”თვალწინ მიტრიალებდა, როგორ იცინებდა მთელი კლასი და ყურები სიმწრით მიწუოდა. ღმერთს იმასაც ვეხვეწებოდი, ოღონდ დღეს გადავერჩინე...” ჩვეულებრივი ზამთრის დილა გათენდა. ვბუდარაობ - სკოლაში წასასვლელად ვემზადები (მესამე კლასში ვარ). ჩემი ძმა გამოწყობილია და მელოდება, როდის მოვრჩები ოთახიდან ოთახში სირბილს. ვითომ დიდი საქმიანი ვიყავი - მსიამოვნებდა, ჩანთას ბევრჯერ ვხსნიდი და მერე ვკეტავდი. ის ხმა მიყვარდა, ორი შესაკრავი "ტკლაც" - ასე რომ აკეთებდა, რაღაც თავდაჯერებულს მხდიდა.
გზაში ჩემმა ძმამ შემომხედა და: - გოგო, შენ გასაწმენდი ფეხსაცმელი გაცვიაო?!
- დიახაც-მეთქი!
- გოგო ხარ, თუ ვინ ხარ, ახლა ღირსი ხარ, ეს ყინული ჩავტეხო და იმ ცივი წყლით გაგაწმენდინოო.
- აუ, იცი რას გეტყვი, ასე მომწონს და ასე მაცვია... შენ ტილიან თავს მიხედე-მეთქი (ეს ძაან მოდაში იყო)...
ასე ჩხუბით ისე მივედით სკოლასთან, ვერც მივხვდით. წადი, შეეთრიე კლასში და ნეტა დაგცინონ ბავშვებმაო, მომაძახა გამწარებულმა. აუ, გაიარე-მეთქი, და შევირბინე კლაში.
ღუმელი გაღუღუნებულიაა, როგორც ყოველთვის. ღიღინით დავდე მერხზე ჩანთა. თან მიხარია, ნიკას მაგარი პასუხები რომ გავეცი და თავი არ დავიჩაგრე... გავიხადე პალტო და ჰოპ - სადააა ქვედაბოლო?!
სასწრაფოდ ჩავიცვი ჩემი "კლეჩატი" პალტო, შევიკარი და ქუდიც დავიხურე - იმიჯი შევიქმენი, ვითომ ძალიან მციოდა.
იხილეთ სოფოს კიდევ ერთი სახალისო ისტორია
ნინო მასწავლებელი შეწუხდა, ნეტავ ეს ბავშვი ხმ არ ცივდება, ასე რატომ სცივაო. ვზივარ სკამზე და ღმერთს ვევედრები, არ გამიყვანოს მასწავლებელმა დაფასთან. ხელს რომ ავწევ დასაწერად, პალტო ზემოთ ავა და ჩემი რეიტუზის სასტიკად სქელი ორი ზოლი გამოჩნდება (როგორ მეზიზღებოდა ზამთარი ამ რეიტუზების გამო. უკან ორი იმხელა ნაკერი ჰქონდა, კაბაში ძლივს ვიმალავდი).
ვლოცულობ... ალაგ-ალაგ ვიცოდი "მამაო ჩვენო" და იმ სიტყვებს შეუსვენებლად ვიმეორებდი გულში, ბოლოს "ამინს" აუცილებლად ვაყოლებდი - ეს მაგრად მქონდა დაზეპირებული...
ყველანაირი ხერხი უნდა გამომეყენებინა, რომ დღეს არ შევრცხვენილიყავი. თვალწინ მიტრიალებდა, როგორ იცინებდა მთელი კლასი და ყურები სიმწრით მიგუბდებოდა, მიწუოდა. ღმერთს იმასაც ვეხვეწებოდი, ოღონდ დღეს გადავერჩინე და ნიკას აღარ გავაბრაზებდი. ვფიქრობდი, ასე რომ ვუპასუხე, ალბათ ამისთვის ვისჯები-მეთქი...
ღუღუნებს ღუმელი და გადამდის სიმწრის და სიცხის ოფლი. დასვენების წუთებსაც ვერ ვიყენებ: აბა, მცივა და გარეთ ხომ ვერ გავალ?! ნინო მასწავლებელი დროდადრო იმეორებს: - აშკარად ცივდება ეს ბავშვი, - და უკეთებს და უკეთებს ღუმელს, რომ თბილად ვიყო...
ჩვეულებრივად მოხარშული მივედი სახლში. მეორე დღეს, არც რეიტუზით და არც ურეიტუზოდ, არავის ვუნახივარ. იმ ღამეს 38 მქონდა სიცხე... ისე თბილად ვიყავი მთელი ხუთი გაკვეთილი, რომ გავცივდი...
სოფო ბეგალაშვილი