"შვილმკვდარი დედაც და ქვრივიც ჰქვია, მაგრამ დღემდე ბავშვივით აოცებს, როგორ შეუძლიათ ადამიანებს ცუდის კეთება..." - ჟურნალისტის ჩანაწერები დედას და სითბო, რომელსაც ნებისმიერი მშობელი ინატრებდა "პალიტრანიუსის" ჟურნალისტ ბელა თაბუაშვილის ეს ორი უთბილესი პოსტი, სხვადასხვა წელს დაწერილი, მის საყვარელ დედას ეძღვნება. ეს ისეთი ჩანაწერებია, ალბათ ყველა დედა რომ ისურვებდა, მის შვილ ასე თბილად დაეწერა მასზე...
"მსოფლიოში საუკეთესოდ მოღიმარს, გულრწფელი და მომხიბლავი სიცილი ტრაგედიებმა წაართვა. ფერადი ტანსაცმელი შავებმა შეცვალა, თვალებში სამუდამო სევდა დასადგურდა, მაგრამ გულში ვერაფერმა ჩაუსახლა ცუდი და ბოროტი. მისი გულუბრყვილობა და სიკეთის კეთების დაუშრეტელი უნარი დღემდე გაოცებას იწვევს, არამარტო ჩემში. ნახევარ საუკუნეზე მეტი გამოიარა, ბევრი ტკივილითა და იმედგაცრუებით, შვილმკვდარი დედაც და ქვრივიც ჰქვია, მაგრამ დღემდე ბავშვივით აოცებს, როგორ შეუძლიათ ადამიანებს ცუდის კეთება. მშიერი დარჩება და სხვას გაუყოფს ლუკმას, საკუთარ საქმეს დაივიწყებს და სხვას გაუკეთებს, ასეთი იყო და ასეთად დარჩა - გასაბრაზებლად მიამიტი და კეთილი. ბედნიერი ვარ, რომ სწორედ მას ჰქვია დედაჩემი - ყველაზე კეთილშობილს, ყველაზე ნამდვილს, ყველაზე უბოროტოს, ყველაზე ტრაგიკულსა და ყველაზე გულუბრყვილოს მთელს სამყაროში.
არაფერში ჩაიჭრება, გაგება თითქოს მისგან არის მოგონილი. მხოლოდ მას შეუძლია სხვისი ტკივილიც საკუთარივით ეტკინოს, სხვისი სიხარული საკუთარივით გაუხარდეს. მხოლოდ მას შეუძლია ყველა ჩაატიოს საკუთარ ნატვრებში. მისგან არ მსმენია - ნეტა მე, მისგან მხოლოდ ისმის - ნეტა ყველას. თუ რამე კარგი და მოსაწონია ჩემში, ყვალეფერი მისი დამსახურებითა და ძალისხმევით. გულწრფელად ვამბობ, რომ საკუთარ თავსაც არ ვენდობი ისე, როგორც მას, როგორც ყველაზე კარგ ადამიანს მსოფლიოში. არა იმიტომ, რომ მას დედაჩემი ქვია, ობიექტურად, ერთი კარგი მოქალაქეა, ბევრი რომ გვყავდეს ასეთი, არაფერი ცუდი არ იარსებებდა ამ ქვეყანაზე.
ერთხელ წარმოიდგინა, მილიონი მოიგო და ამბობს, რომ ეგრევე თავის გაჭირვებულ ნათესავთან წავიდოდა. მე კი ვეკითხები, აბა დედა, ტაქსით მიდიხარ თუ ისევ გადატენილ "მარშრუტკაში" აიჭედე, ჩვენს სახლსაც (უნდა გაევლო "მარშრუტკით") ჩაუქროლე ქორივით? ან ჩვენ, შენი სამი (ობოლი) შვილი სად ვართ ამ დროს, გვიტოვებ მილიონიდან რამეს თუ უკვე სულ დაარიგე და ჩვენ ვერაფერი შეგვახვედრე-თქო. მერე ორივემ ბევრი ვიცინეთ ამ იუმორნარევ დიალოგზე. ასეთი კი უამრავი გვაქვს..
