"რომ მივალ ექიმს ვეტყვი, სხვა ვენაში გადამისხან, ეს სულ დაიწვა წინა ქიმიის დროს..." - ქართველი გოგონას ჩანაწერები, რომლებიც გაგაოგნებთ... ეს ჟურნალისტ ეთერ ერაძის ძალიან ემოციური პოსტია გოგონაზე, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა. მის პოსტს და ამ ამბავს თქვენც გთავაზობთ:
"რამდენჯერ გავიზიარე და წავშალე ეს პოსტი, - ისეთ დროს და ისეთი ტკივილებისას არის დაწერილი, რაღაცნაირად შემეშინდა, რომ ხალხი არ დამემძიმებინა. ბოლოს მაინც გავიზიარე. ეს ყველაფერი 5 წლის წინ არის დაწერილი, 21 წლის გვანცა აფხაიძის მიერ, სისხლის უმძიმესი ლიმფომის, მეოთხე სტადიის სიმსივნის მკურნალობის პროცესში. თქვენ რა გგონიათ, რა მოუვიდა ამ გოგონას? ის გამოჯანმრთელდა, სრულიიად! ჩემი აზრით, ის ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი და ლაღი ადამიანია მათ შორის, ვისაც ვიცნობ. და რაც მთავარია, ამ ბედნიერებასა და სიცოცხლის სიყვარულს ნებისმიერს გადასდებს, ვინც კი მის გვერდით მოხვდება. ამას წინათ ის ჩემი რესპონდენტიც იყო და თავისი განუმეორებლობით გამაოგნა. ნამდვილად ვიცი, რომ ამ გოგოს ვერასოდეს დავივიწყებ, - ნიშნად იმისა, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერი კარგად დამთავრდება. ოღონდაც სწორედ ასე უნდა გჯეროდეს, ეჭვიც არ უნდა შეგეპაროს, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება! აი, ამიტომაც გადავწყვიტე გვანცას ამ ჩანაწერის გამოქვეყნება და კიდევ მისი ფოტოსიც თავისი ნახატების ფონზე.
აი, გვანცას ჩანაწერიც:
"ყოველთვის ერთი და იგივე გზით მივდივარ თავის გადასარჩენად, ჯერ სანაპიროს გავივლი, მტკვრიდან თევზის სუნი ამოდის და გულს მირევს, მერე დახუთულ გვირაბში უნდა შევიდე, სიბნელეში ყოველთვის ნათელი წერტილის გამოჩენას ველოდები. გზაში ვფიქრობ, რომ მოვა დრო და ერთხელაც აუცილებლად დავწერ, რას ვგრძნობ. როცა ამ გზით მივდივარ, ძალიან მიყვარს ფიქრი, ვცდილობ წარმოვიდგინო, თითქოს გრძელი თმები მაქვს და ეს ცხელი ჰაერი ახლა რომ სახეზე მხვდება, ჩემს თმებს მანქანის უკანა სავარძლებისკენ შლის, მერე ისევ უკან მიბრუნებს და სახეზე მებურდება... უცებ მანქანის სარკეში ჩემს მელოტ თავს მოვკარი თვალი და გულითადად გავუღიმე, ვცდილობ მოვატყუო, რომ ასეთიც მიყვარს. ჯერ არ მივსულვართ, ანუ კიდევ მაქვს დრო სხვა რამეებზე ფიქრისთვის.
ვუხლოვდები საავადმყოფოს და ნანემსარი მტკივდება, რომ მივალ ექიმს ვეტყვი, რომ სხვა ვენაში გადამისხან, ეს ალბათ სულ დაიწვა წინა ქიმიის დროს... მერე მივღოღავ საავადმყოფოს კარისკენ, რაც შეიძლება ნელი ნაბიჯებით, ვიცი, რომ ჩემი ფეხით შევალ, მაგრამ იქიდან როგორ გამოვალ, არც მე ვიცი და შეიძლება ღმერთმაც ბოლო წამს გადაწყვიტოს. შევდივარ წამლების სუნით გაჟღენთილ დერეფანში და მცივა, საშინელებაა სიცივე, უცებ შემაჟრჟოლა... მამამ მითხრა თუ გინდა წაგყვებიო, მაგრამ არ მიყვარს, როცა ცუდად ვარ და ვინმე მიყურებს, მეორე მხრივ ისიც მსიამოვნებს, მარტო ჩემი თავის იმედი რომ მაქვს, ასე თავს უფრო ძლიერად ვგრძნობ.
