აცერით ბავშვები სამშობლოს ეკლებით!.. ოღონდ არ იტიროს, ოღონდ არ იტიროს, თავზარდაცემული ვფიქრობ. თაროებს მივადექი და შეუსწორებელი არაფერი დავტოვე. ისევ მივუბრუნდი:
– იცი, დიდი ხანია, გხედავ, რას აკეთებ. თვალს გარიდებ. მრცხვენია. ახლა შიშიც დაერთო, არა მარტო იმის, რომ დაგიჭირონ. არავინ გაგიმეტოს! არ შეგესიოს ეს გამწარებული ხალხი, თორემ, მტრისას!..
ბიჭს ტუჩები უთრთის. გაბზარული ხმით მპასუხობს:
– თქვენ, თქვენ რას აკეთებთ, რა გინდათ აქ? მეც რამდენი ხანია, თვალს გარიდებთ.
ვერ გადავურჩი – ატირდა... ავღრიალდი მეც. არ იყო საშველი...
მეტროსთან მაღაზია გვქონდა. მიხაროდა, ოჯახის გადარჩენის გზა ვიპოვნეთ-მეთქი. მან კი, თვალს გარიდებთო...
მერე დავაყარე ჩვეული ყბადაღებული, ბრიყვული და სამარცხვინო ფრაზები:
– სამუშაო რომ მოძებნო? ვინმეს რომ სთხოვო ფული, სამსახური ან დახმარება?
თავად არ მჯეროდა იმის, რასაც ვამბობდი. არაფერია უფრო შემზარავი, ადამიანს დახმარების ნაცვლად მზა ინსტრუქციებს რომ აძლევ. ბიჭია ჯერ კიდევ და უკვე პატარა ბიჭის მამაც. დადის, გაერევა ბრბოში, ეძებს საკბილოს... მომრავლდნენ ასეთები. ვარიდებთ თვალს ყოფილი მასწავლებლები, აქვე მეტროსთან რომ ჯიხურების იმედით ვარსებობთ. ვეუბნებით ერთმანეთს სადარდებელს:
– ეს ხომ ჩვენი სკოლის საიმედო მომავალი იყო! ჭკვიანი ბიჭები... ყველა ნორმალურ გარემოში ახლა სტუდენტები რომ უნდა ყოფილიყვნენ! პერსპექტიული მომავალი უნდა ჰქონოდათ, ხელობა ესწავლათ რაიმე!..
ასევე იხილეთ: ლიდერის ამოცნობა უნდა შეგეძლოს! - გამოცდილი მასწავლებლის საოცარი მოგონება პირველ რთულ კლასზე
დაიჭირეს ერთი. მეორე პოლიციის ტყვიამ იმსხვერპლა. გაფუჭდა და დახურდავდა მესამე. სხვა გალოთდა. დეპრესიული გახდა თითქმის ყველა. ეს ომს მოჰყვა. ეს ერის გაყოფას მოჰყვა. ეს მადაგაღვიძებულ და ძირამოუვსებელ სტომაქებს მოჰყვა.
ერთ დღესაც ახალგაზრდა კაცი მოვიდა, ციხის ზედამხედველი ვარო. წერილი გადმომცა. ამანათი გავაკეთე, რომ გამეტანებინა. ზის და მეუბნება, – ზურა ლექსებს გვიკითხავს... ყველაზე მეტად მაინც ანა უყვარს, კალანდაძეო. პოეზიის საღამოებს აწყობსო.
წერილში ბოდიშს მიხდიდა, იმედი გაგიცრუეთ, ვიციო...
კარგი ბიჭი იყო... ვიცი, ის რამენაირად გაიტანდა თავს. ლექსი შეიყოლია. ხალხურები უყვარდა. ვაჟას გოგოთურზე გავზარდე.
ლექსებით აცრილებს რა გვიჭირს! ამიტომ ვამბობ, აცერით, აცერით სამშობლოს ეკლებით ბავშვები!..
მადონა თედორაძე