"ბავშვები დავარიგე აქეთ-იქით... და სახლში დავბრუნდი... ნანატრ სიმშვიდესა და სიმარტოვეში..." რამდენი დღეა ვიძახი, რომ ძალიან დავიღალე, დასვენება მინდა... სიწყნარე, სიმშვიდე მინდა...
მარტო ყოფნა და ძილი მინდა... ბავშვები დავარიგე აქეთ-იქით..
და სახლში დავბრუნდი... ნანატრ სიმშვიდესა და სიმარტოვეში...
ვზივარ ახლა და ვფიქრობ... რა გავაკეთო... ადგილს ვერ ვპოულობ, ვერც დავიძინე... ვერც ვკითხულობ... დავდივარ ოთახიდან ოთახში უაზროდ... ისეთი სიჩუმეა, არ ახსოვს ამ სახლს ასეთი სიჩუმე და გაოცებულია... თან არეული და დასალაგებელია... მაგრამ რა აზრი აქვს დალაგებას, თუ მაინც არავიან არ არევს? პირველად მაგრძნობინა შვება არეულმა სახლმა, სადაც ასე გულმოდგინედ ყრია ჩემი შვილების ნივთები... თითქოს მიყურებენ და მეხვეწებიან, ჩვენ მაინც დაგვტოვე, სადაც ჩვენმა პატრონებმა დაგვყარესო, ჩვენ მაინც ნუ მოგვიშორებ და მოგვაფარებ თვალსო... მეც არ ვკიდებ ხელს და მგონი კმაყოფილები არიან... ვზივართ ახლა ყველანი ერთად და ვუსმენთ ერთმანეთის სიჩუმეს...
ცოტნემ დამირეკა... რაღაცნაირად გავიფიქრე, ალბათ მეტყვის, რომ ვერ ჩერდება იქ და ახლავე გავიქცევი ჩამოსაყვანად-თქო...
- კარგად ვარ, დეე, ლუქსში ვართ რვა ბიჭი... გინდა სახელები ჩამოგითვალო? მე, გიო, თომა... მეტი არ მახსოვს... კაი, კარგააად...
ეე... გავვოცდი... კედლებმაც გაფართოებული თვალებით შემომხედეს.
ზაქარიას ვურეკავ, უამრავ კითხვას ვსვამ. პასუხები:
-ჰო....
-კი....
-არა...
-კაი, კარგააად...
ვზივარ ამ სიჩუმით გაოცებულ სახლში და ვფიქრობ... ვერც ვისვენებ... ვერც ვმშვიდდები... ვერც ვწყნარდები... აი, მარტო კი ნამდვილად ვარ... მაგრამ უკვე აღარ მომწონს ასეთი მარტოობა... მოვიწყინე... სახლმაც მოიწყინა... იმხელა თვალებით მიყურებს, მეშინია არ გადმოსცვივდეს...
მენატრებით, დეე...
ნინო ჩიტაშვილი