აი, ქიმიოთერაპიის განყოფილებასაც მივუახლოვდი, ბევრი ხალხია, ვიღაცები ჩუმად არიან და მხოლოდ შეშფოთებული სახეები აქვთ, ზოგი ტირის ჩუმად, ზოგიც ხმამაღლა, ვიღაც თავბედს იწყევლის, ვიღაც ამბობს, რაღა მაინცდამაინც მე დამემართაო... გული დამწყდა, მერე გავბრაზდი, რა ნათქვამია, საერთოდ რატომ უნდა დაემართოს ვინმეს, უფრო საშინელება კი ისაა, რომ ბავშვები წვალდებიან.
- ღმერთო, შეგეკითხო, სადა გაქვს სამართალი? თუ მკრეხელობა იქნება? - ვეკითხები ღმერთს და ვცდილობ ირგვლივ ყველას გავუცინო, ტირილით მაინც რას ვუშველი... მე ალბათ იმიტომ დამემართა, რომ აუცილებლად გადავრჩები, გავუძლებ, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი საათ-ნახევარში ისეთივე გავხდები, როგორც ეს საავადმყოფოს კედლები - ცივი და დაუდგენელი ფერის... სამ საათში გადასხმა დამთავრდება, მამაჩემს დავურეკავ და გამიყვანს მანქანაში, მერე სახლში მივალ და ალბათ მინიმუმ სამი დღე ფეხზე ვერ ავდგები...
სანამ ჩემი ჯერი დადგებოდა მოლოდინმა დამზაფრა, ისე, როგორც წინა ღამით, როცა გადასხმაზე მოვდივარ, ღამე ვერ ვიძინებ, ხან იმას ვფიქრობ, რა მელოდება, ხან იმას, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ასე ვნერვიულობ და თენდება კიდეც... ცუდია, როცა წინასწარ იცი რაც გელოდება, ისიც ცუდია, როცა არ იცი, მაგრამ მოულოდნელობა უფრო მსიამოვნებს. ვაკვირდები როგორ ვითარდება მოვლენები, ხანდახან თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ორი ვარიანტი მაქვს - ერთი კარგი და მეორე ცუდი, ანუ ან გადავრჩები ან ვერა, მერე თუ ვერ გადავრჩები, იქაც ორი ვარიანტი მაქვს - ან ვიარსებებ ან გავქრები, ეს ვარიანტები უსაზღვროდ შემიძლია გავაგრძელო, მსიამოვნებს, რომ ეს ვარიანტები არსებობს.
პალატაში შემიყვანა ჩემმა უსაყვარლესმა ექთანმა, თან მიღიმის და თან მობოდიშებით მიყურებს, იცის, რომ ვენას ვერ მიპოვის და უნდა მაწვალოს. მეც ვიცი, ვიწუწუნებ ცოტას, ამიტომ გულიანად მეცინება, თავზე ხელი მივიდე და უთმო თავი რომ შემრჩა ხელში, გული მომივიდა... სანამ ნათია კათეტერის ჩადგმას წვალობდა ჩემს გალეულ ვენებში, ვფიქრობდი, ყველა ადამიანი, ვინც ქიმიას იკეთებს, ანუ ძალიან ავად არის, რატომ წუწუნებს სულ თმებზე. აი თუნდაც მე, თმაზე უფრო დიდი სადარდებელი არ მაქვს, დავიჯერო? ვეკითხები ჩემს თავს და სერიოზულად ვიწყებ პასუხის გაცემას, ალბათ ეს ერთგვარი დამცავი მექანიზმია, რომ ნამდვილი პრობლემა უკანა პლანზე გადავიტანო, ან იქნებ მეშინია, მელოტად არ მოვკვდე, მინდა, როცა მოვკვდები, ლამაზი ვიყო, თავმოყვარეობის საკითხია (მეცინება), ან იქნებ მგონია, რომ თმებით უფრო ბედნიერი ვიქნებოდი, იმიტომ, რომ თმებს ვუკავშირებ ჯანმრთელობას, რადგან ისევ ისეთი ვარ, როგორიც ვიყავი, უბრალდ უთმო, ანუ მგონია, რომ თმებში რაღაც ძალა იყო...
