ. თურმე აწი დენი, წყალი, ტრანსპორტი – ყველაფერი აუცილებელი, თავად პურიც კი დაგვემშვიდობა და დაიწყო ჩვენი გამოცდის წლები, რომელმაც დიდხანსაც გასტანა და, უნდა ვაღიაროთ, არ ჩავაბარეთ ცუდად – ერთმანეთის გატანა ვიცოდით. ჯერ არ იყო გაცხოველებური მომხმარებლის სული, კარგად, ადამიანურად ვიტანდით დუხჭირ ცხოვრებას. უფრო მეტიც – მაშინ გამოჩნდა, რა მეზობლობა, მეგობრობა, ნათესაობა შეგვეძლო. დიდხანს ვიდექით, სიმაღლეებს ვინარჩუნებდით.
ყველაზე მეტად კი მაინც ქალის, დედის როლი გამოიკვეთა. ახლა გჭირდება მთელი შენი მოხერხებულობა - უხორცო კატლეტები, უკვერცხო ნამცხვრები, უფულოდ სუფრები აკეთო!
ახლა უნდა შეინარჩუნო კაცი თავის სიმაღლეზე – ე, ქალო, მეიფიქრე რაცხა, თვარა დაგვენგრა ოჯახიო, – დაახლოებით მასე. ახლა უნდა გახდე პარიკმახერი, ექიმი, ექთანი. ყველაფერი – "ზა სებია, ი ზატოვო პარნია"!
ასევე იხილეთ: "სკოლიდან რომ მოვედი, პური დამხვდა და ვაკოცე..."
ქება და დიდება იმ თაობის ქალებს. შევძელით. ფეხით რომ ქალაქს გადაკვეთ, უკანასკნელი ფულით თეატრის, ოპერის ბილეთებს იყიდი, ორს, მეტის საშუალება აღარაა, და შვილებს
გარეთ ელოდები. აი, ეს შევძელით. სულის პურითაც ვაპურეთ.
იმდენად შევედი როლში, მახსოვს, ლიხაურიდან ლაითურის გზაზე ქოლგას კინაღამ ავყევი – მერი პოპინსს ვთამაშობდი, გზა რომ ადვილად გადაეტანათ. ნეტა თუ შენიშნეს, რომ შევშინდი – ნამდვილად ავიწიე, თუ მომეჩვენა, რომ ნამდვილად ავიწიე-მეთქი..! რობერტო ბენინის ფილმი გახსოვთ, "ცხოვრება მშვენიერია", საკონცენტრაციო ბანაკში რომ ბიჭუნას სულ თამაშ–თამაშით გადაარჩენს? გახსოვთ? ჰოდა, მასე ვიყავით, სწორედ მასე – ჩიტი რომ ბრუნდება ბუდეში და... ოდა, ქართველ ქალს!
ჩვენ ღვთისმშობელი გვიცავს, წმინდა ნინოს ძალა გადმოგველოცა!
არ დაიღალო, გენაცვალე, არ დაიღალო, ჩემო ჯიშო და მადლო!
მადონა თედორაძე