იქნებ სხვისი შვილების ფეხით გათელილი მიწა ამჯობინა უნაყოფო ლამაზ ცოლს და დიდებას საიქიოში...
დიდი ხეპრე და უწიგნური კაცი იყო გივი, მაგრამ რად გინდა, მთელი სოფელი პატივს ცემდა მისი სიმდიდრის გამო, და როგორც მდიდარი უწიგნურების წესია, ღარიბ სწავლულებს ემტერებიან, კი არა სულ მათი ჯავრი ჭირთ. ასეთი მახრა ჰქონდა გივის მისი სწავლული მეზობლის, ერთი ქოხის უქონებელი გოგიას მიმართ. ბავშვობიდან ერთად მოდიოდნენ და გოგია სულ ჯობდა ჭკუაში, სწავლაში და სილამაზეში. მარამ გოგიას სულ ხელს უშლიდა თავისი პატიოსნება სიმდიდრის დაგროვებაში და ამიტომ გივიმ ისე გაასწრო ამ საკითხში, რამდენადაც წიგნიერებაში ჩამორჩებოდა.
იმის გამო, რომ გივის ბევრი ფული ქონდა,სოფლის ულამაზესი გოგოც შეირთო ცოლად, გოგიამ კი წესიერი, მაგრამ დიდად შეუხედავი ქალი დაითანხმა ცოლობაზე. წირვაზე რომ წავიდოდნენ კვირაობით, ყველა გივის ცოლს და მის ტანსაცმელს უყურებდა, გოგია კუთხეში იდგა ღარიბ ცოლთან და უფალს შვილების კარგად ყოფნას ევედრებოდა. გივი გამორჩეულ ადგილზე იდგა და უფალს შვილის ყოლას სთხოვდა.
ყველაფერი ეხარბებოდა მდიდარ გივის ღარიბი გოგიასთვის, სასაფლაოს ნაკვეთიც კი, რომელიც გვერდიგვერდ ჰქონდათ...
ასე გავიდა 30 წელი. გოგიას ოთხი შვილი და არც ერთი სახლი არგუნა ბედმა, გივის - ოთხი სახლი და არც ერთი შვილი. ერთ დღეს დაიღუპნენ ტრაგიკულად, ცხენებით სანადიროდ იყვნენ მთაში მეზობლები, ზამთარმა თავისი გაიტანა და გზები სულ ჩაიტანა მდინარისკენ. თან წაიყოლა გივის და გოგიას ცხენები მხედრებით. დასაფლავებაც ერთ დღეს გადაწყვიტა სოფელმა. უბრალოდ, ჯერ გივი უნდა დაეკრძალათ და ერთ საათში გოგიასაც მიასვენებდნენ სასაფლაოზე...
საშინლად წვიმდა იმ დღეს. მესაფლავე, რომლის სახელი ჯერ კაციშვილმა არ იცოდა სოფელში, მთელი დღე ხან ერთ საფლავს თხრიდა, ხან მეორეს. ორი მიცვალებული უნდა დაეკრძალა დღეს, ადვილი საქმე როდი იყო არყით გამობრუჟული მოხუცი მესაფლავისთვის, არადა, ამინდი უფრო ურთულებდა საქმეს. წვიმა ამძიმებდა მის ქურთუკს და არაყი უბინდავდა გონებას.
როცა ყველამ დატოვა სასაფლაო და მარტო დარჩა, ხან ერთ კუბოს მოუბრუნდა მთვრალი მესაფლავე, ხან - მეორეს და ხმამაღლა ეკითხებოდა: აბა, რომელი ხართ გივი და რომელი გოგია, გამაგებინეთო. რომ არც ერთმა უპასუხა, ადგა და თავად გადაწყვიტა, გივი გოგიას საფლავში ჩადო, გოგია გივის წილ მიწას მიაბარა... მიცვალებულებთან ერთად დაიმარხა ეს საიდუმლოც. თვითონ მესაფლავესაც კი არ გახსენებია მას მერე.
რაც სიოცოცხლეში არ ღირსებია გოგიას, ისეთი პურმალილი იშლებოდა მის საფლავზე, რაც ცხოვრებაში ვერ აუსრულა ღმერთმა, ოთხი შვილი დასტიროდა გივის საფლავს. და იყვნენ ასე... იყვნენ, სანამ გივის ლამაზი ქვრივი არ გარდაიცვალა და გოგიას არ მიუწვინეს გვერდში. ალბათ მაშინ კი აევსებოდა გივის მოთმინების ფიალა, მაგრამ არაფერი უთქვამს. ვინ იცის, იქნებ სხვისი შვილების ფეხით გათელილი მიწა ამჯობინა უნაყოფო ლამაზ ცოლს და დიდებას საიქიოში...
ანა ლაშხელი-ონიანი