- უჰ, მეტკინა, - სიმწრით გავუღიმე ნათიას.
- მორჩა, ძვირფასო, როგორც იქნა, მოვხვდი ვენაში, - მიღიმის, ძალიან საყვარელია, უსაზღვროდ ლამაზი ტალღოვანი თმები აქვს, თითქმის ასეთივე მქონდა მეც.
- იცი, რა ლამაზი თმა მქონდა? - ვამბობ უცებ, - გინდა გაჩვენო? - და ტელეფონს ვუწვდი.
- რა სხვანაირი ხარ, მაგრამ ახლაც ძალიან ლამაზი ხარ! - დამამშვიდა ნათიამ.
- ახლაც ლამაზი ვარ, რა თქმა უნდა, წამლებით გაჭყეპილი და უთმო, ეჰ - ამოვიხვნეშე და ისევ დაიწყო ლოდინი... საშინელი წვეთები მოდის კათეტერში და ჩემს ვენებში იღვრება, ვხვდები, მალე ყველაფერი ბუნდოვანი გახდება, მგონი ძალიან მეძინება... ალბათ ღამით რომ არ მეძინა, იმის ბრალია, თვალებს ვხუჭავ და დედაჩემი მოდის. - ნუ გეშინია, დედიკო, მალე დამთავრდება, სახლში მივალთ და გაგივლის. ცოტა უნდა მოითმინო, - მიღიმის და ცრემლიანი, ლამაზი მწვანე თვალებით მიყურებს... თვალები გავახილე და მივხვდი, ძალიან მომენატრა დედაჩემის ტკბილი ხელები, ბავშვობაში ყური რომ მტკიოდა და ვერაფრით ვიძინებდი, როგორც კი მომეფერებოდა, მაშინვე მიქრებოდა ტკივილი... ნეტა ახლაც ჩემთან იყოს, ჩავეხუტებოდი და ვიტირებდი, დედასთან არ მომრიდებოდა... ვაითუ მოვკვდე და ვეღარ ვნახო?!
- არა, ჩემი სიკვდილი არაფრით არ შეიძლება! - გადავწყვიტე.
კარებზე ნათია აკაკუნებს:
- პალატაში ადგილი აღარაა და ხომ არ შეწუხდები, ერთი მოხუცი ქალი რომ შემოვიყვანო შენთან?
- შემოიყვანე, - ვეუბნები მე.
- მობრძანდით! - ეძახის ნათია.
მესმის, როგორ მოქოთქოთებს ვიღაც ენერგიული ქალი ჩემი პალატისკენ, შემოვიდა და მე რომ დამინახა, სახე შეეცვალა, თვალებზე ცრემლები მოადგა და მკითხა:
- რა გჭირს, ბებიკო?
ზოგადად ვღიზიანდები, როცა მიცოდებენ და საწყალი თვალებით მეუბნებიან: "შე საცოდაო, ეს რა დაგმართნია ", მაგრამ ეს სულ სხვა იყო, თინა ბებო თვითონაც გადასხმაზე მოვიდა, მაგრამ თავისი თავის ნაცვლად ჩემზე დარდობდა.
- ლიმფომა მაქვს, - ვუთხარი მე.
- ეგ რა არის? - მკითხა გაკვირვებულმა.
- სისხლის სიმსივნეა, - ვუპასუხე.
- მერე, როგორა ხარ, ბებიკო? - მკითხა მზრუნველობით.
- არა მიშავს, ექიმები მეუბნებიან, მორჩებიო, საშიში არაფერიაო, ყველაზე კარგი სიმსივნე გაქვსო (მერე დავფიქრდი ყველაზე კარგ სიმსივნეზე და გულიანად გამეცინა).