დღეს ყველაზე სევდიანი, მაგრამ ყველაზე საუკეთესო დედა იუბილარია. ვიცი, მის თვალებში ვერაფერი გააქრობს ტკივილსა და სევდას, ვერც მისი გულის ერთი სამუდამოდ ჩაბნელებული მხარე განათდება და ვერც მის უსაზღვრო მონატრებას ეშველება რამე. ვერც ამ ღიმილს დააბრუნებს ვერაფერი. უბრალოდ, მე მინდა მრავალი წელი ერთად, ჯანმრთელად და ბედნიერად..."
2016
"დღეს დაიბადა, წლების მერე მეც დამბადა. ამ სამყაროს მე რამდენად ვჭირდები არ ვიცი, მაგრამ ის რომ აუცილებლად სჭირდება და გამოადგა კიდეც, ზუსტად ვიცი. იმ იშვიათად საუკეთესოებს შორისაა, გადაშენება რომ ემუქრებათ - მასზე კარგი ადამიანი მე ჯერ არ შემხვედრია!!! ბუნებაში უკვე არსებული სიტყვებიდან ვერც ერთს ვიმეტებ მისი პიროვნებისა და მისდამი ჩემი გრძნობის სრულად გადმოსაცემად. გაგიკვირდებთ და ვიცი მეც, დედა რომ ყველასთვის საყვარელია და ამდენი საუბარი არაა საჭირო, მაგრამ მათ შორისაც ხომ არიან ზედმეტად გამორჩეულები და აღმატებულები. ის სწორედ ასეთია და იღბლიანი ვარ, რომ მან სწორედ მე ამირჩია. გარეგნულად ხომ ძალიან გვამსგავსებენ, უსიტყვოდაც გვესმის ერთმანეთის და თვალებშიც ორივეს ერთნაირად გვაქვს სევდა ჩაბუდებული, მხოლოდ ძალიან ცოტა რომ შენიშნავს ისეთი - უჩუმრისპირული. მთავარიც ის არის, რომ ჩემსა და მას შორის მაინც სულ სხვა ქიმიაა, სხვები, ჩვენი ყველაზე ახლობლებიც რომ ვერ გაიგებენ - ამას მხოლოდ ძილისწინა ფიქრებს ვუმხელთ ჩუმად, მეც და ისიც.
ადრე ხომ ის მასწავლიდა და თუ რამეა ჩემში მოსაწონი ყველაფერი მისი დამსახურებით. ახლა მე ვასწავლი ახალ მიდგომებსა თუ ციფრულ ცხოვრებას და ძალიანაც წარმატებით. მის ყოველდღიურ ლექსიკონში ძალიან ჩვეულებრივ შემოიპარა სიტვები „მესენჯერი“, „დაალაიქა“ „დააშეარა“, „დაჩექინდა“ და ა.შ. სოციალურ ქსელშიც ეცნობა სიახლეებს ჩემი ფეისბუქით - ხან რის მოწონებაზე დაეჭირება და ხან რა შემოელაივება. უნდა ვაღიარო, ძალიანაც კი მახალისებს ხოლმე მისი კომენტარები შემხვედრ პოსტებზე.
ამ ასაკშიც კი გამოუსწორებელი ოპტიმისტია და გული დასწყდა გუშინ, ლატარიის ბილეთი რომ არ ვიყიდე. ალბათ, ჩვენ უნდა მოგვეგო ის ჯეკპოტი და მაგიტომაც არ გათამაშდა. მას ეს არ გამოუვიდა, მაგრამ მთავარია, მე მოვხსნა ჯეკპოტი ცხოვრებას და მასზე ბედნიერიც არავინ იქნება ამ სამყაროში.
სამაგიეროდ, შევასრულე მისი ერთი თხოვნა წელს, დიდხანს და თან დაჟინებით რომ მთხოვდა. ამით ცოტა არ იყოს და, ვუღალატე კიდეც საკუთარ პრინციპსა და სურვილს, მაგრამ ღირდა იმ სიხარულად, რაც მან პასუხად მიიღო. ჰოდა, მინდა, მომავალი წლები ჩვენი სურვილების ასრულების წლები იყოს, მისი და ჩემი სურვილების ასრულების წლები".
2017