"შენ ახლა ალბათ ბაღჩაში ხარ... ან სადილს ამზადებ... ან დაიღალე, წამოწოლილი ხარ და ჩემზე ფიქრობ, ჩემ ცხოვრებას ჩხრეკ და... და ნეტა როგორია განაჩენი..."
ახლა ფანჯარასთან ვზივარ და ვუყურებ, როგორ გადარბიან ეზოს ბავშვები აქა-იქ მოგროვილ მუყაოს ქაღალდით დანთებულ ცეცხლზე და ჟრიმულით აფრთხობენ კუდიანებს... დღეს ხომ ჭიაკოკონობაა! გახსოვს, დედა, როგორ მიყვარდა ეს დღე... დილიდან გულის ფანცქალით ველოდით უბნის გოგო-ბიჭები შემოღამებას... ზოგს თივა მოჰქონდა, ზოგს - წალამი, ზოგს - ხის ტოტები და დიდ, უზარმაზარ ცეცხლს ვანთებდით გზის შუაგულში... როგორ მჯეროდა, რომ ცეცხლზე გადახტომის მერე მთელ წელს ავი და ფათერაკი აღარ მემუქრებოდა... მჯეროდა... და იქნებ ახლაც მჯერა სადღაც გულის კუნჭულში, იქ, სადაც ნაადრევი ფიქრი და დაღლა არ გამკარებია ჯერ...ჰო, წერილს გწერდი და მოგონება გამომივიდა ბოლოს... იმას ვამბობდი, მჯეროდა-მეთქი და მართლაც ხდებოდა სასწაულები. განა სასწაული არ იყო, აბიბინებულ ბალახზე მინდვრის ყვავილებს რომ ვეძებდი, ეკლით დაკაწრული ხელებითაც რომ ვაგრძელებდი კრეფას და სახლში ყვავილების დიდ ბღუჯას მოვარბენინებდი. თოვლიან მოედანზე ბებო რომ დამატარებდა ციგით და ხშირად ჩემი ეშმაკობების გამო ცარიელ ციგას ელაპარაკებოდა, ან ახალი წლის ღამეს თოვლის პაპა რომ მიხატავდა ფანჯრებს, მელია ნაძვის ხეს მირთავდა და საჩუქარს მიტოვებდა... ეს ყველაფერი ხომ მართლა იყო!!!
გახსოვს, გამუდმებით მარიგებდი, ასე არ მოიქცე, ასე უკეთესია, ასე ჯობია და ასეო... იმდენი მომიყევი ცხოვრებაზე, რომ ნაადრევად დავიღალე და დავიბენი. ყველა ადამიანის ყველა ასაკს თავისი ქცევები აქვს ალბათ. გული ერთს მკარნახობდა, შენ და გონება - მეორეს და მაინც გულს ვუსმენდი ხშირად. იქნებ წავაგე და იქნებ არც წამიგია... მახსოვს, წინათ ყველა ოცნება სრულდებოდა, ყველა ნატვრა მიხდებოდა და ზღაპარიც კი სინამდვილისა იყო... ახლა რატომ აღარ ხდება სასწაულები, დედა... რატომ... ახლა ხომ უფრო შეგნებული ოცნებები მაქვს, ციდან მოფრენილი კი არა, მიწაზე მოსიარულე ოცნებები... თუმცა ეს რა ვთქვი... ოცნება და მიწაზე?
პირველი წელია ცეცხლზე ვერ გადავხტი... ე.ი. კუდიანები ვერ დავაფრთხე და სადღაც ახლოს არიან? სად გაქრა ის უცხო ძალა, მწვერვალამდე მისვლაში რომ მეხმარებოდა... გამიწყრა ალბათ... უნდობლობა ყველას ანაწყენებს, მე კი ნაადრევად გადავირწმუნე კეთილიც და ბოროტი ჯადოქრობებიც. შენ ახლა ალბათ ბაღჩაში ხარ... ან სადილს ამზადებ... ან დაიღალე, წამოწოლილი ხარ და ჩემზე ფიქრობ, ჩემს ცხოვრებას ჩხრეკ და... და ნეტა როგორია განაჩენი... ბავშვობაში გაუაზრებელი, ბავშვური ნაბიჯებიც შეგხვდა ალბათ, ხომ... ბავშვობაში იყო ზედმეტი გულუბრყვილობაც, მაგრამ იყო სასწაულებიც! ახლა აღარ არის თითქმის არც ერთი შეცდომა, მაგრამ აღარც სასწაულებია... აი, ასეთია ცხოვრება... გეგმის და გამოწერილი რეცეპტების მიხედვით უბრალოდ ადამიანები კი არა, მხოლოდ გარკვეული პროფესიის ადამიანები ცხოვრობენ და ისიც იმდენ ხანს, სანამ რეცეპტი უკარნახებთ.
შევეჩვიე შენით ცხოვრებას და რაც დრო გადის, მით მეტად ვეჯაჭვები შენს რჩევა-დარიგებებს, დამოუკიდებლობის ნაპერწკალი ბავშვობასთან ერთად ნელ-ნელა გაქრა... შენ ისევ აგრძელებ ცხოვრების მოყოლას, დედა... ისევ ავლებ პარალელებს, რათა თვალსაჩინო გახადო უფრო, რა ჯობია, რატომ და როგორ... მეც გისმენ და ვცდილობ მოყოლილი კარგად ავითვისო... თუმცა ხშირად ორივეს გვავიწყდება, რომ ყველა ადამიანი ინდივიდია და აჭრილ თარგზე ხშირად შესაძლოა უსახური ძონძი გამოვიდეს მხოლოდ...
არ ვიცი, წინ რა იცდის და რას უნდა ველოდე, თუმცა ძალიან მინდა კიდევ ერთხელ მომილოცოს ახალი წელი მელიამ და საჩუქარიც მომიტანოს... ჩემს შვილს მიუტანოს, დედა... მადლობა, რომ არც ერთ შესახვევსა და არც ერთ ჩიხში არ მიგიტოვებივარ მარტო და ჩემთვის გზის გაგნებას დებულებების, აქსიომების და თეორემების დახმარებით ცდილობდი... მაგრამ როცა თოვლის პაპა ჩემი შვილის ოთახის ფანჯრებს მოხატავს, ხმას დავუწიოთ ორივემ, დედა... არ მინდა, ისიც ნაადრევად გადამეღალოს ამდენი ნაამბობით....
პასუხი მომწერე და ბაღჩის ყვავილები გამომიგზავნე..."
თამარ ბარბაქაძე