- ნუ გეშინია, ბებიკო, მალე მორჩები, - დამიდასტურა, - აი, მაგალითად, მე უკვე სასიკვდილო ვარ, მაგრამ შვილიშვილებს ვჭირდები, დედ-მამა საზღვარგარეთ, ესპანეთში ჰყავთ, მე რომ მოვკვდე, მომვლელი ვინ ეყოლებათ, თორემ ჩემს სიცოცხლეს რა აზრი აქვს, ბებიკო. აი შენ ჯერ ბავშვი ხარ, გაიზრდები და ყველაფერი წინა გაქვს, ბებიკო, კარგად იქნები, ნუ გეშინია!
- არ მეშინია! დედაჩემიც საზღვარგარეთაა, იტალიაში, - ვუთხარი და ისევ ძალიან მომენატრა დედიკო.
იმდენი მექაქანა, გადასხმა უცებ დამთავრდა, დავემშვიდობე თინა ბებოს და წამოვედი.
- ორ კვირაში იგივე დროს, - მითხრა გამოსვლისას ქიმიოთერაპევტმა.
- ნახვამდის, - გავუღიმე და კედელს გავყევი გასასვლელისკენ.
ორ კვირაში რომ მივედი, თინა ბებო მოსაცდელში იჯდა, პატარა ბიჭუნები ახლდა დ უცნაურად აღტაცებული მეჩვენა. მივესალმე. უსაზღვროდ ბედნიერმა გამაცნო შვილიშვილები და მომახარა: ჩემი შვილი ჩამოვიდა ესპანეთიდან, ბებიკო.
მერე შვილიც გამაცნო... მე და თინა ბებოს კიდევ ორჯერ მოგვიწია ერთად გადასხმის გაკეთება, ყველაფერზე ვლაპარაკობდით, თავისი ახალგაზრდობის ამბებს მიყვებოდა... მეორე გადასხმის მერე თინა ბებო აღარ შემხვედრია, იქნებ კარგად გახდა-თქო ვიფიქრე და სიმართლე გითხრათ, ვერ გავბედე ვინმესთვის მეკითხა, როგორ იყო, სად იყო, რატომ აღარ ჩანდა, იქნებ სხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს, ან იქნებ სხვა დღეს დაუნიშნეს გადასხმა... იმდენად მეშინოდა პასუხის, ათასი იქნებ გამოვძებნე, მერე გადასხმაზე შემიყვანეს და თინა ბებო თითქოს მიიმალა ფიქრებში...
ქიმია დავამთავრე, დასხივებას ვიკეთებდი, საყლაპავი დამწვარი მქონდა და ლაპარაკი მიჭირდა... უცხო ნომერმა დარეკა ჩემს მობილურზე. როგორც წესი, უცხო ნომრებს არ ვპასუხობდი, მით უმეტეს ახლა, როცა საყლაპავი მქონდა დამწვარი, მაგრამ მაინც ავიღე.
- გისმენთ! - ვუთხარი გაჭირვებით.
- გამარჯობა, გვანცა ხართ? - მკითხა დაბნეულმა ხმამ.
- დიახ, - ვუპასუხე და თავს ძალა დავატანე, რომ მეკითხა, - თქვენ ვინ ბრძანდებით?
- იცით, მე თქვენ დიდი ხნის წინ გაგიცანით, დედას ვახლდი საავადმყოფოში, მე თინას შვილი ვარ, სალომე, გახსოვართ?
- რა თქმა უნდა, - ვუპასუხე და დავიძაბე.
- დედამ მთხოვა, ხშირად დაურეკეო, უთხარი, რომ მე მორწმუნე ვარ და სულ ვილოცებ, რომ კარგად იყოსო... კიდევ, ბავშვობაში მეც სულ გული მერეოდა, მაგრამ არ შეგეშინდეს, შვილს გააჩენ და გაგივლისო... დედაჩემს ძალიან უყვარდით, სულ გახსენებდათ და გლოცავდათ, - მითხრა სალომემ
- დიდი მადლობა, - ისედაც დამწვარი საყლაპავი, ხმა და გული ერთიანად ჩამიწყდა და გავუთიშე.
ღმერთო, შეგეკითხო სად გაქვს სამართალი? თუ მკრეხელობა იქნება?"